LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა ბაირამაშვილი: „დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან გახშირდა მტკივნეული მომენტები, სიკვდილიანობამ იმატა. ჩემს ბავშვობაში ადამიანების გარდაცვალებას რომ ვიგებდით, ემოციებისგან შოკში ვვარდებოდით…“

112
ირინა ბაირამაშვილი

მომღერალი ირინა ბაირამაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს საკუთარ ემოციურ ბუნებასთან დაკავშირებით…

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხარ?

ირინა ბაირამაშვილი:

– ძალიან ემოციური ვარ, ზედმეტად. მართალი ყოფილა, წლების მატებასთან ერთად, უფრო ემოციური ხდები. ახლა 38 წლის ვარ, 29 წლის შემდეგ ძალიან სენსიტიური და გულჩვილი გავხდი. მანამდე ფილმებზეც კი არ მეტირებოდა, მაგრამ ახლა შვილებმა უფრო ემოციური გამხადეს. მაგალითად, ჩემი შვილი რომ მღერის, მე მეტირება. მინდა, ჩემმა შვილმა სუხიშვილებში იცეკვოს. მონაცემები აქვს და თითქოს, რა არის ამაში წარმოუდგენელი და საოცნებო, მაგრამ რომ წარმოვიდგენ ხოლმე, სანი სუხიშვილების სერიოზული მოცეკვავეა და სცენაზე დგას, მე კი დარბაზიდან მის ცეკვას ვუყურებ, გული მიჩქარდება. ჩემს ქმარს ვეუბნები ხოლმე, ალბათ, დარბაზიდან სასწრაფოთი გამიყვანთ, მოსასულიერებელი გავხდები-მეთქი (იცინის). ჩემს შვილს ზეიმი აქვს დედის დღესთან დაკავშირებით, ლექსს კითხულობს დედაზე და რომ წავიკითხე ეს ლექსი, ტირილით გავსკდი (იცინის).

– მტკივნეულ მომენტებზე როგორ რეაგირებ?

– ერთი რამ დავაფიქსირე – დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან გახშირდა მტკივნეული მომენტები, სიკვდილიანობამ იმატა. ჩემს ბავშვობაში ადამიანების გარდაცვალებას რომ ვიგებდით, ემოციებისგან შოკში ვვარდებოდით. ახლა უკვე ძალიან ხშირად გვესმის, ის გარდაიცვალა, ეს გარდაიცვალა. ახლახან ჩემი მეგობარი გარდაიცვალა და რომ მეგონა, ემოციები გამანადგურებდა, თითქოს, გავშეშდი. თითქოს, შევეჩვიეთ ცუდს?! მახსოვს, ბავშვობაში მეზობელი გარდაგვეცვალა, ბებიამ, არ იმღეროთ, არ დაუკრათ, ტელევიზორი არ ჩართოთო და ასე შემდეგ, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. განა არ განვიცდი, რა თქმა უნდა, გული მტკივა, მაგრამ ეს მტკივნეული განცდები, თითქოს, ისეთი მწვავე აღარ არის. მიზეზსაც ვხვდები, ადამიანები ცუდ ამბებს მივეჩვიეთ, თითქოს, ზომბირებულები ვართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g