იშვიათი სუპერქარები ცნობილი ბრენდებისგან, რომლებიც მფლობელებს თითქმის ახალ მდგომარეობაში აქვთ შენახული, ჩვეულებრივ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ძვირდება. თუმცა McLaren Senna GTR-ის შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა: ავტომობილი, რომელიც 2020 წელს მფლობელს 1,8 მილიონი დოლარი დაუჯდა, RM Sotheby’s აუქციონზე მნიშვნელოვნად იაფად – 1,27 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ეს მაშინ, როცა სუპერქარის გარბენი მხოლოდ 256 კილომეტრს შეადგენს და ის მრავალი დამატებითი ოფციით არის აღჭურვილი.
2018 წლის დებიუტის დროს McLaren Senna GTR ითვლებოდა კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საინჟინრო პროექტად და ფორმულა 1-ის ბოლიდების გარდა ყველაზე სწრაფ ტრეკის ავტომობილად.

ტრეკის ვერსიამ მიიღო განსხვავებული შასი, საკუთარი აეროდინამიკური ელემენტები, მსუბუქი კორპუსი და განახლებული ძრავი. 4,0 ლიტრიანი V8 ძრავის სიმძლავრე 825 ცხენის ძალამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3 წამზე ნაკლებ დროში ახერხებს.

სულ დამზადდა მხოლოდ 75 ასეთი კუპე, და არცერთი მათგანი ღია გაყიდვაში არ მოხვედრილა – ყველა ავტომობილი ჯერ კიდევ პრემიერამდე გაიყიდა. აუქციონზე გამოტანილი ეგზემპლარი სერიიდან 53-ე იყო . ის შეღებილია ექსკლუზიურ ფერში Amethyst Black, რომელიც, ზოგიერთი ინფორმაციით, უნიკალურია. კორპუსი დამატებით გაფორმებულია კარბონის დეტალებით.

საინტერესოა, რომ სუპერქარების ბაზარზე ზოგჯერ საპირისპირო სიტუაციაც ხდება. მაგალითად, თითქმის ახალი Ferrari 812 Competizione A, რომელიც პირველ მფლობელს დაახლოებით 850 ათასი დოლარი დაუჯდა, აუქციონზე 2 645 000 დოლარად გაიყიდა.