ვიეტნამელმა მამაკაცმა ტაილანდიდან ინდოეთამდე მისვლა გასაბერი ნავით სცადა. ცოლს მონატრებული მოგზაური გზად თევზსაჭერი გემის ეკიპაჟმა გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს.
37 წლის ჰო ჰოანდ ჰუნგი და მისი მეუღლე ერთმანეთს რამდენიმე წლით, Covid-19-ის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა დააშორა. მარტის დასაწყისში ერთგულმა და ცოლს მონატრებულმა ქმარმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა ინდოეთში მყოფი მეუღლე ენახა. ამისათვის ჰუნგი ბანგკოკში ჩაფრინდა და ფხუკეტამდე ავტობუსით ჩავიდა. იმის გამო რომ მას ინდოეთის ვიზა არ ჰქონდა, გასაბერი ნავი, ნიჩბები შეიძინა და გზას დაადგა.
შეყვარებული მამაკაცი 2 ათასი კილომეტრის გაცურვას გეგმავდა. მოგზაურობისთვის მან ნახევარფაბრიკატები მოიმარაგა და ცოტა წყალიც წაიღო. თუმცა, რუკის ან კომპასის აღება არც უფიქრია. ჰუნგის მოგზაურობა ციკლონების სეზონს დაემთხვა, ამიტომ ძლიერი ქარის გამო 2 კვირის განმავლობაში მან მხოლოდ 80 კილომეტრის გავლა შეძლო.
საბედნიეროდ, გზააბნეული მამაკაცი ერთ-ერთი გემის ეკიპაჟმა შეამჩნია და გადაარჩინა. ამჟამად ჰუნგი ფხუკეტში იმყოფება და თუ როდის შეძლებს საყვარელი მეუღლის ხილვას რთული სათქმელია.