ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია Google-ს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი და რამდენიმე შტატის ხელისუფლება უჩივის – მას ბაზარზე მონოპოლიის მიზნით კონკურენციის შეზღუდვაში ედავებიან. იურისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიური გიგანტი ნაკლებ პასუხისმგებლობას იჩენდა ისეთი საკითხის მიმართაც, როგორიცაა კონფიდენციალურობა. იმდენად, რამდენადაც ეს თემა ქართული ბაზრისთვისაცაა აქტუალური, „ბიზნესნიუსმა“ კიბერჰიგიენის შესახებ ყურადღების კიდევ ერთხელ გამახვილება გადაწყვიტა. გადაცემის სტუმარია ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი:
– კონფიდენციალურობა ინფორმაციულ უსაფრთხოებაში ერთ-ერთი ფუნდამენტური ცნებაა. ეს ნიშნავს, რომ მონაცემებზე წვდომა მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს. მაგალითად, თუ ჩვენი საუბარი ან მიმოწერა კონფიდენციალურად ჩაითვლება, ეს გულისხმობს, რომ მასზე წვდომა მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებს უნდა ჰქონდეს, ვისაც ამის ლეგალური უფლება გააჩნიათ (ეს შეიძლება გამოიხატებოდეს პაროლით და ა.შ.).
კონფიდენციალურობა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ დღევანდელ ციფრულ სამყაროში ბიზნესისთვის არ არსებობს ინფორმაციაზე უფრო ღირებული რამ. ეს არის მისი განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი, ეს გახლავთ საბაზისო მონაცემების პირველადი ანალიტიკის, მარკეტინგის ან თვითონ პროდუქციის დასაგეგმი საშუალება – დღეს ყველაფერი მონაცემებია. მითუმეტეს მონაცემები, რომლებიც გაციფრულებულია და ადვილია დასამუშავებლად. მონაცემთა ანალიტიკოსებს ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ, მათი შემოსავალი აჭარბებს კიდეც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებისას. მართალია, ბიზნესს შეგროვებული მონაცემების გამოყენების უფლება აქვს, მაგრამ სინამდვილეში ისინი მისი საკუთრება არ არის.
ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვისას ბიზნესი პასუხისმგებლობას იღებს მონაცემთა გამცემზე. მაგალითად, თუ თქვენ გარკვეული მომსახურებისთვის გარკვეული ბარათით იხდით, მონაცემთა გარკვეულ ბაზაში ავტომატურად ხვდებით. მართალია, კომპანია გთხოვთ უფლებას, ეს მონაცემები დაამუშაოს და სარეკლამო მიზნით გამოიყენოს (მაგალითად, სოციალური ქსელები ითხოვენ ამას), მაგრამ მას არ აქვს უფლება, არ დაიცვას ეს მონაცემები. ზოგს ჰგონია, რომ პერსონალური მონაცემი მაინც და მაინც ინტიმურ დეტალებს უნდა შეიცავდეს, პერსონალური მონაცემი კი არის ყველაფერი ის, რაც თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა, მაგალითად, პირადი ნომერი, თქვენი სრული სახელი და გვარი, ერთი სიტყვით, თქვენ შესახებ ისეთი ინფორმაცია, რაც ადასტურებს, რომ თქვენ ხართ თქვენ და არა სხვა.
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში მონაცემებს ყველგან ვტოვებთ, იქნება ეს სასტუმრო ბიზნესი, ელექტრონული კომერციის საშუალებები, მოგზაურობის დაგეგმვა, ბინის ქირაობა და ა.შ. რესტორანშიც კი, სადაც ელექტრონული ბარათით ვიხდით, ჩვენი მონაცემები რჩება. დიახ, მათ შეუძლიათ მათი გამოყენება იმისთვის, რომ დაადგინონ, რამდენი ქალი და რამდენი მამაკაცი დადის მათ რესტორანში, ვინ უფრო კარგად იხდის, შვილიანი ადამიანები უფრო ხშირად სტუმრობენ რესტორანს, თუ დაუოჯახებლები. ამ ინფორმაციით ისინი შემდგომ განვითარების პერსპექტივას სახავენ, რაც კარგია, მაგრამ მონაცემი იმის შესახებ, რომ მე ვიყავი ამა თუ იმ რესტორანში ან შევედი ამა და ამ საიტზე, დაცული უნდა იყოს. კარგია, რომ ამ საკითხს ევროპულ და ამერიკულ ინსტიტუტებში, ბიზნესებში მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი არეგულირებს. საქართველო ახლოს დგას ამ კანონმდებლობასთან, ამიტომ, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად დადგება ის მომენტი, რომ ბიზნესს მხოლოდ კარგი სერვისით კი არ შევარჩევთ, არამედ იმით, რამდენად კონფიდენციალურად იცავს ის ჩვენ მიერ მათთვის მინდობილ ინფორმაციას. ერთია, რომ, ვთქვათ, რესტორანი კარგ კერძს გვთავაზობდეს, სასტუმრო – კარგ ნომერს ან გართობის კარგ საშუალებას სოციალური ქსელი, მაგრამ მეორეა, ჩვენი ინფორმაცია საჯარო და დაუცველი ხდებოდეს, რადგან შესაძლოა, ჩვენზე არსებული ინფორმაცია სხვა დანაშაულისთვის საბაზისო მონაცემი ან ჩვენი ბულინგის საფუძველი გახდეს, ან სულაც, შესაძლებელია, რომ ჩვენ მიერ ჩვენი ინტერესების შესახებ გაცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სოციალური ინჟინერიის მეთოდებით ჩვენი რაღაც დანაშაულში ჩათრევა სცადონ და მოახერხონ კიდეც.
– ბატონო ანდრო, ერთია, როდესაც რომელიმე კომპანიის სიახლეების გამომწერები ვართ, მაგრამ როდესაც მოგვდის შეტყობინებები ახალი პროდუქციის, თუ მომსახურების შესახებ ისეთი ობიექტებისგან, რომლებიც ჩვენი ინტერესის არეალში არასდროს მოხვედრილან, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, საიდან აქვთ მათ თუნდაც ჩვენი სატელეფონო ნომერი. როგორ უნდა რეგულირდებოდეს ეს საკითხი?
– როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიები პერსონალური ინფორმაციის მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებენ. ამისთვის ზოგჯერ სავსებით ლეგალურ ფორმებსაც მიმართავენ, ჩვენ ხომ ბევრ ადგილას ვტოვებთ, მაგალითად, ჩვენი ტელეფონის ნომერს, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება, რომ მონაცემებზე წვდომა არალეგალური იყოს. მოგეხსენებათ, ინტერნეტში მონცემთა არაერთი ბაზა არალეგალურადაა განთავსებული. შესაძლოა, შემდეგ მათ შლიდნენ ან მათ გამო ვიღაცას აჯარიმებდნენ კიდეც, მაგრამ რაღაც დროის განმავლობაში ისინი ხომ საფრთხის შემცველია? მაგალითად, არსებობს მობილური ტელეფონის ნომრების ბაზა, სადაც შეგყავთ ნომერი და ასე იგებთ აბონენტის სახელსა და გვარს. იდეაში ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და მისი გამჟღავნება არ შეიძლება. ამასთან, ამ ბაზას, მისი ერთხელ გამოყენების შემთხვევაშიც კი, თქვენი ტელეფონიდან საკუთარ სერვერზე ყველა თქვენი კონტაქტი გადააქვს. მართალია, ამის გამო ამ ბაზის მფლობელი დაჯარიმდა, მაგრამ სამომავლოდ ამ ქმედების შესახებ მომხმარებლების მხოლოდ გაფრთხილება დაევალა.
სამწუხაროდ, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საფრთხეებს ადამიანები სერიოზულად ჯერ კიდევ არ აღიქვამენ, რადგან ციფრული ეპოქა ეს ესაა დადგა და შესაბამისად, კარგად არ ვართ ინფორმირებულნი, რომ პერსონალური მონაცემებით შესაძლებელია, მაგალითად, ფსიქოლოგიური ტერორი – თუ მე თქვენი მონაცემებიდან მაქვს ინფორმაცია თქვენი გარკვეული მოსაზრებების ან თქვენი ინტერესების შესახებ, ბუნებრივია, უფრო მარტივია ჩემთვის, ყოველგვარი დანაშაულის გარეშე, პროდუქტი ისე დავგეგმო, რომ ის თქვენთვის მისაღები იყოს. სამწუხაროდ, ამ ხრიკს მხოლოდ ბიზნეს კომპანიები არ მიმართავენ. თუ ჰიპოთეტურად დავუშვებთ, რომ კომპანია დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდეს, მას მარტივად შეუძლია სატყუარა თქვენი ინტერესების მიხედვით დაგეგმოს და თქვენ აუცილებლად წამოეგებით მას, იმიტომ, რომ ის ზუსტად თქვენზეა მისადაგებული ან იმ ტიპის ადამიანებზე, რომელსაც თქვენ განეკუთვნებით.
– ციფრული ეპოქა ახსენეთ და, ისინი, ვინც თავიანთი საქმიანობის გაციფრულებას გადაწყვეტენ და თან თუ გაცხოველებული ონლაინ ვაჭრობის თემასაც შევეხებით, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინონ როგორც რიგითმა მომხმარებლებმა, ისე ბიზნეს კომპანიებმა?
– უპირველესად, ფეხი აუცილებლად უნდა ავუწყოთ კიბერდანაშაულის ტენდენციას. კიბერდამნაშავეები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ნაცვლად იმისა, გატეხონ თქვენი მონაცემები, რაც დაცვის სისტემების გაძლიერებიდან გამომდინარე დღეს უკვე მათემატიკურად და კიბერნეტიკულად საკმაოდ რთული ამოცანაა, ისინი მარტივად გვაყენებენ ისეთ სიტუაციაში, რომ ჩვენით გავუზიაროთ ჩვენი პაროლი. ამისთვის მათ შეიძლება ისეთ რამ შემოგთავაზონ, რაზეც უარის თქმა რთულია. ადრე ასეთი სატყუარები მემკვიდრეობის მიღებასთან, ლატარიაში გამარჯვებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ახლა, როცა მომხმარებელი გაიზარდა და კიბერთაღლითები ხვდებიან, რომ ასეთ მახეში ვეღარავის გააბამენ, სატყუარები უფრო რეალისტური გახადეს. მაგალითად, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების გვერდთან მისადაგებული ვებგვერდიდან უკავშირდებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუკი სამივე კომუნალურ გადასახადს მათ მიერ გამოგზავნილი ბმულიდან გადაიხდიდნენ, ისინი 20-25%-იან ფასდაკლებას მიიღებდნენ. სამწუხაროდ, ამ სატყუარას ბევრი წამოეგო, რადგან მსგავსი სერვისი მართლაც არსებობს, მაგალითად, შსს მძღოლებს სთავაზობს, რომ თუ ავტომობილის ჯარიმას პირველ რამდენიმე დღეში გადაიხდიან, ფასდაკლებით ისარგებლებენ. ბუნებრივია, დაისვა შეკითხვა, საიდან მოხვდა კიბერთაღლითების ხელში მონაცემთა ასეთი კონსოლიდირებული ბაზები მაშინ, როცა სამივე კომუნალური გადასახადის მაიდენტიფიცირებელი კოდი, შეიძლება ინახებოდეს, მაგალითად, ბანკში. ერთი შეხედვით, რა მოხდა, თუ ვინმე თქვენი აბონენტის ნომერს გაიგებს, მაგრამ სწორედ ამ დროს აშკარავდება, რომ პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჰგონიათ. ფიშინგს აუცილებლად უნდა ვერიდოთ. რაც შეხება ელექტრონული კომერციის საიტებს, მნიშვნელოვანია, რომ გადარიცხვები დაცული ქსელიდან განხორციელდეს და არამც და არამც საჯარო Wi-Fi-დან, რადგან მას დაცვის სათანადო სისტემა არ აქვს. მომხმარებლებს, ასევე, არ უყვართ, მაგრამ აუცილებელია მონაცემთა ბაზების ბექაფების, ე.წ. სარეზერვო ასლების შექმნა. თუ ჩვენ სარეზერვო ასლს ვქმნით, მაშინ მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლისას, მონაცემთა წაშლისას ან გამომძალველი პროგრამის მოქმედებისას, რომელიც ჩვენს მონაცემებს ბლოკავს, სწორედ ბექაფის საშუალებით შეგვიძლია ყველაფრის ისე აღდგენა, რომ კომპანიის სიცოცხლისუნარიანობა უზრუნველვყოთ.
– კიბერჰიგიენის თვალსაზრისით, როგორ შეიძლება შეფასდეს მომხმარებელთა და ბიზნეს აქტორთა ქცევები და უნარ-ჩვევები დღეს?
– დღეს ქართველი მომხმარებელი და კომერციული სექტორი გაცილებით წინ არის. მაგალითისთვის, როდესაც ადრე ფიშინგ სიმულატორს ვიყენებდით, წამოგების პროცენტი 60-70 იყო ხოლმე, ეს იმას ნიშნავს, რომ ათიდან შვიდი ადამიანი ტყუვდებოდა. წარმოიდგინეთ, კომპანიისთვის რამხელა რისკია. ამჟამად ეს რისკები ზოგიერთ სახელმწიფო უწყებაში, სადღაც, 10-15%-ია, რაც ახლოსაა ევროპულ მონაცემებთან, მაგრამ სამწუხარო რეალობა ისაა, რომ 30-35%-ი კიბერთაღლითების სატყუარას დღესაც მარტივად წამოეგება ხოლმე.
რა არის საჭირო უსაფრთხოებისთვის – პირველი, მომხმარებლის კიბერჰიგიენა, მუდმივად უნდა ჩავატაროთ ტრენინგები და განვუახლოთ მათ ცოდნა, ის უნარ-ჩვევაში რომ გადაეზარდოს და მეორე, მნიშვნელოვანია, კომპანიის ხელმძღვანელობას ზუსტად ესმოდეს კიბერუსაფრთხოების საჭიროება. გასაგებია, რომ მათ ბიუჯეტიდან ბევრი მიმართულებით დიდი გასავალი აქვთ, იქნება ეს ტექნიკური აღჭურვილობა, საწვავი, საკვები, ხელფასები და სხვა, მაგრამ ამ ჩამონათვალში უსაფრთხოება რატომღაც ყოველთვის ბოლო ადგილზე რჩება, არადა, განსაკუთრებით სტარტაპის ეტაპზე, კიბერუსაფრთხოების ინციდენტმა ბიზნესი შეიძლება სამუდამოდ დააზარალოს. მაგალითად, გაცხადებული ფიშინგ შეტევის შემდეგ კომპანიას კლიენტების, დაახლოებით, 30-35% ტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა მარტო ის კი არ არის, ვინმეს მონაცემი არ დაიკარგოს, ის ბიზნესის წარმატების გარანტიაა – კლიენტები კიბერუსაფრთხო ბიზნესებს სულ უფრო და უფრო მეტად ენდობიან.
