LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: შვილიშვილებთან ხშირი ურთიერთობა ბებია-ბაბუებს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება

115
ქირიას NEWS შაბლონი (2)

შვილიშვილებთან აქტიური კონტაქტი ხანდაზმულ ადამიანებს კოგნიტიური უნარების უფრო დიდხანს შენარჩუნებაში ეხმარება – ასეთ დასკვნამდე ფსიქოლოგები მივიდნენ. კვლევის შედეგები  ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში Psychology and Aging გამოქვეყნდა.

ნიდერლანდების ტილბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები ექვსი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ დაახლოებით 3 000 პენსიონერს, რომელთა საშუალო ასაკი 67 წელი იყო. კვლევის ფარგლებში მონაწილეებს რეგულარულად უწევდათ კითხვარების და სპეციალური ტესტების შევსება, რითაც მეხსიერებას, აზროვნების სისწრაფესა და მეტყველების უნარებს აფასებდნენ.

მიღებული მონაცემების მიხედვით, იმ ხანდაზმულებს, რომლებიც ხშირად ურთიერთობენ შვილიშვილებთან, მნიშვნელოვნად ნელა უქვეითდებათ ახალი ინფორმაციის დამახსოვრებისა და სწრაფი მეტყველების უნარი. მკვლევრების თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს არც ურთიერთობის სიხშირეს და არც მის ფორმას – დადებითი ეფექტი ფიქსირდება როგორც პირადი კონტაქტის, ისე დისტანციური კომუნიკაციის შემთხვევაში.

კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი პენსიონერის მეტყველების სისხარტე დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში თითქმის უცვლელი დარჩა, მაშინ როცა მათ თანატოლებში, რომლებსაც შვილიშვილებთან რეგულარული კონტაქტი არ ჰქონდათ, აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ 4 პროცენტით შემცირდა.

ფსიქოლოგებმა ასევე დაადგინეს, რომ ეს გავლენა ქალებში უფრო გამოხატულია, ვიდრე კაცებში. მკვლევრების განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ შვილიშვილების მოვლა და აღზრდაში მონაწილეობა უფრო ხშირად ბებიებს ეკისრებათ, რაც მათ გონებრივ და ემოციურ აქტივობას ზრდის.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სოციალური კავშირები, ემოციური ჩართულობა და ინტელექტუალური სტიმულაცია – როგორიცაა ბავშვებთან ურთიერთობა, ტვინის ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები