კომპანია Mercedes-Benz-მა მონაწილეობა მიიღო ვერტმფრენის სპეციალური ვერსიის შექმნაში – Airbus ACH145, რომელსაც Mercedes-Benz Edition ეწოდება. გერმანული პრემიუმ ბრენდის დიზაინერებმა ვერტმფრენის სამგზავრო ნაწილის ინტერიერი შექმნეს და გამოიყენეს გადაწყვეტილებები, რომლებიც Mercedes-Benz-ის ყველაზე მაღალი კლასის ავტომობილებში გვხვდება. ასეთი ვერტმფრენის ზუსტი ფასი არ სახელდება, თუმცა ზოგიერთი შეფასებით ის მინიმუმ 10 მილიონ დოლარს აღწევს.
სიახლის პრეზენტაციისთვის პარტნიორებმა გამოიყენეს Mercedes-Benz G-Class, თუმცა სამგზავრო კაბინის არქიტექტურა უფრო შტუტგარტული ბრენდის ლუქს კლასის სედანებს ჰგავს. დიზაინში გამოყენებულია მინიმალისტური მიდგომა, გლუვი ხაზების აქტიური გამოყენებით.

ვერტმფრენის ინტერიერის გაფორმება შესაძლებელია ძვირად ღირებული ტყავით, ბუნებრივი ხითა და მეტალით. გარდა კომფორტული სავარძლებისა, სალონში განთავსებულია კონსოლები ჭიქების დამჭერებით და მცირე ნივთების შესანახი ადგილები. შეთავაზებულია ექვსი ძირითადი ფერის კომბინაცია, თუმცა დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური დიზაინის შექმნაც – მაგალითად, იმავე ფერებში, როგორშიც მფლობელის ავტომობილის ან იახტის სალონია გაფორმებული.


თავად Airbus ACH145 არის Airbus-ის უახლესი მოდელი, რომელსაც შეუძლია ჰაერში 250 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება და 4 საათამდე ფრენა. ვერტმფრენი 4-დან 8 მგზავრამდეა გათვლილი.