LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია წიწილაშვილი: „არ მიფიქრია იმაზე, რომ რადგან პირველი ქორწინება, ასე ვთქვათ, უიღბლო იყო, მეორესი უნდა შემშინებოდა… მიშოსთან ძალიან დიდ კომფორტში და ბედნიერი ვარ…“

1428
ნათია წიწილაშვილი

მსახიობი ნათია წიწილაშვილი ახლახან ეკრანს დაუბრუნდა სერიალში „სიყვარულს მიღმა“. მისი გმირის გამოჩენას მაყურებელი ინტერესით შეხვდა. მეორე ოჯახისა შექმნისა და ქალიშვილის შეძენის შემდეგ, მსახიობს პაუზა ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ ეს მისგან არ იყო გამოწვეული და სამუშაოდ მალევე მზად იყო… fortuna.ge ნათია წიწილაშვილს ესაუბრა.

დავიწყოთ „სიყვარულს მიღმა“ – სერიალით, სადაც თქვენი პერსონაჟი გამოჩნდა… როგორი იყო პაუზის შემდეგ ეკრანზე კიდევ ერთხელ გამოჩენა, ისევ სერიალში, რაც თქვენთვის უცხო არ არის…

პაუზა, პირველ რიგში, პანდემიამ გამოიწვია, მარტო მე არა, თითქმის ყველა მსახიობი დარჩა პროფესიის გარეშე, თუმცა ამ პანდემიის დროს გამომიჩნდა ქართულ-ყაზახური პროექტი, ფილმი, სადაც მონაწილეობისას კვირაში ერთხელ ვიტესტებოდით. იმის თქმა მინდა, რომ პანდემიის პერიოდშიც კი მქონდა პროექტი. პანდემია რომ დასრულდა, ყველა ასე თუ ისე თავის პროფესიას დაუბრუნდა, მე კი ამ დროს მეორე შვილი გამიჩნდა და რატომღაც ინდუსტრიამ თავად გადაწყვიტა, ჩემდა უნებურად, ისე, რომ არავის უკითხავს, რომ მუშაობას ვერ შევძლებდი. თუმცა ერთხელ სერიალიდან „სიყვარულს მიღმა“ დამიკავშირდნენ, ნათია კვაშალი რა როლსაც ასრულებს, ლესბოსელის, ეს პერსონაჟი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი და მერე ძალიან ვინანე. გული მწყდებოდა…

რატომ თქვით უარი?

ოჯახური სიტუაციის გამო. სახლში ვერ დავალაგე რაღაც საკითხები, დრო ვერ გამოვათავისუფლე. მერე მივხვდი, რომ მომენდომებინა, დროის განაწილება შემეძლო და ამიტომ ვინანე. ძალიან ხარისხიანი სერიალია. ჩემი აზრით, ჩვენთან ბევრი უხარისხო სერიალი გადის, „სიყვარულს მიღმა“ კი გემოვნებიანი ნამუშევარია, ჰყავს ძალიან დიდი აუდიტორია. მოკლედ, მეორედ რომ დამიკავშირდნენ, ძალიან გამიხარდა. სიმართლე რომ გითხრათ, უკვე მაშინ ეკრანის დიდი ნოსტალგია არ მქონია. ალბათ, ოჯახზეც მეტად ვარ გადართული და ახლა უფრო ნაკლები ნოსტალგია მაქვს, ვიდრე ადრე, როცა სულ პროექტის გამოჩენას ველოდებოდი. ახლა, შენს ჭიას რომ გაახარებ, ეს მომენტი მაქვს. პროცესი მენატრება ხოლმე და ამას ვხვდები იმ დროს, როდესაც გადაღებები იწყება. სერიალის გადაღებები რომ დაიწყო, მივხვდი, რომ მაინც მომნატრებია…

თავად როლზე რომ ვისაუბროთ, თქვენი პერსონაჟი, სასიყვარულო სამკუთხედის ნაწილი გახდა. ეს შეგრძნება ახლოს ხომ არ ყოფილა როდისმე თქვენთვის ან თქვენს ახლობელ ადამიანს ხომ არ გადახდენია?

ჩემი პიროვნებისგან ეს პერსონაჟი შორს არის – ისტერიულია რაღაცნაირად. ვამართლებ იმ ნაწილში, რომ არ იცოდა, გიორგის ცოლი, ანა იმავე სამსახურში რომ მუშაობდა. მსახიობი ყოველთვის ცდილობს საკუთარი გმირის გამართლებას. მისი აფეთქება სწორედ ამან გამოიწვია, უცებ გაიგო, არადა, წესით უნდა სცოდნოდა. არც სამეგობროში მახსენდება, ან ნაცნობებთან ასეთი სიტუაცია, მაგრამ ძალიან ცხოვრებისეულია.

თქვენი მეუღლე და შვილები უყურებენ სერიალს? და რაიმე შენიშვნა თუ აქვთ?

ჩემი უფროსი ქალიშვილი თინეიჯერია, მეორე ძალიან პატარაა, 13 და 3 წლის ქალიშვილები მყავს. პრომო როცა გადიოდა, პატარამ დამინახა, მიცნო… ელოდებოდა ძალიან, როდის იქნებიო, მეკითხებოდა… ნასტიამაც რომ ნახა, მითხრა, რა ლამაზი ხარო, თუმცა თავის თინეიჯერულ ცხოვრებაშია ჩართული. ახლა ვაჩვენე და მითხრა, ვაუ… ეს იყო შეფასება (იღიმის).

მეუღლე, მიშო ლეჟავა, გადატვირთული გრაფიკის გამო, ნაკლებად უყურებს სერიალებს. როცა სოციალურ ქსელში პრომოს გადააწყდება, ზოგჯერ გამეხუმრება ხოლმე, რა არის, ნათია, უკეთესად არ შეგეძლოო? მემაიმუნება…

თავად რა პროფესიის არის?

არქიტექტორია. ჩემი სფეროსგან შორს არის. ასე რომ იწყებს ხუმრობებს, მე ვითომ მწყინს ხოლმე და მერე მეუბნება, ვიხუმრე და ძალიან კარგიაო.

თქვენი პირველი ურთიერთობა კოლეგასთან, მსახიობ გიორგი კალანდაძესთან, რომელთანაც უფროსი ქალიშვილი გყავთ, წლების წინ დასრულდა. მეორე ქორწინებაზე ბევრი იფიქრეთ, თუ ადვილად გადაწყვიტეთ?

მიშოსთან ძალიან დიდ კომფორტში ვარ. შემხვდა ისეთი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე მიდგას მხარში. ამით ბედნიერი ვარ… ვერც წარმომიდგენია, რომ სხვანაირი ადამიანი ყოფილიყო.

ჩემი და გიორგის ურთიერთობის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი იყო გასული, როცა მიშო შემხვდა.

მიშო მერე გაიცანით?

დიახ. როცა ურთიერთობა დავიწყეთ, ეგრევე არ გადაგვიწყვეტია ქორწინება, რამდენიმე წელი ისე ვიყავით, მერე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. სხვათა შორის, არ მიფიქრია იმაზე, რომ რადგან პირველი ქორწინება, ასე ვთქვათ, უიღბლო იყო, მეორესი უნდა შემშინებოდა. პირველ ქორწინებაში რთული და ტოქსიკური ურთიერთობა არ მქონია. აქედან გამომდინარე, არც შემშინებია.

რა გამოცდილება მიიღეთ პირველი ქორწინების პერიოდში, რაც მეორე ქორწინებისას გაითვალისწინეთ და გამოგადგათ?

სიმართლე რომ გითხრა, მეც და გიორგიც ძალიან პატარები ვიყავით, ბევრი რამ არც მახსოვს, როგორ და რა იყო. მივხვდი იმას, რომ უნდა გაითვალისწინო მეორე ადამიანის სურვილები, უნდა ისწავლო დათმობა, მე ზოგადად, ძალიან ჯიუტი ვარ და ეს ფაქტორიც, ალბათ, იყო ჩემი და გიორგის ურთიერთობაში, გიორგიც, როგორც მახსოვს, ჯიუტი იყო. სავარაუდოდ, დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იქნებოდა. მივხვდი, რომ რაღაცები უნდა გაატარო, გაითვალისწინო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ უნდა შეეჯახო და იკამათო.

დედობაც ხომ არ არის განსხვავებული?

რადიკალურად განსხვავებულია. ისევ იმას ვიტყვი, ნასტია რომ დაიბადა, 22 წლის ვიყავი, მაგრამ ეს 22 არ უდრის დღევანდელი 22 წლის გოგონებს… მაშინ უფრო ბავშვური ვიყავი. დედობა ინსტინქტის დონეზე უფრო მქონდა, ვიდრე იმის გააზრება, რომ დედა ვარ და შვილი მყავს. რა თქმა უნდა, ვიაზრებდი, მაგრამ სულ სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა – მე და ნასტია ერთად გავიზარდეთ, უფრო მეგობრები ვართ, ვიდრე – დედა-შვილი, მაგრამ ის დედობრივი გრძნობა, რომ მშობელი ხარ, ლივიზე უფრო განვიცადე. გააზრებულ ასაკში სხვანაირად აზროვნებ და სხვა დამოკიდებულებით ხარ, სხვანაირად ესაუბრები, უხსნი და ეთამაშები… ფასეულობებიც, მგონი, გეცვლება, აქედან გამომდინარე, შენც სხვა ხარ ბავშვთან დამოკიდებულებაში.

ქალიშვილმა გითხრათ, რომ ეკრანზე ძალიან ლამაზი ხართ. მაყურებელიც ასე მიიჩნევს. რამდენი წლის ხართ და როგორ ახერხებთ მუდმივად ფორმის შენარჩუნებას?

35 წლის ვარ… არავითარი საიდუმლო არ არსებობს, გენეტიკურია მხოლოდ. სხვათა შორის, ეს კომენტარები გარეგნობასთან დაკავშირებით ცოტა გულს მწყვეტს, უფრო მეტად მინდა, რომ პროფესიული შეფასებებიც წავიკითხო და მოვისმინო, რა თქმა უნდა, არის ბევრი კომპლიმენტი შესრულებასთან დაკავშირებითაც, რომ ამ პერსონაჟს კარგად ვასრულებ.

მაქვს ჩვეულებრივი სახის მოვლის რუტინა. არ დავდივარ ჯიმში სავარჯიშოდ, თუმცა სხვათა შორის, ახლა ცოტა წონაში მაქვს მომატებული. ველოდები კარგ ამინდებს, ამინდი მაძლევს უფრო მეტ მოტივაციას, რომ მივხედო სხეულს და ვივარჯიშო…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

magti 5g