LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატუკა გულისაშვილის ტრაგედიებით სავსე ცხოვრება: „ძალიან მძიმეა, როდესაც ოჯახი გენგრევა. სამი წლის შვილთან ერთად მარტო დავრჩი. ეტყობა, მამამ ნაადრევად წასვლით, მამაკაცების გარეშე ცხოვრება მასწავლა…“

175
ნატუკა გულისაშვილი

რთული პერიოდების, ჩავარდნების, ტრაგედიების თუ განსაცდელების გარეშე ცხოვრება არ არსებობს. კარგია თუ ცუდი, ეს ასეა და ყველა თავისებურად ცდილობს, ამ ყველაფერთან გამკლავების გზებს მიაკვლიოს.

ამ თემაზე ჟურნალ „თბილისელებს“ მსახიობი ნატუკა გულისაშვილი ესაუბრება.

„როდესაც მამა გარდაიცვალა, 10 წლის ვიყავი. მაშინ ჩემი ცხოვრება ამოტრიალდა. მამა იყო ჩვენი ოჯახის მამოძრავებელი ძალა და მაშინ მივხვდით, რომ ყველას როლი შეიცვალა. მანამდე მამა ზღაპრულად გვაცხოვრებდა ჩვენი ოჯახის ქალბატონებს, უცებ ეს შეწყდა და მამაკაცის როლი ქალებმა შევითავსეთ. 10 წლის ასაკში ძალიან დიდი დატვირთვა ავიღე ჩემს თავზე. აღარ ვიყავი განებივრებული პატარა გოგონა, უცებ ძალიან დიდი ადამიანი გავხდი, ბავშვობას ავტომატურად დავემშვიდობე. ამ ამბავმა ძალიან გამაძლიერა, ამას მერე და მერე უფრო მივხვდი.

რთული პერიოდები ამით არ დასრულებულა. ძალიან მძიმეა, როდესაც ოჯახი გენგრევა. სამი წლის შვილთან ერთად მარტო დავრჩი. ეტყობა, მამამ ნაადრევად წასვლით, მამაკაცების გარეშე ცხოვრება მასწავლა. ათი წლის ასაკში ძალიან ძლიერ ქალად მაქცია და მივხვდი, როცა ღმერთი ორ ხელსა და ორ ფეხს, ჯანმრთელობასა და შრომის უნარს გაძლევს, ყველაფერს შეძლებ.

იყო პერიოდი, როცა ჩემს ცხოვრებაში აღარ იყო თეატრი, ტელევიზიიდანაც გამოგვიშვეს, ძალიან ცუდი დრო იყო. იმ დროიდან ერთი მომენტი მახსოვს ძალიან მძაფრად: დილით მზე ამოვიდა, მაგრამ მე არ გამიხარდა. კედლისკენ გადავბრუნდი და თავზე საბანი გადავიფარე. კედელს ვუყურებდი და მასზე ყველაფერი ცუდი მეხატებოდა. ძალიან არ მომეწონა ეს მდგომარეობა. არ მიყვარს სიტყვა დეპრესია, მაგრამ რეალურად ამ მდგომარეობას ასე ჰქვია. ვიგრძენი, რომ დავსუსტდი, ჩემს თავს ვეღარ ვმართავდი. არ შეიძლება, ასეთ მდგომარეობას ჩაჰყვე. ამქვეყნად მხოლოდ შენ არ ხარ. მარტო რომ იყო, თუ ამდენად არ გიყვარს საკუთარი თავი, შეგიძლია, საბანი გადაიფარო და კედლისკენ გადატრიალდე, მაგრამ როცა შენ გარშემო შენი საყვარელი ადამიანები არიან, ასე არ უნდა მოიქცე. შეიძლება, ვინმემ თქვას, რა ადვილად ლაპარაკობს, ასე მარტივი არ არისო, მაგრამ ყველას თავისებური ფსიქიკა აქვს. ვიღაცას შეუძლია, ამ მდგომარეობიდან თვითონ გამოვიდეს, ვიღაცას არ შეუძლია, ამიტომ აუცილებლად დროულად უნდა მიმართოს სპეციალისტს. მე იმ თაობიდან ვარ, როცა ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან მისვლა სამარცხვინოდ მიაჩნდათ. ჩემს ახალგაზრდობაში, გეტყოდნენ: ოჰ, რა გჭირს სამაგისო, თვითონ გამოხვალ მდგომარეობიდანო. არადა, ეს ყველას არ შეუძლია. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ფსიქიატრის, ფსიქოლოგის თუ ნევროპათოლოგის დახმარების მიღება დღეს სირცხვილად აღარ ითვლება. მადლობა უფალს, ჩემში არის რაღაც ძალა, რომელმაც ამ მდგომარეობასთან დამოუკიდებლად გამკლავების საშუალება მომცა. კიდევ ვამბობ, 10 წლის ასაკში ჩემს გონებასა თუ ფსიქიკაში დიდი გარდატეხა მოხდა. ის ჩემთვის იმხელა ტრავმა იყო, ვამბობდი ხოლმე, ამის შემდეგ რას ვერ უნდა გავუძლო-მეთქი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები