ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ გინეკოლოგი, ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი, გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების არჩეული ექსპერტი – ირაკლი თოდუა სტუმრობდა, რომელმაც მიომებზე, საშვილოსნოს სხვადასხვა პათოლოგიებზე, მათი დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.
ბატონო ირაკლი, რა განსხვავებაა მიომასა და პოლიპს შორის, რამ შეიძლება შეუწყოს ხელი მათ წარმოქმნას?
მიომა და პოლიპი აბსოლუტურად სხვადასხვა პათოლოგია, სხვადასხვა წარმონაქმნია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე საშვილოსნოს პათოლოგიაა, ისინი სხვადასხვა ქსოვილისგან, სხვადასხვა ადგილებში ჩნდებიან. როგორც წესი, პოლიპი ლორწოვანი გარსის წარმონაქმნია, მიომა კი უმეტეს წილად კუნთოვანი შრიდან წამოსული წარმონაქმნია. ამ ორი პრობლემის მიმდინარეობაც აბსოლუტურად სხვადასხვანაირია. მათ მხოლოდ ის აკავშირებთ, რომ ისინი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქალთა პათოლოგიები არიან, ეს ორი პრობლემა პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად გვხვდება.
მიომის თუ პოლიპის არსებობის შემთხვევაში, რა დროს ხდება პრობლემაზე დაკვირვება და რა დროს არის აუცილებელი ქირურგიული ჩარევა და მათი მოშორება?
ამ ორი პრობლემის დროს მიდგომა სხვადასხვანაირია.
დავიწყოთ იქიდან, რომ მიომა საკმაოდ ხშირი პრობლემაა, ბოლო მონაცემებით, ის დაახლოებით 35%-ში გვხვდება, რაც საკმაოდ ბევრია. შეიძლება, ყოველ მესამე ქალს აღმოვუჩინოთ მიომა, ცხოვრების რაღაც ეტაპზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ქალი, რომელთანაც მიომა აღმოჩნდება, ქირურგიული პაციენტი იქნება ან მკურნალობა დასჭირდება. მიომების უმეტესობა ასიმპტომურია და პაციენტს არ აწუხებს. ოპერაციებს შემთხვევების, დაახლოებით, 5%-ში ვაკეთებთ. მიომა ეს არ არის დიაგნოზი, რომელიც აუცილებლად ქირურგიას საჭიროებს.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი, რადგან მიომა ძალიან ზოგადი ცნებაა. შეიძლება, მიომა იყოს რამდენიმე მილიმეტრის და შეიძლება, იწონიდეს რამდენიმე კილოგრამს და იწვევდეს მუცლის დეფორმაციას, მთლიანად ჰქონდეს დაკავებული მუცლის ღრუ, ანუ ერთ შემთხვევაში, მიომა ფაქტობრივად შეუმჩნეველი წარმონაქმნია და მას შემთხვევით თუ აღმოვაჩენთ ექოსკოპიაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, ეს არის წარმონაქმნი, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შესაბამისად, ჩვენ კარგად უნდა განვასხვაოთ სიტუაცია. მნიშვნელოვანია მიომის მდებარეობა, განლაგება, ზედაპირულია, „ფეხზეა“ თუ ა.შ. ფეხზე გარედან მიმაგრებული მიომები იშვიათად იძლევიან რაიმე სიმპტომს, თუ ძალიან არ გაიზარდნენ. შეიძლება, მიომა თვითონ საშვილოსნოს კუნთოვანი შრის სიღრმეში იყოს, იზრდებოდეს ღრუსკენ და დენებს იწვევდეს. შეიძლება, მიომა ღრუში იყოს ჩაზრდილი, იყოს მცირე ზომის, მაგრამ დენების ძლიერ სიმპტომატიკას იძლეოდეს, ჭარბი მენსტრუაციის სახით. შეიძლება, მიომა ძალიან დიდი იყოს, თუმცა არ იწვევდეს დენას, მაგრამ მენჯის ღრუში აწვებოდეს რამე სხვა ორგანოს, რაიმე სისხლძარღვს, ნერვს და ტკივილს, რამე ორგანოს დისფუნქციას იწვევდეს. შესაბამისად, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია და არ არსებობს მკურნალობის მხოლოდ ერთი სქემა. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.
სხვათა შორის, მიომა, მიოფიბრომა, ფიბრომა – ეს სინონიმებია, განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ რა ქსოვილისგან შედგება ის.
პოლიპი – ეს უკვე სულ სხვა ბუნების, ლორწოვანი გარსის წარმონაქმნია. ის, როგორც წესი, საშვილოსნოს ღრუში ან ყელის არხში, ლორწოვან გარსზე იზრდება. შეიძლება, პოლიპი ზოგჯერ გამოდიოდეს საშვილოსნოს ღრუდან ან ყელის არხიდან, იყოს გარეთ გამოსული, მაგრამ ის ფეხით მაინც ლორწოვან გარსზეა მიმაგრებული. პოლიპი საკმაოდ ხშირად, დაახლოებით, 15% შემთხვევაში გვხვდება. ის შეიძლება იყოს აბსოლუტურად ასიმპტომური და ვერ ვგრძნობდეთ მის არსებობას. შეიძლება, განსხვავებული იყოს პოლიპის ზომებიც, იყოს რამდენიმე მილიმეტრი ან რამდენიმე სანტიმეტრი, შეიძლება, იყოს საკმაოდ დიდი წარმონაქმნი, რომელიც საშვილოსნოს ღრუში არც ეტევა. პოლიპს სხვადასხვა სტრუქტურა აქვს. ის სხვადასხვა მიზეზით ჩნდება, პოლიპი შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკულმა ანთებებმა, ჰორმონალურმა დისბალანსმა, ასევე ეს შეიძლება იყოს კიბოს წინა მდგომარეობები, როცა ლორწოვან გარსში არაკონტროლირებადი ზრდა მიდის, ამ შემთხვევაში, პოლიპი ასეთი ცვლილებების წინამორბედია. ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტის ცოდნა, თუ რა ხდება ორგანიზმში, თუ როგორ გაჩნდა ის ორგანიზმში, არის ძალიან პატარა წარმონაქმნი და ძალიან ახალგაზრდა ქალბატონს გაუჩნდა, რომელსაც არაფერი აწუხებს თუ ეს არის წარმონაქმნი, რომელიც პაციენტს მენოპაუზისას გაუჩნდა.
რომელი უფრო საშიშია, მიომა თუ პოლიპი, უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, რომელს უფრო აქვს უნარი, რომ გარდაიქმნას და ონკოლოგიური პრობლემებისკენ წავიდეს?
ამ შემთხვევაში, მიომის გადაგვარება, საბედნიეროდ, საკმაოდ იშვიათია. მიომის გაავთვისებიანობა ხდება, მაგრამ ძალიან იშვიათად. მიომა შეიძლება გადაიზარდოს სარკომაში, რაც ძალიან რთული პრობლემაა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია.
პოლიპი უფრო მაღალ რისკთან არის დაკავშირებული, თუმცა აქაც არ არის მაღალი ციფრები. პოლიპში უკვე ჩამოყალიბებული სიმსივნე 0.5%-ში შეიძლება, რომ ვიპოვოთ, ანუ ეს არ არის ძალიან მაღალი სტატისტიკა.
რა არის მიომების და პოლიპების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი და როდის არის კვლევის ჩასატარებლად საუკეთესო დრო?
დიაგნოსტიკა კომპლექსური ცნებაა, აქ არ არის მხოლოდ ერთი მეთოდი, ეს არის მეთოდთა კრებული. დიაგნოზის დასმა იწყება პაციენტის გამოკითხვით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკური სურათის ცოდნას, ჩვენ ვარკვევთ, თუ რას უჩივის პაციენტი, როდის, რა მომენტში, როგორ აწუხებს ეს ყველაფერი. არსებობს დიაგნოსტირების ძალიან ეფექტური მეთოდები, მაგალითად, ექოსკოპია, რომელიც დღესდღეობით ძალიან კარგად ხედავს საშვილოსნოში არსებულ ყველა წარმონაქმნს. მას ძალიან კარგად შეუძლია დაინახოს მიომა, აღწეროს მისი ზომა, ფორმა, განლაგება. ის, ასევე, ბრწყინვალედ ხედავს პოლიპებს. რაც შეეხება კვლევის ჩატარებისთვის საუკეთესო დროს, პოლიპი კარგად რომ ვნახოთ ექოსკოპიით, ახალი დამთავრებული უნდა იყოს მენსტრუაცია და ლორწოვანი გარსი თხელი უნდა იყოს.
საჭიროების შემთხვევაში, არსებობს დამატებითი კვლევებიც, მაგალითად, ჩვენს არსენალში არის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რომელიც გარკვეული დამატებითი დეტალების კიდევ უფრო კარგად დანახვაში და შეფასებაში გვეხმარება. აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი ზომის მიომას ულტრაბგერა ვერ ერევა ხოლმე, ვერ ახერხებს ამ დიდი წარმონაქმნის აღწერას, რა დროსაც მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ძალიან გვეხმარება.
ქალბატონები სხვადასხვა ფორუმებზე აღნიშნავენ, რომ რადიოლოგიური კვლევით ვერ მოხდა პოლიპების აღმოჩენა, მაგრამ ჰისტეროსკოპიის შედეგად მრავლობითი პოლიპი აღმოჩნდა. რამდენად შესაძლებელია ასეთი რამ და რა არის ამის მიზეზი?
დიახ, ასეთი რამ შესაძლებელია და ამ ყველაფერს ბევრი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. დავიწყოთ იმით, რომ არცერთი რადიოლოგიური კვლევა 100%-იანი სიზუსტის არ არის. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა პერიოდი გავიდა ექოსკოპიის გაკეთებიდან ჰისტეროსკოპიის ჩატარებამდე, რადგან სავსებით შესაძლებელია, პოლიპი 2 თვეში გაჩნდეს, ანუ შესაძლოა, რომ ექოსკოპიის ჩატარების მომენტში პრობლემა არ ყოფილიყო და შემდეგ ეჩინა თავი. ასევე, შესაძლებელია, რომ ექოსკოპია არ იყო გაკეთებული სათანადო პერიოდში, რომ პოლიპი ლორწოვანი გარსის სისქეში იმალებოდა და არ იყო კარგი ხედვა.
ვის აქვთ პოლიპების და მიომების განვითარების უფრო მეტი რისკი, ვინ შეიძლება, რომ რისკ ჯგუფში მოვიაზროთ?
რაც შეეხება მიომას, მისი ჩამოყალიბების მიზეზი დამტკიცებული ჯერ არ არის, სამედიცინო სამყარო ჯერ კიდევ ეძებს ზუსტ მიზეზს, თუმცა ჩვენ ვიცით ფაქტორები, რომლებიც ამ ყველაფერს ხელს უწყობს, ეს არის – სიმსუქნე, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჰორმონალური პრობლემები, გენეტიკური ფაქტორები.
პოლიპი ჩნდება, როდესაც ჩვენ გვაქვს ჰორმონალური დისბალანსი, სტრესული გარემო, ჭარბი წონა, ის ასევე დაკავშირებულია ანთებებთან, გადატანილ საშვილოსნოს ოპერაციებთან, საკეისროსთან და ა.შ. ასეთ შემთხვევებში, პოლიპი უფრო ხშირად ჩნდება.
რის მიხედვით წყდება, თუ როდის, რა სახის ქირურგიული ჩარევაა საჭირო ამა თუ იმ წარმონაქმნის დროს?
თუ პოლიპის ქირურგიულად მკურნალობის საჭიროებაა, ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ჰისტეროსკოპია ოქროს სტანდარტია. ჰისტეროსკოპია ეს არის ენდოსკოპიური ოპერაცია, ანუ ჩვენ ამ ოპერაციას ვაწარმოებთ სპეციალური ოპტიკური სისტემის მეშვეობით, რომელიც ბუნებრივი გზით შეგვყავს ორგანიზმში, აქ არ ხდება გაჭრა, გაკვეთა, ის ყელის არხიდან შედის საშვილოსნოს ღრუში და გვაძლევს გამოსახულებას ეკრანზე, ანუ ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საშვილოსნოში, ვიზუალურად ვუყურებთ ამ ყველაფერს. ეს ინსტრუმენტი გვაძლევს საშუალებას პოლიპი მოვხსნათ, მოვკვეთოთ. როგორც წესი, ეს ძალიან ხანმოკლე ოპერაციაა, დაახლოებით, 10-15 წუთი გრძელდება. ოპერაცია უმსუბუქესი ანესთეზიით ტარდება. როგორც წესი, პაციენტი იმ დღესვე ტოვებს კლინიკას. მათ ოპერაციის შემდეგ დიდი დისკომფორტი არ აღენიშნებათ. პოლიპის ქირურგიული მკურნალობა, როგორც წესი, საკმაოდ მარტივი პროცედურაა.
რაც შეეხება მიომას, ეს უფრო რთული საკითხია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიომას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვანაირი განლაგება. მიომებში შეიძლება გამოვიყენოთ ჰისტეროსკოპია, თუ მიომა ღრუშია ჩაზრდილი და მოვახდინოთ მათი რეზექცია, დანაწევრება, რაც საკმაოდ მარტივია, თუმცა არსებობს ისეთი მიომებიც, რომელთა ამოსაკვეთადაც უკვე სხვა მეთოდებია საჭირო. ასეთ შემთხვევებში კი, უმეტესწილად ლაპაროსკოპიას ვიყენებთ. ჩვენ ძალიან „გვიყვარს“ ლაპაროსკოპია, რადგან ეს არის თანამედროვე, დამზოგველი მეთოდი. თუ მიომის ლაპაროსკოპიულად ამოკვეთა შესაძლებელია, ჩვენ აუცილებლად ამ მეთოდს ვიყენებთ, რადგან ის ოქროს სტანდარტად ითვლება.
არსებობს ისეთი მიომებიც, რომელთა ლაპაროსკოპიით მკურნალობაც, მათი განლაგების, ზომის, სიდიდის გამო, შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, უკვე ღია ქირურგიით გვიწევს მათი მოშორება.
ხშირად გვესმის ასეთი კითხვა – „შესაძლებელია თუ არა საშვილოსნოს შენარჩუნება?“. რა საკვირველია, უმეტეს შემთხვევაში ეს შესაძლებელია. როცა არის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც აქვს დიდი ზომის მიომები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება საშვილოსნოს შენარჩუნება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამაზე მიდის საუბარი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შევინარჩუნოთ საშვილოსნო, როცა ის შესანარჩუნებელია. არის ისეთი სიტუაციებიც, როცა ისეთი რაოდენობით, განლაგებით არის განვითარებული ეს მიომები, რომ თითქმის შეუძლებელი ხდება საშვილოსნოს შენარჩუნება, თუმცა ეს ძალიან იშვიათად. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ საშვილოსნო და შევინარჩუნოთ მისი ფუნქცია – შვილოსნობა.
მიომების და პოლიპების გარდა, საშვილოსნოს რომელი პათოლოგიებია ყველაზე გავრცელებული, ყველაზე ხშირად რა პრობლემებით მოგმართავენ?
ასეთია, მაგალითად, ყელის დისპლაზია, როდესაც ყელის გადაგვარების პრობლემებია. ის არ მოითხოვს დიდ ქირურგიას, როგორც წესი, პატარა ოპერაცია ტარდება. აუცილებლად აღსანიშნავია, საკვერცხის კისტებიც, მათ შორის, ენდომეტრიოზი, ენდომეტრიული კისტები, რაც ძალიან დიდი, გავრცელებული პათოლოგიაა. კიდევ ერთი დიდი პრობლემაა გენიტალური პროლაფსი, საშვილოსნოს დაწევა. უნდა ვახსენოთ ონკოლოგიური პათოლოგიებიც. ჩვენს ცენტრში ხშირად ვმუშაობთ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა საშვილოსნოს ტანის სიმსივნე, ყელის სიმსივნე, საკვერცხის სიმსივნე.
თანამედროვე მიდგომების მიხედვით, თუ არის რაიმე სიახლეები ოპერაციების დაგეგმვის, პოსტოპერაციული პერიოდის მართვის და ა.შ. განხრით?
ზოგადად, თვითონ მედიცინის პროგრესი იმისკენ არის მიმართული, რომ მკურნალობა, ოპერაცია რაც შეიძლება დამზოგველი გახდეს ან საერთოდ არ გახდეს ოპერაცია საჭირო.
მე იმ ექიმების თაობას მივეკუთვნები, ვინც მომსწრეა, თუ როგორ შემოვიდა ლაპაროსკოპია გინეკოლოგიაში, ანუ მე მინახავს, როგორი იყო მუშაობა ლაპაროსკოპიის გარეშე და როგორია მას შემდეგ. ლაპაროსკოპიის შემოსვლა მთელი რევოლუცია იყო. მაგალითისთვის, დღესდღეობით, საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ, შეგვიძლია, რომ პაციენტი 2 დღეში სახლში გავუშვათ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სხვაობას იძლევა ქირურგიულ ოპერაციასთან შედარებით.
თუნდაც მიომების შემთხვევაში, დღესდღეობით, არის მეთოდები, როცა საერთოდ არ ვაკეთებთ ოპერაციას, მაშინ როცა მიომა საოპერაციო და ამოსაღებია, რადგან შესაძლებელია, მათი დაშლა, რადგან არსებობს მეთოდები, როცა ჩვენ ვიყენებთ მაღალი სიხშირის დენს და ფაქტობრივად არ ვაკეთებთ განაკვეთს. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტური მეთოდი არ არის და ყველა სიტუაციაში ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ აქტიურად ვიყენებთ პაციენტების გარკვეულ ნაწილთან, რომელთაც ჩვენ ადრე ოპერაციას გავუკეთებდით, ანუ ახლა ისინი შეიძლება, გადარჩნენ ოპერაციას და ზემოთ აღნიშნული მეთოდით მიიღონ ის შედეგი, რომ მიომა გაქრეს. ალბათ, გარკვეული წლების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი პროგრესი გვექნება და კიდევ უფრო ნაკლებად გავაკეთებთ ოპერაციებს.