LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისთვის დატოვა ვიკა კალანდიამ კომფორტის ზონა და საქართველო: „საკუთარ თავში აღმოვაჩინე ის, რომ უფრო მეტი ძალა მქონია და შემძლებია მიზნისკენ ნაბიჯების გადადგმა…“

112
ვიკა კალანდია

მსახიობ ვიკა კალანდიასთან ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო, გამოწვევებით სავსე – სწავლობს ნიუ იორკში. Terry Knickerbocker film studio-ში ის თავის პროფესიაში კიდევ უფრო მეტ განვითარებასა და საინტერესო სიახლეებს ეძებს, ყოველდღიურად შეიმეცნებს რაღაც ახალსა და განსაკუთრებულს ქალაქში, რომელმაც, მისი თქმით, ხელგაშლილმა მიიღო და შეიყვარა…

ვიკა, ამერიკაში გამგზავრების მიზეზზე ვისაუბროთ, რომელიც თქვენს სფეროში განათლების მიღებას უკავშირდება…

ვფიქრობ, როცა კომფორტის ზონა გაქვს და სტაბილური შემოსავალი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მე კი ყოველთვის რაღაც ჯადოსნურს ვეძებ, ეს საჭიროა მოტივაციისთვის, საკუთარი თავის გამოწვევა კი ყველაზე საინტერესოა. თითქოს რაღაცამ მიკარნახა, რომ დროა, დავტოვო ჩემი კომფორტის ზონა და ვცადო სიახლე. რთული იყო? კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი ხიბლიც აქ არის – მთელი მსოფლიოდან არიან შეკრებილები ნიჭიერი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ინდივიდები, რომლებიც ეძებენ იმ ნაპერწკალს, რასაც მე და რისთვისაც ყველა ჩვენგანი აქ ჩამოვიდა…

როგორია პოპულარული ადამიანისთვის ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მას ვერ ცნობენ ისე, როგორც სამშობლოში და ეს შეგრძნება თუ გენატრებათ?

თავიდან არის ბევრი შიში – ჩადიხარ უცხო ქვეყანაში, თითქოს პატარა გოგო ხარ, არავინ გიცნობს. არსებობს გამონათქვამი, კონკრეტული ქალაქი მიგიღებს ან არაო, ნიუ იორკმა კი ხელგაშლილმა მიმიღო, შემიყვარა და მეც შევიყვარე. აქ ყოველი დღე არის თავგადასავალი, ყოველი დღე არის კინოს გადაღებასავით. ეს არის პროფესია, რომელიც გააზრებულად ავირჩიე და ყველაზე მეტად ამ საქმის კეთება მაბედნიერებს, შესაბამისად, არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს.

რა არის უმთავრესი, რაც განასხვავებს სასწავლო პროცესს ქართულისგან?

Terry Knickerbocker film studio-ში ვსწავლობ მაიზნერის მეთოდით, რომელიც ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. ეს არის უნიკალური, ძალიან განსხვავებული, საოცრად თანამედროვე მიდგომა, რომელიც ახლებურ გამოწვევებს პასუხობს. გვასწავლიან ბრწყინვალე პროფესორები. მაგალითად, ერთ -მასტერკლასი ძალიან ცნობილმა ,ჰოლივუდის ოსკაროსანმა მსახიობმა, სემ როკველმა ჩაგვიტარა.

როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრების წესი მას შემდეგ, რაც აშშ-ში მოგიწიათ გამგზავრებამ?

ყოველმხრივ ძალიან დადებითად. ვცდილობ, გავეცნო აქაურ კულტურას. დავდივარ მუზეუმებში, ფეხით ბევრს ვსეირნობ ნიუ იორკის ქუჩებში, ცენტრალ პარკში ვმეცადინეობ, მაქვს 5 ან 6-საათიანი ძალიან საინტერესო ლექციები სკოლაში, შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები. მოხიბლული ვარ აქაურობით და ზოგადად, ვფიქრობ, რომ ნიუ იორკი არის ადგილი, სადაც რეალურად გიწევს საკუთარი თავის გამოცდა.

არის თუ არა თვისებები, რაც აღმოაჩინეთ საკუთარ თავში მას შემდეგ, რაც სწავლა სხვა ქვეყანაში დაიწყეთ?

საკუთარ თავში აღმოვაჩინე ის, რომ უფრო მეტი ძალა მქონია და შემძლებია მიზნისკენ ნაბიჯების გადადგმა, არ ვყოფილვარ ის ადამიანი, რომელიც იჯდება და დაელოდება, მოხდეს ის, რაზეც ოცნებობს. არ მეგონა, თუ ასეთი შრომისმოყვარე ვიყავი, ეს იყო აღმოჩენა…

თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრებო როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრია. სხვადასხვა რჩევას მაძლევდნენ, მეტად ხომ არ დავფიქრდებოდი, დადებით მხარეებს და შესაძლო საფრთხეებს მაცნობდნენ, მაგრამ რეალურად, როცა გადაწყვეტილება მივიღე, ყველამ მოიწონა, ეს ცხადია, ძალიან მაძლიერებს. ვერ გეტყვით, რომ მხოლოდ ოცნებებს გამოვეკიდე. ძალიან გააზრებულად, მომწიფებულად ჩამოვედი ზუსტად იმ დროს, როცა საჭირო იყო. ძალიან მინდა თავბრუდამხვევი წარმატება და კარიერა, რისთვისაც ძალას არ დავიშურებ, მაგრამ რაც არის, მოცემული მდგომარეობაც კი, ძალიან მაკმაყოფილებს. საუბარს რომ დავასრულებთ, მივდივარ სცენარის წასაკითხად ჩემს პარტნიორ მსახიობთან ერთად, გვაქვს პირველი რეპეტიცია.

რა არის თქვენი საბოლოო მიზანი?

დიდი ფანტაზიის უნარი მაქვს და სად არ წარმოვიდგენ ხოლმე საკუთარ თავს, მთავარი მიზანი კი არის ის, რომ ვაკეთო ჩემი საქმე.,..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g