LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გახდა ციცინო ზივზივაძე ყველაზე ცნობილი გიდი და რატომ გადაწყვიტა მან საერო მონაზვნობა: „ღმერთმა ქარიზმა მომცა, რაც ამ საქმეს სჭირდება, ყველაფერი მისი ნებით ხდება, თორემ რა განსაკუთრებული გიდი მე ვარ?“

205
ციცინო

ცნობილ გიდს, ციცინო ზივზივაძეს, რომელიც მცხეთაში ჩასულ ტურისტებს ხვდება, ჟურნალი „თბილისელები“ ესაუბრა.

– მხოლოდ საქართველოში კი არა, უცხოელ ტურისტებშიც გაითქვით სახელი. ვიცი, რომ ბევრი უცხოელი მოდის და ითხოვს, თქვენ იყოთ მისი გიდი.

– მართალია. გინდ – რუსულენოვნები და გინდაც – ინგლისურენოვნები. მე არსად მისწავლია ინგლისური ენა, ეს სვეტიცხოველში, ტურისტებთან ურთიერთობაში ვისწავლე. არც რუსული ვიცი კარგად, ქართული აქცენტით ვსაუბრობ. თავიდანვე ვეუბნები ხოლმე, კარგად არ ვიცი ენა-მეთქი, მაგრამ მპასუხობენ, მოგვწონს თქვენი აქცენტი და გვინდა, თქვენ მოგვითხროთ აქაურობის ისტორიაო. ქართველებსაც რომ მოჰყვათ ინგლისურენოვანი ტურისტები, მომძებნიან ხოლმე და მთხოვენ, მე ვიყო მათი გიდი. არ ვიცი, ალბათ, ინტერნეტსივრციდან მიცნობენ.

მე გრამატიკულად რუსული და ინგლისური კი არა, ქართული არ ვიცი უშეცდომოდ და ძალიან დახვეწილად. საერთოდ, მე ენების სწავლაში უნიჭო ვარ. მიჭირს მისი სრულყოფილად დაუფლება.

ხალხს ჰგონია, რომ ნიჭიერი ვარ, რადგან თვითონ ვისწავლე რუსული და ინგლისური, მაგრამ ალბათ, პატრიოტი რომ ვარ, ღმერთმა ქარიზმა მომცა, რაც ამ საქმეს სჭირდება, ყველაფერი მისი ნებით ხდება, თორემ რა განსაკუთრებული გიდი მე ვარ? როცა შენი ქვეყანა გიყვარს, ღმერთის მადლი დაგყვება და გეხმარება. ვცდილობ, ყველას მისი ინტერესის, ეროვნების, რელიგიისა და კულტურის მიხედვით ვესაუბრო და მივაწოდო ინფორმაცია. ვიცი, ვისთან საიდან უნდა დავიწყო საუბარი, ვისთან რაზე უნდა გავაკეთო აქცენტი. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ქრონოლოგიას. ყველაფერი ღმერთის ნებითაა და ალბათ, მე ასე საუბრის ქარიზმა დამაყოლა. მეუბნებიან ხოლმე, ერთი სპექტაკლია თქვენი გადმოცემის უნარიო, არ ვიცი, მე ეს არ მისწავლია, ბუნებრივად იღებს ჩემი საუბარი ამ ფორმას. ეს თავიდანვე ასე იყო.

– ჩაცმის სტილითაც ყველას ამახსოვრებთ თავს. გიყვართ, როცა გამორჩეულად გამოიყურებით?

– საერთოდ, გიდი საქართველოს სახეა და თუ ძვირფასი არ ეცმევა, მოწესრიგებული უნდა იყოს. ის ჩვენი ქვეყნის კულტურას განასახიერებს. ხშირად მამკობენ ჩაცმულობასთან დაკავშირებით. „ელეგანტო“ – ხშირად მეუბნებიან უცხოელები, ქართველებიც მეუბნებიან კომპლიმენტებს. საერთოდ, მე ყოველთვის ასე გამოვიყურები. მომწონს კლასიკური სტილი და ყოველთვის ასე მაცვია. მუდმივად შავებს ვატარებ. ახალგაზრდობაშიც მკაცრი სტილი მიყვარდა, მაგრამ მთლად ჩაშავებული არ ვიყავი.

– ახლა ვისთან ერთად ცხოვრობთ და როგორ მოხდა, რომ საკუთარი ოჯახი არ შექმენით?

– ეს ღვთის ნებაა. მე საერო მონაზონი ვარ, ასე ვამბობ. ყველას მოვუწოდებ ოჯახის შექმნისა და გამრავლებისკენ, მაგრამ მე ასე მიკარნახა ზეცამ და ასე ვცხოვრობ. არასდროს მიფიქრია, მონაზვნად აღვკვეცილიყავი, ხელს არაფერი მიშლიდა, დედათა მონასტრიდანაც მომიწოდებდნენ, აღიკვეცე, ამის გარეშეც ხომ ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობო, მაგრამ მე საერო ცხოვრებაში მონაზვნობა ვარჩიე, ეს უფრო რთულია, მე ასე ვფიქრობ. ესეც ღვთის ნებაა. როგორც გითხარით, ერთი და გარდამეცვალა, ძმაც ახალგაზრდა ასაკში დავკარგე, ერთი და მყავს ცოცხალი, მე მასთან და მის შვილებთან ერთად ვცხოვრობ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g