„ფორტეს“ წევრი ზურა მანჯავიძე, სადაც უნდა ნახოთ, ტელეეკრანზე, თუ პირადად, მუდამ კარგ ხასიათზეა – განწყობას ბოლო პერიოდში ტელემაყურებელსაც უმაღლებს, დილის გადაცემაში, სადაც ყოველთვის გიტარით არის შეიარაღებული და კარგი ქართული სიმღერაც მზად აქვს…
ზურას მეუღლე და ოთხივე შვილი შესანიშნავად მღერის, მაგრამ შვილებმა მამის გზა არ აირჩიეს, თუმცა მომღერალს ეს ძალიან უნდოდა… ამბობს, რომ შვილების არჩევანს პატივს სცემს.
როგორ შეინარჩუნა მყარი ოჯახი და რა მუსიკალური გეგმები აქვს, ამის შესახებ თავად გვესაუბრება.
„ფორტე“ ძალიან აქტიურია, ხშირად ჩანხართ კონცერტებსა და ტელეპროექტებში. ბოლო პერიოდში მოდურია საკუთარი ძველი რეპერტუარის განახლება…
ჩვენც განვაახლეთ „ალიონზე გამიღიმა თბილისი“, ასევე ჩავწერეთ ძველის იმღერის ახლებური ვერსია, ძირითადად, ვცდილობთ, სიმღერას თავისი კლასიკური ჟღერადობა არ დავუკარგოთ. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, ვარჩევთ, რომელი ჩავწეროთ. ვცდილობთ, ისეთი სიმღერები შევარჩიოთ, ყველა თაობისთვის რომ იყოს მისაღები და ამართლებს. გვაქვს კერძო კონცერტები რეგიონებში.
ახსენეთ ყველა თაობის მსმენელი და ახალგაზრდები გისმენენ?
6 წლის ასაკიდან მოყოლებული, ყველამ ზეპირად იცის „ფორტეს“, შვიდკაცას“, „თეატრალურის კვარტეტის“, „ალილოს“ სიმღერები. ეს ის სიმღერებია, რომლებზეც ჩვენი თაობა გაიზარდა. ეს ამ კომპოზიციების სწორად მიწოდებამ და ახალმა ჟღერადობამ გამოიწვია.
წლების წინ, თითქოს არ იყო ასეთი პოპულარული…
მართალია, ძველი კლასიკური ქართული რეპერტუარის მოსმენა დასაცინი იყო ხოლმე, მაგრამ დრომ მოიტანა და ხელი შევავლეთ, ახლებური ჟღერადობით კი მისაღები გახდა ყველა თაობისთვის. ძალიან მიხარია, რომ „თბილისის მზეს“ უამრავი ვერსია გაჟღერდა.
ეს არის „ფორტეს“ სიმღერა, რომელიც ლილიკო ნემსაძემ კონკრეტულად თქვენთვის დაწერა…
აღფრთოვანებული ვარ, რომ ამ სიმღერას ახლებურად მღერიან და ყველას მადლობას ვეუბნები. ამ სიმღერის ცუდად შესრულებული ვერსია არ მომისმენია. ერთმანეთზე უკეთესი ვარიანტები გაჟღერდა. რაც უფრო მეტი იმღერებს და მეტი ვერსია იქნება, ჩვენთვის გასახარია. არავის დაუკარგავს მთავარი ხაზი და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვისაც თავის რეპერტუარში აქვს ეს სიმღერა.
თქვენთვის ეს, როგორც ვხვდები, პრობლემა არ არის…
ეს ხომ ჩვენი პატივისცემაც გამოდის, ჩვენი რეპერტუარის სიმღერა ასეთ პოპულარობას რომ ინარჩუნებს?
დილის გადაცემის წამყვანიც ხართ და სულ მღერით იქაც. დილიდან სიმღერა რთული არ არის?
(იღიმის) ისეთი აურაა, ისეთი ატმოსფეროა „პოსტალიონში“, რომ განწყობა თავისთავად საუკეთესოა. მეც ჩემი წვლილი შემაქვს განწყობის ამაღლებაში, სტუმრად სულ საინტერესო ხალხია, ბევრიც ჩემი მეგობარი. კარგად ავეწყვეთ და თითქოს დიდი ხანია, ამ საქმით ვარ დაკავებული. ბუნებრივი და შინაურული გარემოა. ამ გულწრფელობას ყოველთვის ატყობს მაყურებელი. ხვდება, რომ არ ხარ დაძაბული და არაბუნებრივი.
ტელეწამყვანობა ერთგვარ პროფესიადაც გექცათ, არა?
წაყვანის გამოცდილება მქონდა, მაგრამ ხშირად პირდაპირ ეთერში ყოფნის და გადაცემის წაყვანის – არა. დისკომფორტი არის დილით ადრე ადგომა და ხმის გაჟღერება, ყელის მომზადება სასიმღეროდ. მანამდე რომ მგონია, ხმას ვერ ამოვიღებ, ხმა თავისით უცებ წამოვა ხოლმე…
ოჯახის წევრები თუ გიყურებენ და რაიმე კრიტიკული შენიშვნები თუ აქვთ?
განსაკუთრებით მეუღლეს აქვს კრიტიკული შენიშვნები, იქ ენა დაგება, იმ დღეს რა დაგემართა, აზრი ვერ ჩამოაყალიბეო და ა.შ. მაგრამ ხომ იცით, პირდაპირი ეთერის დროს ყველაფერი ხდება, ზოგჯერ უნდა გაწელო დრო, ზოგჯერ – პირიქით… სამაგიეროდ, დედაჩემია ის ადამიანი, ვისაც ყველაფერი მოსწონს და შენიშვნა არ აქვს (იცინის). ვიცი, მორჩება თუ არა გადაცემა, შემოდის ზარი, დედა, რა კარგი იყოო. ჩემი შვილები, გადახვევის საშუალებით უყურებენ ხოლმე და შემდეგ მიზიარებენ მოსაზრებებს. მეუღლე, თუ რამე კარგია, ამასაც არ მიკარგავს ხოლმე, ობიექტურობას ინარჩუნებს.
შვილები ახსენეთ და მღერიან?
ოთხივე მღერის, ბავშვობაში ვატარებდი კიდეც და მინდოდა, რომ ამ გზით წასულიყვნენ. მე გზა კი ვაჩვენე და ვეხმარებოდი, მაგრამ სხვა მიმართულებით წავიდნენ. ჩემი უმცროსები, სანდრო და ლუკა ელექტრონული მუსიკით არიან გატაცებულები. სხვათა შორის, ყველას ძალიან კარგი მონაცემი აქვს. მეუღლეც კარგად მღერის, სხვათა შორის. ჩემდა სამწუხაროდ, შვილებმა არ აირჩიეს მუსიკალური გზა, თუმცა მათ არჩევანს პატივს სცემენ, ირჩევენ საკუთარ გზას და ჩემს გაკვალულზე არ დადიან…
ან ტელევიზიაში ხართ, ან კონცერტზე, ან გასტროლზე… მეუღლე ამ მიმართულებითაც კრიტიკულია?
ახერხებს ხოლმე. ამასაც ხომ უნდა მოხერხება, გამონახავს ხოლმე დროს…
როგორ შეინარჩუნეთ ოჯახი?
ურთიერთგაგებაა… მე ვცდილობ, რაც შემიძლია, ყველაფერში მივეხმარო, როცა დრო მაქვს. ზუსტად იცის, რომ დროს ტყუილად არ ვფლანგავ, ყველა ჩემს გადაკარგვას სახლიდან, მთელი დღით, კვირაობით თუ თვეობით, ყველაფერს თავისი ახსნა და მიზეზი აქვს. შეგნებასა და გაგებაზე გადის, სხვანაირად წარმოუდგენელი იქნებოდა…
ინტერვიუ: ნინო მურღულია