ანი ამაშუკელი და გიორგი შერმადინი უკვე ხუთი შვილის მშობლები არიან. ანისთან პატარაზე, ოჯახში ცვლილებებსა და ხუთი შვილის დედობაზე ჟურნალმა „თბილისელებმა“ ისაუბრა.
ანი ამაშუკელი:
მეხუთე შვილის დაბადებამ კიდევ უფრო გაგვახალისა. ჩვენს ოჯახს ხალისი არც აქამდე აკლდა, მაგრამ ამან მთლად შეგვშალა ჭკუიდან (იცინის). ბუნებრივია, რომ ჩვილი კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ უფროს შვილებთან დაკავშირებული აქტივობები, უფრო გიორგის პასუხისმგებლობაში გადავიდა. თუ საშუალება მაქვს, ვცდილობ, მეც შევეხიდო, მაგალითად, როცა პატარას ვაძინებ, უფროს შვილებთან მაქსიმალურად ვაქტიურობ მშობლის ამპლუაში, მაგრამ გიორგი ძალიან ბევრს აკეთებს (იცინის).
როგორც ჩანს, გიორგისაც მეტი თავისუფალი დრო აქვს. ამის ფუფუნება კი იშვიათია ხოლმე?
კი, ზოგჯერ ისე გადაებმებოდა ხოლმე, რომ მთელი კვირა ვერ ვხედავდით. ახლა, რადგან ამათი ჩემპიონატი დასრულდა და ასე ვთქვათ, ზაფხულის არდადეგები დაეწყოთ, რა შედარებაა, მეტი თავისუფალი დრო აქვს. მეც ძალიან კარგად ვსარგებლობ ამით (იცინის). ყველაფერი კარგად დაემთხვა. მთლად კარგსაც ვერ დავარქმევ, ტრავმის გამო დროზე ადრე მოუწია დამთავრება – დაეცა და ნეკნი გაიტეხა. ახლა ნელ-ნელა აღდგენითი ვარჯიშებით, თერაპიებით, მცირედი დატვირთვით იბრუნებს ფორმას, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ აქტიური მამა იყოს. ძალიან მიხარია გიორგის ასეთი ჩართულობა. გარდა იმისა, რომ ახლა მეტი თავისუფალი დრო აქვს, ვატყობ, თვითონვეა მეტად მოწადინებულია, რომ ჩართული იყოს ბავშვის აღზრდაში. სხვა ბავშვებთან ცოტა შიშიც ჰქონდა, როცა ძალიან პატარები იყვნენ ხელში დაჭერა უჭირდა, ახლა ეს მომენტიც გადალახული აქვს და თითქოს, მამობით ტკბება. ეს ძალიან მახარებს. საოცრად სასიამოვნოა ამის ყურება.