27 ივლისს კინოგაქირავებაში გამოდის ფილმი „Atomic Blonde”, სადაც მთავარ როლს შარლიზ ტერონი, სოფია ბუტელა და ჯეიმს მაკევოი ასრულებენ. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე კი შარლიზმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალ Variety-ის ფოტოსეტში და თავის როლზე და მის მოსამზადებელ ეტაპებზე ისაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, ფილმი თავიდან ბოლომდე შარლიზის იდეა იყო, რომლის გადაღების სურვილიც შარლიზს 5 წლის წინ მოუვიდა. მსახიობმა დაიქირავა სცენარისტი, მოელაპარაკა რეჟისორს და 30 მილიონიანი ბიუჯეტით ფილმის გადაღება გადაწყვიტა.
როგორც მან განაცხადა, 3 თვის მანძილზე, გადაღებების დაწყებამდე დღეში 4 საათი საბრძოლო ილეთებს ითვისებდა, რათა ფილმში ასახული ჩხუბი რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო. სწორედ ამის გამო, ყველა ტრიუკი, რომლებსაც ფილმში იხილავთ, შარლიზმა დამოუკიდებლად, დუბლიორის გარეშე შეასრულა.
ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ ტერონმა მალევე დაიწყო ახალ პროექტში მონაწილეობა, სადაც მრავალშვილიანი და მარტოხელა დედის როლი შეასრულა. ამ როლისთვის მან 16 კილოგრამი მოიმატა, რასაც ის სიმწრით იხსენებს:
„ეს ყველაფერი საშინელება იყო, ყველანაირი გაგებით. ამჯერად გავიგე, რას ნიშნავს, როდესაც ორგანიზმი გეწინააღმდეგება, რას ნიშნავს, როდესაც ზედმეტი წონის გამო ჯანმრთელობა გიზიანდება. შაქრის გამო დამეწყო დეპრესია. ცუდად ვიყავი და ზედმეტ წონას ვერ ვიკლებდი. დავურეკე ექიმს და ვუთხარი, რომ ვკვდებოდი. მან მიპასუხა: „არა, უბრალოდ შენ 41 წლის ხარ. დამშვიდდი“, – გაიხსენა მსახიობმა.