LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვანური სილამაზე, სვანურ ენაზე ჩაწერილი ვიდეოები და ინფლუენსერი, რომელიც თავისი კუთხით ამაყობს: „როგორც კი გამიცნობენ, მეკითხებიან, შენს კუბდარს როდის გაგვასინჯებო?!“

1059
ნანუკა მერლანი

ტელეჟურნალისტი და ინფლუენსერი სვანეთიდან, ნანუკა მერლანი, ულამაზესი გოგონაა, რომელიც „ტიკ-ტოკსა“ და სხვა სოციალურ პლატფორმებზე აქტიურია, განსაკუთრებულად კი, საკუთარი მშობლიური მხარის მეტად წარმოსაჩენად, – იქნება ეს სვანურ ენაზე ვიდეოების ჩაწერა, კუბდარის გამოცხობა თუ სვანურ ტრადიციებზე საუბარი.

ნანუკა უამრავ კომპლიმენტს იღებს საინტერესო გარეგნობასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც თავად ამბობს, მას შემდეგ, რაც საკუთარი კონტენტის წარმოება დაიწყო სოციალურ ქსელებში, კიდევ უფრო მეტი კომპლიმენტი სწორედ მისი აქტივობების გამო ხვდა წილად.

fortuna.ge ნანუკას უფრო ახლოს გაგაცნობთ.

ნანუკა, მოდი, ვისაუბროთ შენ მიერ დაწყებულ ტრენდზე, რაშიც ვგულიხსმობ სვანურად ლაპარაკს და ზოგადად, სვანური ტრადიციების წინ წამოწევას. როგორ გადაწყვიტე სოცქსელში მსგავსი შინაარსის ვიდეოების წარმოება?

კონტენტზე რომ მეკითხები, გულწრფელად ვამბობ, ვფიქრობ, რომ სრულიად უკონტენტო ვარ (იღიმის), როგორ ხასიათზეც ვარ, ისეთ ვიდეოს ვდებ. რაც შეეხება სვანეთს და სვანურ ტრადიციებს, გავაცნობიერე, რომ რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, ვიდეოს იმაზე ჩაწერა ყველაზე ბუნებრივი იქნებოდა… როგორც ახალგაზრდა, თავს ვალდებულადაც ვგრძნობ, რომ ეს გავაკეთო. ერთმა ბავშვმა დამაფიქრა, მამით სვანია და არ იცის სვანური. პირველი ვიდეო რომ ჩავწერე, სწორედ ამაზე იყო, რომ ბავშვებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ და ეს ენა არ უნდა დაიკარგოს. მივხვდი, რომ ხალხს ძალიან მოსწონს, როცა ვცდილობ, სვანურ ენასა და ტრადიციებს სწორი პრეზენტაცია გავუკეთო და პოპულარიზაციისთვის ვაკეთებ სწორედ მსგავსი შინაარსის ვიდეოებს. იმედია, გამომდის…

შენი წარმოშობის ადგილის შესახებ მოგვიყევი, იქ დაიბადე და გაიზარდე?

დავიბადე და გავიზარდე მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში. სკოლაც იქ დავამთავრე. მერე, როგორც ხდება ხოლმე, პირდაპირ ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელში და მას შემდეგ ვარ თბილისში. არ გავა წელი, რამდენჯერმე რომ არ ვესტუმრო იქაურობას, რადგან ის არის ჩემი მშობლიური მხარე, თბილისში უფრო სტუმარი ვარ. სვანეთს ვერ ვწყდები…

სვანური ტრადიციებიდან, შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში რა იყო მთავარი და რა არის შენთვის ყველაზე ძვირფასი?

ყველა სვანური ტრადიცია ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მეხება, თუ ვინმე გააქილიკებს, ან საყვედურის სახით იტყვის რამეს. თუმცა არის გამორჩეული ტრადიციები…. პირველი არის ლამპრობა, რომელიც ბავშვობიდან, ბებიაჩემისა და ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, ძალიან შემეხო. ბავშვობიდან ჩამინერგა ბებიამ, რომ როცა სასაფლაოზე გავდივართ, ის რამდენიმე საათი, ჩვენს მიცვალებულებთან ერთად ვართ… ძალიან ბევრი სვანი ზუსტად ამ განწყობითაა, ვგრძნობ ბიძაჩემისა და ჩემი ახლობლების იქ ყოფნას, რომლებიც უკვე აღარ არიან ამქვეყნად.

არყის ხისგან გამოთლილი ლამპრები გაგვაქვს საფლავებზე და ეს ხდება ღამე, ძალიან ლამაზი დღესასწაულია, უამრავ ტელევიზიას აქვს გადაღებული.

კიდევ არის მიცვალებულებთან დაკავშირებული ასეთი დღესასწაული, ლიფანაალი, სულების მასპინძლობის კვირეული. მცოცავი თარიღია, ხანდახან ერთი დღე გრძელდება, ხანდახან სამი, ხანდახან ერთი კვირაც კი. ეს კიდევ უფრო დიდი მისტიკაა – ყველაფერი ისე ხდება, როგორც ცოცხალი ადამიანების გამასპინძლების შემთხვევაში. ეს არის ძალიან დიდი რიტუალი, რომელიც ჩემთან ძალიან ახლოს დგას…

ზოგადად, ძალიან რთულია, გაიზარდო სვანეთში და არ დაგყვებოდეს სპეციფიკური ხასიათი, მკაცრი ბუნებაა და შესაბამისია შენი განწყობაც და ხასიათიც.

შენ და კუბდარი ძალიან ახლობლობთ ერთმანეთთან…

მე და კუბდარი ყველაზე ახლო მეგობრები ვართ. უამრავი სვანური კერძის მომზადება ვიცი, დედამ ჩათვალა, რომ ყველანაირი სვანური კერძი უნდა მცოდნოდა და არამარტო, მაგრამ მე რომ ძალიან მიყვარს, ალბათ, ამიტომაც გამომდის გემრიელი განსაკუთრებით კუბდარი, ასე ამბობენ. ვეპატიჟები ხოლმე მეგობრებს. სვანურ ენასა და კუბდართან ვასოცირდები. როგორც კი გამიცნობენ, მეკითხებიან, შენს კუბდარს როდის გაგვასინჯებო?!

მკაცრი ხასიათი ახსენე და შენც დაგყვება სვანური ხასიათის თავისებურებები?

ძალიან მეუხერხულება ამაზე საუბარი, რადგან საერთოდ არ ვამაყობ ჩემი ხასიათით, მაგრამ ხისტი და საკმაოდ დისტანციურია. ბავშვობიდან თუ რამეს მასწავლიდნენ, იყო თავმდაბლობა, ეს მაქვს, მაგრამ ხასიათის სიმკაცრე მაინც არის. არავის ზედმეტად არაფერს მოვთხოვ, მაგრამ დაკვირვების რეჟიმში ყოფნა მირჩევნია. მარტივად შესვლა ურთიერთობებში არ გამოდის, ვცდილობ, გულთან ძალიან ახლოს არ მოვუშვა ადამიანები.

შენს გამორჩეულ გარეგნობაზე მინდა გკითხო – ნამდვილი სვანური სილამაზე გაქვს, შავი სწორი თმა და განსაკუთრებული ნაკვთები. თავად როგორ უყურებს შენს გარეგნობას? უამრავ კომპლიმენტს გიწერენ…

ძალიან გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, – არ ვთვლი, რომ ლამაზი ვარ. ლამაზი ქალი ჩემთვის სხვანაირად დახვეწილი უნდა იყოს, კალმით ნახატი ნაკვთებით. მე საკმაოდ მკაცრი გარეგნობა მაქვს. საინტერესო გარეგნობა მაქვს, მაგრამ არ ვარ ისეთი ლამაზი, როგორ კომპლიმენტებსაც ვიღებ.

გამომწერებისგან რა სახის კომპლიმენტებს იღებ?

ის მახარებს ყველაზე მეტად, რომ თავიდან თუ გარეგნობაზე იყო აქცენტი, ახლა ჩემს აქტივობასთან დაკავშირებით ვიღებ კომპლიმენტებს. ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობ. თუ გარეგნობა სტარტი იყო, ახლა ის არის, რომ ყოჩაღ, სვანურ ტრადიციებს ასე რომ მიჰყვებიო.

თვითონ შენი კუთხის ხალხი რას გეუბნება?

ჩემს უძვირფასეს კუთხეს და მათ წარმომადგენლებს ძალიან შევუყვარდი. ამაზე მეტი რა უნდა გამიკეთოს სოციალურმა ქსელებმა?! ძალიან აფასებენ იმას, რასაც ვაკეთებ. ყველაზე მეტად მაინც იმას მეუბნებიან, რომ სიამაყით ივსებიან, როცა იგებენ, რომ სვანი ვარ და სვანურად ვიწყებ ლაპარაკს. შინაგანად მარცხვენს კიდეც ასეთი კომპლიმენტები, მაგრამ დიდ ძალასა და მოტივაციას მაძლევს, შენი კუთხის ხალხი რომ გვერდით გიდგას, მხრებში უფრო მეტად გამართული ხარ.

ამ კუთხით ვინმე არის კიდევ, ვინც შენსავით ვიდეოებს წერს სვანეთზე?

მე დამწყები ვარ ამ კუთხით და არ ვიცი… ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ იცის სვანური, მათ შორის, ჩემზე უკეთესად, თუ სხვაც გადაიღებს ვიდეოებს სვანურ ენაზე, ძალიან გამიხარდება.

ახლა მოგვიყევი, რა მიზნით იყავი ჩინეთში?

გახლდით ჩემს მეგობართან, მეგი ვიბლიანთან სტუმრად. ჩინეთმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მეგის ნახვა მინდოდა, რომელიც იქ ძალიან პოპულარული მოდელია. ჩვენ სულით მონათესავეები ვართ. თავად ვნახე, როგორი მოთხოვნადი მოდელია ჩინეთში. მეუბნება, რომ ძალიან გაუხარდება, თუკი ამ გზას დავადგები, მაგრამ საქართველოში ჩემი საქმე მაქვს, ტელეჟურნალისტობა, რომელსაც ვაკეთებ. თუ რაიმე გადავწყვიტე მოდელობასთან დაკავშირებით, არ გამოგაპარებ. მე და მეგი ვაპირებთ ბიზნესის დაწყებას, სამოსის კუთხით და ვნახოთ…

არის რაიმე სხვა გეგმები?

ჩემმა არაერთმა გამომწერმა მთხოვა, 72 000 გამომწერი ცოტა არ მგონია, მთხოვა, რომ „იუთუბზეც“ შევიდე, შეიძლება, ისევ სვანური და ქართული აქცენტებით დავიწყო პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმა ამ პლატფორმაზეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g