თაკო აბაშიძე ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდა, არა მხოლოდ, როგორც მსახიობი, არამედ როგორც ავტორ-შემსრულებელი. როგორც თავად ამბობს, კიდევ 10 პროფესიას მოიგონებს, თუ დასჭირდება და სხვის ხარჯზე არასდროს იცხოვრებს. მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულია, დაოჯახებას არ გეგმავს…
მგონი, ამ ბოლო ორ წელიწადში სიმღერამ შენი მსახიობობაც კი გადაფარა. შენს შემთხვევაში როგორია პირადი შეგრძნებები, უფრო მსახიობი თუ უფრო ავტორ-შემსრულებელი?
ბავშვობიდან, 6 წლიდან ვმღეროდი, მაგრამ როცა ინსტიტუტში ჩავაბარე და მსახიობის გზას მივყევი, გადავწყვიტე, რომ მსახიობობა იქნებოდა ჩემი ძირითადი პროფესია და სიმღერა – მისი თანმდევი. საქართველოში ძალიან რთულია იცხოვრო მხოლოდ მსახიობობით. მივხვდი, რომ აუცილებელი იყო იმის გაკეთება, რაც დამეხმარებოდა შემოსავლის გაზრდაში. დღეს მე სიმღერით ვცხოვრობ, ეს არის ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო, რადგან სერიალები თუ პროექტები იწყება და მთავრდება. ამჯამად რესტორანში ვმღერი, ვარ წამყვანი ყოველ საღამოს, კიდევ კარგი, რომ „ჯიპაში“ მქონდა პიარის კურსები გავლილი და პიარის სპეციალობაც შევითავსე. ვაპიარებ მაღაზიებს, მაქვს ბლოგი. მოკლედ, იძულებული გავხდი, რომ სამსახიობო კარიერა ცოტათი გვერდზე გამეწია. „კომედი შოუც“ რომ გაჩერდა, მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა,სხვის ხარჯზე არასდროს მიცხოვრია და არც მომავალში ვაპირებ. ხმაც რომ „გამითავდეს“, აუცილებლად მოვიფიქრებ რაღაც სხვას გამოსავალს. ზოგადად, უნდა ვაკეთოთ ის, რაც შემოიტანს შემოსავალს. ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, მყავს დედა, შვილი და მაქვს ვალდებულებები სხვა ადამიანებთან, ამიტომ იძულებული ვარ, ვიმუშაო იქ, სადაც შემოსავალი მექნება და არა იქ, სადაც მე გამიხარდება.

გწყდება გული, რომ სამსახიობო თემამ ცოტათი უკან გადაიწია?
რა თქმა უნდა, მწყდება გული. მსახიობი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლებაც მაქვს და 12 წელი ვუკრავდი კიდეც, სიმღერა მაინც არ იყო ჩემი ძირითად საქმიანობა და პროფესია. ამ პროფესიით დავკავდი ახლა. მიხარია და მსიამოვნებს სიმღერა, ძალიან მიყვარს, მაგრამ აქამდე ხომ არ გამოვჩენილვარ სიმღერით? შესაბამისად, დამჭირდა და გავაკეთე.
საავტორო სიმღერებსაც ქმნი… ეს ნიჭი როდის აღმოაჩინე საკუთარ თავში?
სიმღერებს სულ ვწერდი. ერთ-ერთ ჩემს სიმღერას, რომლითაც გამოვჩნდი და მსმენელმა შეიყვარა, მილიონობით ნახვა აქვს. სევდიანი სიმღერაა, მაგრამ რესტორანშიც კი მოდიან და მთხოვენ, „მთებმა გამახსენეს შენი იავნანა“ შეასრულეო. მეორე ჩემი ასევე პოპულარული სიმღერაა „იასამანი“, რომელიც ჩემს დედიკოს დავუწერე, 70 წლის რომ გახდა. უკვე დემენცია ჰქონდა, სამწუხაროდ, ერთხელ რომ მოისმინა, მერე დაავიწყდა…
ეს მომენტი როგორია შენთვის?
უმძიმესი. ყველაზე მძიმე მომენტი ჩემს ცხოვრებაში. მამასაც დემენცია ჰქონდა გარდაცვალებამდე და დედასაც აქვს დემენცია. ერთი და იმავე ამბავს, ალბათ, ასჯერ ვუყვები დღეში. სასიხარულო ამბავსაც ბევრჯერ ვუყვები, რომ თავიდან გაუხარდეს.
მოვლაც, ალბათ, ძალიან რთულია…
ურთულესი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სახლში მივდივარ დამხვდება. დანარჩენი ყველაფრის გადალახვა შეიძლება, თუ ადამიანს უნდა. მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, ძალიან დაკავებულები ვართ, არ გვცალია, ვერ გნახულობთ, ამას ვერ ვაკეთებთ, იმას ვერ ვახერხებთ…

უფრო ოპტიმისტური ბუნება გაქვს?
კი, ასეა. სულ ვცდილობ, მოვყვე სასიამოვნო ამბავი. დედაჩემი თუ რაიმეს იხსენებს სევდიანს, მაშინვე ვაჩერებ, რომ არ დასევდიანდეს. ძალიან მაგრად ვაჩერებ ცუდ ამბებს. არ მაქვს ტვინში ადგილი ცუდი ამბებისთვის.
თაკო აბაშიძის დედა

სირთულეებს არ უშინდები, როგორც ვხვდები?
საყვარელი ადამიანების დაკარგვის გარდა, არაფრის მეშინია. ათ პროფესიას გამოვიგონებ და მაინც ვიმუშავებ, რაღაცას აუცილებლად მოვახერხებ…
ვიცი, რომ ამჟამად შენს ცხოვრებაში არის საყვარელი ადამიანი და სიყვარული…
სიყვარული ყოველთვის არის. სიყვარულის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ის მიფერადებს ცხოვრებას. სიყვარულის გარეშე როგორ შეიძლება ცხოვრება?
თაკო ქალიშვილთან, ბარბარესთან ერთად

გაგვიმხელ, ვინ დაიმსახურა შენი სიყვარული?
არ მიყვარს ასე აფიშირება, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვიტყვი, ის არის, რომ ოჯახს სავარაუდოდ არ შევქმნი, თუმცა რაც ვთქვი ადრე, ყველაფერი პირიქით მოხდა (იღიმის). რეალურად არ ვაპირებ ოჯახის შექმნას, შევეჩვიე მარტო ყოფნას, მყავს 12 წლის ქალიშვილი, დიდი გოგოა, ჭკვიანი და კარგი ადამიანი. რაც გინდათ, დამიძახეთ, მაგრამ მგონია, რომ ჩემს შვილს ძალიან გაუჭირდება. გოგონების სახლი გვაქვს და მას ალბათ, გაუჭირდება მამაკაცის მიღება. რატომ უნდა შევუქმნა დისკომფორტი ჩემს შვილს და ჩემს თავს?!. სიყვარული ქორწინების გარეშეც შესაძლებელია. შეიძლება, ადამიანი მთელი ცხოვრება გიყვარდეს და არ იყო დაქორწინებული.
თაყვანისმცემლების სიმცირეს არასდროს უჩიოდი, იყო მოტაცებებიც…
(იღიმის) კი, სულ იყვნენ თაყვანისმცემლები. ქალს თაყვანისმცემლები ეყოლება აუცილებლად, მაგრამ ახლა ჩემი თავისუფლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამას გაგებით ეკიდება შენი მეორე ნახევარი?
რა თქმა უნდა.
ტრადიციული კითხვა ყველა რესპონდენტისთვის – 5-10 წლის მერე როგორი წარმოგიდგენია შენი ცხოვრება?
5-10 წლის შემდეგ აუცილებლად ერთით მეტი ბინა მინდა მქონდეს (იღიმის). ჩემი ქალიშვილი ისწავლის ძალიან კარგ უნივერსიტეტში და მე ვარ ბედნიერი. აი, ასე წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება უახლოეს წლებში!..