ჩინეთში Toyota-ს ადგილობრივმა წარმომადგენლობამ 500 ათასზე მეტი ავტომობილის გამოწვევა გამოაცხადა. ამის შესახებ საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი ჩინეთის მარეგულირებელზე დაყრდნობით წერს. გადაწყვეტილების მიზეზი უკანა სავარძლების კონსტრუქციაში აღმოჩენილი დეფექტია.
გამოწვევა შეეხება დაახლოებით 318 ათას კროსოვერ Toyota Highlander-სა და 243 ათას Toyota Crown Kluger-ს, რომელიც სპეციალურად ჩინეთის ბაზრისთვის შექმნილი ვერსიაა. Crown Kluger სტანდარტულ Highlander-სგან განსხვავდება უფრო გრძელი ძარით (დაახლოებით 50 მმ-ით) და უფრო პრემიუმ კლასის ინტერიერის მასალებით.
მარეგულირებლის განმარტებით, პრობლემა უკავშირდება უკანა სავარძლების საზურგის რეგულირების მექანიზმში გამოყენებულ ზამბარას, რომელიც ზედმეტ ძალას ქმნის. ამის გამო საზურგე შესაძლოა სათანადოდ ვერ დაფიქსირდეს, რაც ავარიის შემთხვევაში უსაფრთხოების რისკებს ზრდის.
მანამდე ჩინეთში ასევე დაიწყო ახალი თაობის Toyota RAV4-ის გამოწვევა. ამ შემთხვევაში მიზეზი მულტიმედიური სისტემის პროგრამული ხარვეზი იყო, რომლის აღმოსაფხვრელად ავტომობილებზე პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაა საჭირო.