იაპონურმა ავტო გიგანტმა Toyota Motor Corporation-მა მოულოდნელად ხელმძღვანელობის ცვლილების შესახებ გამოაცხადა. აპრილიდან კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს დატოვებს Koji Sato, რომელიც კომპანიას მხოლოდ სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მის ადგილს დაიკავებს მოქმედი ფინანსური დირექტორი Kenta Kon.
კადრების ეს გადაადგილება ხდება იმ ფონზე, როდესაც კომპანია ყურადღების ცენტრშია შვილობილი – Toyota Industries შესაძლო შეძენის გამო. აღნიშნული გარიგება ინვესტორებმა გააკრიტიკეს არასაკმარისი გამჭვირვალობისა და კომპანიის მნიშვნელოვნად დაბალი შეფასების გამო.
როგორც Reuters წერს, ხელმძღვანელობის ცვლილება მოულოდნელი იყო. განცხადება გაკეთდა მესამე კვარტალის ფინანსური შედეგების გამოქვეყნების პარალელურად, სადაც Toyota-მ წლიური მოგების პროგნოზი თითქმის 12%-ით გაზარდა. ზრდას ხელი შეუწყო იენის გაუფასურებამ და ხარჯების შემცირების ზომებმა.
კომპანიის განცხადებით, ახალ პოზიციაზე კენტა კონი კონცენტრირდება შიდა მართვაზე, ხოლო კოძი სატო უფრო ფართო ინდუსტრიულ განვითარებაზე იმუშავებს. ცვლილებები მიზნად ისახავს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარებას იმ მასშტაბური ცვლილებების ფონზე, რომლებიც ავტოინდუსტრიას მოიცავს.
კოძი სატომ Toyota-ს ხელმძღვანელობა 2023 წლის აპრილში გადაიბარა, როდესაც პოსტი დატოვა დამფუძნებლის შვილიშვილმა – Akio Toyoda-მ. იმ პერიოდში კომპანია ელექტრომობილების ბაზარზე ჩამორჩენის გამო ძლიერ ზეწოლას განიცდიდა. თუმცა Toyota-ს არატრადიციული სტრატეგია ჰიბრიდებზე ფსონის დადების შესახებ წარმატებული აღმოჩნდა და კომპანიამ გაყიდვების რეკორდები დაამყარა, მათ შორის გასულ წელსაც, როდესაც კვლავ შეინარჩუნა მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის სტატუსი.
სატოს ხელმძღვანელობის პერიოდში Toyota-ს აქციები, დივიდენდების ჩათვლით, 111%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ გარკვეული საბაზრო წილი დაკარგა უფრო მოქნილი ჩინური კონკურენტების, მათ შორის BYD-ის სასარგებლოდ, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში.
კორპორაციული მმართველობის საკითხები, განსაკუთრებით Toyota Industries-ის შესაძლო შთანთქმის ფონზე, ასევე გახდა კრიტიკის საგანი.