გია ნიკოლაძე ჟურნალ „თბილისელებს“ თავისი დიდი სიყვარულის, დიზაინერ ფატუნა ბუშიჰედის შესახებ უყვება. წყვილი უკვე რვა წელია, რაც დაქორწინებულია. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
– რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია ან მოტივატორი?
– უკვე რვა წელია, მეორე ცოლი მყავს და ჩემი ფატუნა არის ჩემთვის მუზაც და მოტივატორიც – ყველაფერია. მანამდე იყო ბუნება, ღვთისმშობელი, ქრისტე, დედამიწა. ბუნება შენშია, ყველაფერი შენშია. მაგალითად, წყალი რამდენიც იყო დასაბამიდან, ახლაც იმდენია, იმდენი წვეთია. ჩვენში წყალია 80 პროცენტი, წყალი ინფორმაციას იმახსოვრებს და თითოეულ ადამიანს იმ სტრუქტურის წყალი დაგვაქვს, როგორც ვიქცევით, ვინც ვართ. რომ გარდაიცვლები, ეს წყალი დიდ წყალს უერთდება. ესეც – შენი წარდგენა უფლის წინაშე. ისე წარდგები, იმ სტრუქტურის წყლით, როგორც ცხოვრობდი და იქცეოდი. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამ წყალმა, ნისლი იქნება, თუ სხვა მდგომარეობის, სტრუქტურა შენახული აქვს და ამ სტრუქტურის მიხედვით გადადიხარ სასუფეველში. მერე ამისდა მიხედვით ხდება გარდმოცვალება. უფალმა გვითხრა, ისევე მოექეცი დანარჩენ ცოცხალ სამყაროს, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ, როცა გარდმოიცვლები რაღაცის სახითო. ეს უნდა გვახსოვდეს. ეს ყველაფერია ჩემი მოტივაცია – ბუნება, ამ სამყაროს შეცნობა, ღმერთის ალის შეცნობა. ქრისტე ამბობს, შეცნობილები თუ გახდებით, თუ მიხვდებით, რომ ცოცხალი მამის შვილები ხართ, გამოხვალთ სიღარიბიდან, თუ არადა, დარჩებით სიღარიბეშიო. გვეუბნება, რომ ახლა ცუდად ვართ, მაგრამ ცნობიერები თუ გავხდებით, კარგად გავხდებით. ჩვენ რას უნდა მივხვდეთ? იმას, რომ ჩვენ ვართ ის ეშმაკები, რითაც ერთმანეთს ვაშინებთ ჯოჯოხეთში მოხვედრით. ჩვენ, ადამიანები, ვხარშავთ ყველა ცოცხალ არსებას ერთ ქვაბში და არა ეშმაკები ჯოჯოხეთში. ადამიანი როცა მიხვდება, რომ თვითონ არის ეშმაკი, მაშინ დაიწყებს გამოსწორების მცდელობებს.