გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის მიხედვით 2025 წელს ჭარბი წონა ბავშვებსა და მოზარდებში უფრო გავრცელებული პრობლემაა, ვიდრე წონის უკმარისობა. თანაც, მსგავსი ტენდენცია მრავალი წლის შემდეგ პირველად ფიქსირდება.
Unicef-ის კვლევა 190-ზე მეტი ქვეყნის მონაცემზეა დაფუძნებული და აჩვენებს, რომ 2000 წლიდან მოყოლებული 5-19 წლის ბავშვებში სხეულის სიმცირის მაჩვენებელი 13%-დან 9.2%-მდე შემცირდა, მაშინ როცა სიმსუქნის მაჩვენებელი 3%-დან 9.4%-მდე გაიზარდა.
ყველა რეგიონში, გარდა აფრიკისა და სამხრეთ აზიისა, სიმსუქნე უკვე აღემატება წონის უკმარისობას. სპეციალისტთა ინფორმაციით, ჭარბი წონა 5-დან 19 წლამდე ასაკის ყოველ მეხუთე ბავშვს აქვს. ეს კი საერთო ჯამში 391 მილიონი მოზარდია. წონის სიმცირე კვლავ აქტუალური პრობლემაა 5 წლამდე ბავშვებში, განსაკუთრებით ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნებში.
რაც შეეხება სიმსუქნეს, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა წყნარი ოკეანის კუნძულებზე: ნიუეში – 38%, კუკის კუნძულებზე – 37%, ნაურუზე – 33%. UNICEF-ის განცხადებით, ასეთი სურათი გამოწვეულია ტრადიციული კვების ჩვევების ჩანაცვლებით იაფი, მაღალკალორიული და იმპორტული საკვებით.
ასევე კარგად იგრძნობა პრობლემის მასშტაბები მაღალშემოსავლიან ქვეყნებში: ჩილეში 5-19 წლის ბავშვების 27% სიმსუქნით ცხოვრობს, აშშ-ში – 21%, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – 21%.
სპეციალისტების შეფასებით, 2035 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკას სიმსუქნე წლიურად 4 ტრილიონ დოლარზე მეტი დაუჯდება. მაგალითად, მხოლოდ პერუს შემთხვევაში სიმსუქნესთან დაკავშირებული პრობლემების ხარჯმა შეიძლება 210 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.