მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
ეკა კუპატაძის განცხადებით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის მოწმე, ნია იმნაძე პირველად 14 ოქტომბერს დაკითხეს, მისი თქმით, „გამოძიებამ ამ დროს ზუსტად იცოდა, რომ გიგას თავს დაესხა ალექსანდრე გაბაშვილი და რომ ის იყო ნია იმნაძის შეყვარებული, თუმცა დაათვალიერა მხოლოდ ნიას მიმოწერა გიგასთან, ნიას კი უკვე წაშლილი ჰქონდა გიგასთან გაგზავნილი რამდენიმე მესიჯი“.
ეკა კუპატაძე ამბობს, რომ სიმართლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
„საქართველო სრულად გაემიჯნა გიგა ავალიანის მკვლელებს და მათ ადვოკატებს.
არ დავიღლები მადლობების თქმით, როგორც თქვენ არ დაიღალეთ და ჩემთან ერთად იბრძვით 1 ოქტომბრიდან — ჯერ გიგას სიცოცხლეს ვიცავდით, ახლა მის ღირსებას ვიცავთ.
ჩემს გუშინდელ პოსტში როგორც ჩანს, ერთი დეტალი ბუნდოვანი იყო, ამიტომ დავაზუსტებ აქ: გიორგი რიკაძის ადვოკატმა, ან ვინმემ მკვლელების მხრიდან, მართლა კი არ გამოხატა სამძიმარი, პირიქით, ადვოკატმა, დათო სანაძემ, მოატყუა მოსამართლე, თან ჩემი თანდასწრებით და სწორედ ამან გამომიყვანა წყობილებიდან.
ყოველ დღე დავდებ მცირე, მაგრამ სერიოზულ ინფორმაციებს.
ალექსანდრე გაბაშვილი დაიჭირეს 19 ოქტომბერს და 20 ოქტომბრიდან მიმტკიცებდა გლდანი-ნაძალადევის პროკურატურა, რომ ნია იმნაძეს ვერ დაიჭერენ, რადგან საქმეში არ არის მტკიცებულებები.
პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვების ერთ-ერთი გარანტი არის ტელეფონი!
ამიტომ დღეს ნია იმნაძის ტელეფონზე ვისაუბრებ.
ნია იმნაძე პირველად დაკითხეს 14 ოქტომბერს.
გამოძიებამ ამ დროს ზუსტად იცოდა, რომ გიგას თავს დაესხა ალექსანდრე გაბაშვილი და რომ ის იყო ნია იმნაძის შეყვარებული, თუმცა დაათვალიერა მხოლოდ ნიას მიმოწერა გიგასთან.
ნიას უკვე წაშლილი ქონდა გიგასთან გაგზავნილი რამდენიმე მესიჯი.
(რა იცოდნენ, რომ მე გიგას პლანშეტი მქონდა!!!)
გამოძიება არ დაინტერესებულა გაბაშვილი-იმნაძის მიმოწერით.
მეორედ ნია იმნაძე დაკითხეს 20 ოქტომბერს, ამ დროს ალექსანდრე გაბაშვილი უკვე დაჭერილი იყო, ნია იმნაძე ადასტურებს სასიყვარულო ურთიერთობას გაბაშვილთან და აღიარებს, რომ გაბაშვილს შეატყობინა გიგას შესახებ.
თუმცაღა გამოძიება ისევ არ დაინტერესებულა გაბაშვილი-იმნაძის მიმოწერით.
27 ოქტომბერს, როცა მკვდარი გიგა გაშოლტილი მეწვინა სახლში, ნია იმნაძის ადვოკატმა, გიორგი ლეკიშვილმა, ზეპირსიტყვიერად, სატელეფონო ზარით დაავალა პროკურორს, აღეკვეთა სოციალური ქსელით არასრულწლოვანი ნია იმნაძის სახელის და გვარის გავრცელება კუპატაძე-ავალიანების მხრიდან, ხოლო 28 ოქტომბერს, როცა გიგა ისევ სახლში მესვენა, იგივე მოთხოვნით ადვოკატმა, გიორგი ლეკიშვილმა, შეიტანა წერილობითი საჩივარი ჩვენზე და იმნაძის სახელით ყალბი ექაუნთების შექმნის აღკვეთაზე. ადვოკატ გიორგი ლეკიშვილის საჩივართან დაკავშირებით რეაგირების მიზნით, ნია იმნაძის ტელეფონი ისევ ეჭირა ხელში გამომძიებელს 29 ოქტომბერს.
გამოძიება არც ამჯერად დაინტერესებულა იმნაძე-გაბაშვილის მიმოწერით.
4 ნოემბერს მე ჩავერთე გამოძიებაში.
10 ნოემბერს დაიკითხა ნია იმნაძე მესამედ. სადაც ამბობს, რომ ფსიქოლოგიურად ცუდადაა, თუმცა მე შემიძლია ოფიციალურად დავადასტურო, რომ ძალიან კარგად გრძნობდა თავს.
აი, სწორედ 10 ნოემბერს ჩამოართვა პროკურატურამ ტელეფონი.
დაააააა 9 ნოემბერი რომ დაღამდა, 00:10 სთ-დან 01:13 სთ-მდე ოჯახი ასუფთავებდა ნია იმნაძის ტელეფონს. მის აიფონში გასუფთავდა ე.წ. „აიქლაუდი“-ც კი.
ამ დროს, ოჯახს ოფიციალურად მიღებული აქვს უწყება პოლიციაში გამოცხადებასთან დაკავშირებით.
ჩემი გონივრული ეჭვით, არაოფიციალურად მიღებული აქვს ინფორმაცია ტელეფონის დატოვებასთან დაკავშირებით.
ჰოოოდაააააა, ეკა კუპატაძე იმაზე საშიშია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია…“ – წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.
ფოტო სლაიდზე: „პუბლიკა“
