მსახიობმა ჯაბა კილაძემ ახლახან თავისუფალ თეატრში ავთო ვარსიმაშვილის ახალ სპექტაკლში „სტალკერი“ ითამაშა. თეატრის სცენაზე თუ ეკრანულ როლებში, ჯაბა მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესო და გამორჩეულია. fortuna.ge მსახიობს შეხვდა და კარიერის გარდა, ქალიშვილზე, ლიზაზეც ესაუბრა, რომელიც ამჟამად სწავლით არის დაკავებული.
ჯაბა, პირველ რიგში, სამსახიობო კუთხით რა სიახლეები გაქვს?
თავისუფალ თეატრში გავაკეთეთ ახალი სპექტაკლი „სტალკერი“, რომელიც ავთო ვარსიმაშვილმა დადგა. ალბათ, გავემგზავრებით საერთაშორისო ფესტივალებზეც.
თეატრალური ცხოვრების მიღმა, შენ ყოველთვის აქტიური იყავი ტელესერიალების კუთხით. რადგან ახლა ამ მხრივ პაუზაა, როგორ იღებ ამ ყველაფერს?
სერიალი ხან არის, ხან არ არის. ამას ნაკლებად განვიცდი.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი ხარ საქართველოში. რა მოგიტანა და რა დაგაკლო პოპულარობამ?
ჩვენ ისეთ ქვეყანაში და ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც თითქოს ისედაც ყველა პოპულარულია. ძალიან ნიჭიერი ერი ვართ. პატარა ქვეყანაში ასე თუ ისე ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. კარგია, თუ შენი პროფესიით ისეთ რაღაცას აკეთებ, რაც ადამიანებს ახარებს და მათ მკაცრი რეალობიდან წყვეტ… ჩემს ცნობადობას არც შევუწუხებივარ, არც პრობლემები შეუქმნია. მიყვარს ეს ქვეყანა, რადგან აქ ზებუნებრივად არავინ გამოხატავს, როცა გცნობენ. ხალხი ბედნიერია, როცა გხვდებიან. მანამდეც ჩვეულებრივად გადავაადგილდებოდი და ახლაც ასეა.
როცა პირველად მოვიდა პოპულარობა, მაშინ იყო „ვარსკვლავური დაავადება“?
„ვარსკვლავი“ ეპითეტად არასდროს მომიშველებია…
შენს ქალიშვილზე ვისაუბროთ, რომელსაც მოდელის კარიერა ჰქონდა არჩეული...
ვფიქრობ, თავის კარიერაზე თავად უნდა ისაუბროს. სასწავლებლად არის წასული, თავის საქმეს აკეთებს და სამოდელო ცხოვრებით აღარ ცხოვრობს.

მამა-შვილს შორის როგორი ურთიერთობაა?
ძალიან კარგი და ბედნიერი ვარ, რომ მაგარი თაობა მოდის, რომელთანაც შეიძლება საერთო ენის გამონახვა. ლიზა არის 19 წლის.
მისგან რამეს თუ სწავლობ?
ეს მუდმივი პროცესია. თავისთავად, ახალ თაობას თავისი მოსაზრება აქვს, შენ – შენი და წინა თაობას – თავისი. ეს არის გაცვლითი პროცესი. მინდა, იყოს ისეთი, როგორიც მას უნდა, იყოს. ერთადერთი სურვილი, რაც მაქვს, არის ის, რომ მისი ნებისმიერი წარმატება უკავშირდებოდეს თავის ქვეყანას, გამოადგეს მას. ვფიქრობ, ეს ყველა ჩვენგანის მთავარი ვალდებულებაა ამ დიდებული ქვეყნის წინაშე. ეს არის ჩემი სურვილი, ამას როგორ გააკეთებს, ეს მისი საქმეა.

გინდოდა, რომ ხელოვანი რომ ყოფილიყო?
გულწრფელად ვამბობ, ადამიანი ინდივიდია. ჩემი სურვილი ასრულდა, რომ მყავს ძალიან კარგი შვილი. არასდროს მქონია სხვა სურვილები, ვინ უნდა გამოვიდეს და ა.შ. როგორც მე არ მინდოდა, რომ ჩემთვის ვინმეს რამე გადაეწყვიტა, შვილთანაც ასეთივე დამოკიდებულება მაქვს და მექნება.
ქვეყანა ახსენე და ის, რომ ადამიანები საკუთარ ქვეყანას უნდა გამოადგნენ. თუ გქონია როდისმე ისეთი მომენტი, როცა სამშობლოდან წასვლაზე დაფიქრებულხარ?
არასოდეს!.. მეღიმება, როდესაც დღევანდელ რეალობაში მავანისთვის ეს ქვეყანა არ არის იდეალური. ჩემი თაობა გაიზარდა ძალიან მძიმე პერიოდში, სამოქალაქო ომი დაგვემთხვა და ყველა მძიმე წუთი, რაც ქვეყანამ გამოიარა, სროლით, ომით. ჩემს ცხოვრებაში არც ერთხელ არ ყოფილა ეტაპი, პატარაც რომ ვიყავი, მეთქვას, აუ, სად დავიბადე, ან გამჩენოდა ამ ქვეყნიდან სადმე საცხოვრებლად წასვლის სურვილი. რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალური არჩევანია და არავის ვაკნინებ. შეიძლება, წახვიდე, ისწავლო, მიიღო კვალიფიკაცია, კიდევ ვიმეორებ, იმისთვის, რომ შენს ქვეყანას გამოადგე. ეს არის ჩემი პირველი ამოცანა და არასდროს სხვაგან ცხოვრება არ მომნდომებია.

10-15 წლის შემდეგ როგორი წარმოგიდგენია საკუთარი თავი? რა გინდა, რომ მოხდეს შენს ცხოვრებაში?
დიდ პროფესიას ვემსახურები, რომელსაც აქვს უდიდესი დანიშნულება. ხელოვნებას არ გააჩნია საზღვრები. თეატრი მიყვარს და ნომერი პირველია, სულიერი საკვებია, რის გარეშეც არ შეიძლება ცხოვრება, როგორც წიგნი… წიგნს კითხულობ და თეატრი კი გიცოცხლებს ამ ყველაფერს. თეატრი ბევრნაირი ფორმით იქნება, ყველას აქვს არსებობის უფლება. ჩემთვის თეატრს აქვს ძალიან დიდი სულიერი დანიშნულება. ჩემი მიზანია ამ პროფესიაში განვითარება. იმაზე უკეთესი მინდა ვიყო, როგორიც დღეს ვარ. რაც მეტი რამ გამოგივა კარგად, მით მეტი გამოწვევაა წინ. როცა ადამიანებს უნდათ შენი სცენაზე ხილვა, ეს უდიდეს პასუხისმგებლობას გაკისრებს.
პრაქტიკული სურვილები თუ გაქვს? მაგალითად, ოჯახის შექმნა?
ეს ისეთი რამაა, ინტერვიუში რა სალაპარაკოა (იღიმის),
ინტერვიუ: ნინო მურღულია