დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სტოკ-ონ-ტრენტიში, პოლიციამ 31 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების ავტომობილი გაიტაცა. ინციდენტის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.
სასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოსთან იყო გაჩერებული, როდესაც მოულოდნელად, მამაკაცი მძღოლის ადგილზე დაჯდა და ავტომობილი ადგილიდან დაძრა. ამ დროს მანქანაში იმყოფებოდნენ ექიმი, პაციენტი და კიდევ ერთი პირი.
მომხდარის შესახებ მალევე შეიტყვეს სამართალდამცველებმა და გამტაცებელს დაედევნენ. საბოლოოდ, გაქცეული ავტომობილი ავტოგასამართ სადგურზე შეაჩერეს. ეჭვმიტანილი მანქანიდან გადახტა და გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციის ძაღლმა ის მალევე შეაჩერა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველები მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებენ.