2 მარტს, ლონდონში, BRIT Awards გაიმართა.
ცერემონია დუა ლიპამ სიმღერის – Training Season შთამბეჭდავი პერფორმანსით გახსნა. 28 წლის მომღერალმა სამიდან ერთ, ,,საუკეთესო პოპ შემსრულებლის” ნომინაციაში მოიგო.
დაჯილდოების ტოპ ნომინანტი – RAYE აუდიტორიის წინაშე სადებიუტო დისკის – My 21st Century Blues ჰიტებით წარდგა. ის ბრიტანული ,,გრემის” ისტორიაში პირველი არტისტი გახდა, რომელმაც ერთდროულად, ყველაზე მეტი ნომინაცია და ჯილდო მიიღო.
26 წლის მუსიკოსმა 7-დან 5, მათ შორის: ,,წლის ბრიტანული ალბომის“, ,,წლის სიმღერისა” და ,,წლის ბრიტანელი არტისტის” ნომინაციაში გაიმარჯვა. ის ასევე ,,წლის კომპოზიტორად” აღიარეს. 2021 წელს ეს ტიტული ედ შირანს, ხოლო 2022-ში – ქიდ ჰარფუნს მიანიჭეს.
საღამო კაილი მინოუგის გამოსვლით დაიხურა. ავსტრალიელ მომღერალს საპატიო ჯილდო – Global Icon გადასცეს. პრესტიჟული პრემიის პირველი რეციპიენტი 2021-ში, ტეილორ სვიფტი გახდა.