LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: პლასტიკური ოპერაცია სტამბოლში, ორი ალბომი და ახალი პროექტი აშშ-ში, სადაც ნუცა ბუზალაძე გამოჩნდება: „ჯერჯერობით კარიერაზე ვარ ორიენტირებული და ვერ ვიცლი პირადი ურთიერთობებისთვის, მაგრამ მინდა, 30 წლის ასაკში უკვე შვილი მყავდეს…“

1534
ნუცა-ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე მცირე ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდა, რასაკვირველია, მომღერალს აქვს დიდი სიახლეები, რომლებიც ექსკლუზიურად fortuna.ge-ს გაუმხილა.

ნუცას 2 აგვისტოს სოლოკონცერტი ექნება ბათუმში და ახლა სწორედ ამ დიდი ღონისძიებისთვის ემზადება…

ნუცა, რა სიახლეებით ხარ ჩამოსული საქართველოში?

სტამბოლში გავიკეთე პლასტიკური ოპერაცია, მაგრამ ჯერჯერობით არ ვამბობ, რისი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა ამ ოპერაციის გაკეთება და ველოდებოდი შესაფერის დროს. ვფიქრობდი, რომ ეს დრო დადგებოდა „ევროვიზიის“ შემდეგ, რადგან მანამდე დრო არ მქონდა. სპეციალურად ჩავედი სტამბოლში ამ ოპერაციის გასაკეთებლად. ერთი თვის შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდი, სადაც გულშემატკივრებთან შეხვედრა გავაკეთე. წავედი ბერი ანდრიას ფონდში, ვინახულე ბავშვები. ასევე მივიღე მონაწილეობა ბაქოში, ფესტივალის დახურვაზე, ნანი ბრეგვაძესთან ერთად. ახლა კი ვემზადები ჩემი სოლოკონცერტისთვის, რომელიც ბათუმში, 2 აგვისტოს გაიმართება.

აშშ-ში როდის ბრუნდები?

სოლოკონცერტის შემდეგ ამერიკაში დავბრუნდები, სადაც მუშაობას დავასრულებ ჩემს ალბომზე, მერე კი ისევ საქართველოში ჩამოვალ და დავიწყებ ქართულენოვანი ალბომის ჩაწერას.

შენი კარიერის პიკში ხარ, მიიღე მონაწილეობა American Idol-ში, შემდეგ „ევროვიზიაზე“. ცოტა მოწყენილობა ხომ არ შემოგეპარა მას შემდეგ, რაც შენი ცხოვრების ეს საინტერესო ეტაპები დასრულდა?

მოდუნებული და მოწყენილი არასდროს ვარ, დეპრესია არასდროს მქონია, მადლობა ღმერთს. სანამ რაღაცას ვაკეთებ, ვიცი, შემდეგი რა უნდა იყოს. სანამ მაყურებლისთვის გახდება ცნობილი, რაზე ვმუშაობ, იქამდე სულ მუშაობის პროცესია. როდისმე თუ მექნება ისეთი პერიოდი, როცა ჩემი საქმით არ ვიქნები დაკავებული, არ მექნება იდეები და გეგმები, მაშინ არ ვიცი… იმდენად მიყვარს სიმღერა, მის გარეშე არ წარმომიდგენია ცხოვრება. ასევე არ წარმომიდგენია ცხოვრება პერფორმანსისა და სცენაზე გამოსვლის გარეშე, მიყვარს გადაცემებში სტუმრობაც, რადგან ესეც აუდიტორიასთან მუშაობა და ხალხთან ურთიერთობაა.

რომელიმე საერთაშორისო პროექტში თუ გიხილავთ კიდევ?

აშშ-ში, კიდევ ერთ პროექტში მიხილავთ, ოღონდ არა კონკურსში. კონკურსებით ძალიან დავიღალე. „ევროვიზია“ ისეთი პროექტი იყო, სადაც ჩემი მოვალეობა იყო გასვლა და მაქსიმალურად კარგად წარმედგინა ჩემი ქვეყანა. კონკურსებში მონაწილეობა დავამთავრე. იმაზე მაგარი პროექტები, სადაც მე გამოვსულვარ, აღარ არსებობს.

ამერიკაში გყავს აგენტი, როგორ გიწყობს ხელს?

მან ისე იმუშავა ჩემზე და ისეთი რაღაცები გამიკეთა, რასაც ამერიკელებიც ვერ ახერხებენ. ლეგენდარულ სტადიონებზე გამოვედი და ამერიკელებს ვუმღეროდი ჰიმნს… ისეთ სტადიონებზე მიმიწვიეს სამღერლად, სადაც მხოლოდ თამაშებზე დასწრებას თუ ვახერხებდი. სამი წლის წინ „ლეიკერსის“ თამაშს დავესწარი და ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, ამ სტადიონზე გამოსვლა და ჰიმნის შესრულება-მეთქი. მერე მიხდება ხოლმე ასეთი ჩანაფიქრები. მუშაობა ერთია და ენერგია – მეორე. როცა ბოლომდე ხარ ჩართული რაღაცაში, მგონია, გიმართლებს კიდეც. რომ ვიცოდე, მხოლოდ საქართველოში მინდა მოღვაწეობა, ალბათ, ფოკუსიც აქეთ მექნებოდა, მაგრამ ვიცი, რომ უფრო მეტი მინდა და შესაბამისად, ამისთვის ვმუშაობ კიდეც.

ახლა სად ცხოვრობს ნუცა ბუზალაძე?

დუბაის შემდეგ, პროექტიდან გამომდინარე, გადავედი აშშ-ში, ახლა ამერიკასა და საქართველოში ვცხოვრობ, ვარ ნიუ იორკში, ზოგჯერ მაიამიშიც მიწევს ჩასვლა, ჩემი აგენტი მაღალ დონეზე აორგანიზებს ყველაფერს. ერთი წელი სრულად რომ ამერიკაში ვიცხოვრო და ერთი თვე მაინც ვერ ჩამოვიდე საქართველოში, ასე არ მინდა და არ მომწონს ცხოვრება…

დედას არ ენატრები ხოლმე?

არ მგონია, რომ ვენატრებოდე ძალიან. სულ ხაზზე ვარ და კონტაქტზე, ხშირად ვნახულობ. ძალიან გიჟური მონატრება არ არსებობს, ამით არ გავწვალებულვართ.

პირადი ცხოვრებისთვის იცლი?

ძალიან მიჭირს მოცლა პირადი ცხოვრებისთვის, ორიენტირიც მიჭირს… არის ერთი ადამიანი, ვისთანაც მქონდა ურთიერთობა, თუმცა ჯერჯერობით, ალბათ, ის პერიოდი მაქვს, როცა პირადზე ვერ ვფიქრობ.

ეს ურთიერთობა იყო და აღარ არის?

არის, მაგრამ არ ვარ ურთიერთობებზე კონცენტრირებული. ის პერიოდი არ დამდგარა, როდესაც ჩავთვალე, რომ კარიერაში ყველაფერი გავაკეთე და ახლა ოჯახის დროა, მიუხედავად იმისა, რომ არ მიმაჩნია, როცა ქალი გათხოვდება, მისი კარიერაც უნდა დასრულდეს. თუ მონდომებული ხარ და საკუთარ თავს არ ეუბნები, ახლა გავთხოვდი და ყველაფერი მორჩაო, კარიერის გაგრძელებაც შესაძლებელია, ოჯახის პარალელურად. საკუთარ თავს როგორც დააპროგრამებ, ისე იქნები. აი, ახლა, მაგალითად, ოპერაცია რომ გავიკეთე, ზოგი რეაბილიტაციას დიდხანს მოანდომებდა. ექიმმა სიარულის უფლებაც მომცა, ოთხ დღეში უკვე დავიწყე სიარული და აქტიური ცხოვრება.

არ მგონია, რომ ვარ ის ადამიანი, ვისაც შეუყვარდება მამაკაცი, რომელიც იმას მაინც არ დააფასებს, რამხელა შრომა ჩავდე ჩემს კარიერაში ამდენი წლის განმავლობაში. ჯერჯერობით კარიერაზე მაქვს ორიენტირი, მაგრამ რაც უფრო მეტად მემატება ასაკი, ნელ-ნელა ეს ფიქრებიც მოდის. ახლა 27 წლის ვარ და მინდა, სამ წელიწადში შვილი მყავდეს… მაგრამ ჯერჯერობით ვუყურებ ჩემს ცხოვრებას, როგორ ამიხდება ის ოცნებები, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ჩემი აზრით, ბავშვი უფლის საჩუქარია. ამას ვერ დაგეგმავ, მაგრამ სურვილი მაქვს. ბავშვები ძალიან მიყვარს. ალბათ, ჩემს შვილს ყველგან ვატარებ…

როგორ ხედავ თავს 10 წლის შემდეგ?

როგორც საქართველოში ვუყვარვარ ადამიანებს, აფასებენ გზას, რაც გავიარე, მინდა, მთელ მსოფლიოში მსმენელებმა ასე დამინახონ, შეიყვარონ ჩემი სიმღერები, მოუნდეთ ჩემს კონცერტებზე მოსვლა, რომლებიც ანშლაგებით გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მსურს, ჩემი საავტორო ჰიტები მქონდეს, ყველამ იცოდეს ჩემი სიმღერები და მღეროდნენ ჩემთან ერთად. რა თქმა უნდა, მინდა, ჩემი ბიზნესიც მქონდეს, როგორც სუნამო გამოვუშვი, ასევე გამოვცე სხვა რაღაცებიც, მაგრამ მინდა, სიმღერა იყოს ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა. იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ, როცა სცენაზე ვმღერი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ შინაგანად. ჩემი დიდი ოცნებაა, სულ ვმღეროდე და ვიდგე სცენაზე.

რას ეტყვი შენს კრიტიკოსებს და შენს მოყვარულ ადამიანებს?

კრიტიკოსებს ვეტყოდი, რომ დაფიქრდნენ, ეს ჯანსაღი კრიტიკაა, თუ გამოწვეულია შურისგან, ბოღმისგან და ბოროტებისგან ბოროტებისგან, საკუთარ თავში რაღაც არ მოსწონთ და ამას შენ გაბრალებენ… ძალიან მინდა, ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავდეს, წარმატებული ვერ ხარ, როცა ბოროტი ხარ. როცა იცლი სხვა ადამიანის გასაკრიტიკებლად და ცუდი კომენტარების დასაწერად, წარმატება შენგან შორს არის.

რაც შეეხება ადამიანებს, ვისაც ვუყვარვარ, სულ მინდა, მათი იმედები და მოლოდინები გავამართლო, არ ვიმღერო ისე, რომ საკუთარ თავს კითხვა დაუსვან, უი, ეს რატომ გვიყვარდაო… მინდა, ჩემი ენერგია, სიყვარული, ბედნიერება მსმენელს გადავცე და ლამაზი მომენტები ვაჩუქო ცხოვრებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოვრება უკეთესობისკენ შევაცვლევინო, ეს სიმღერა იქნება თუ ჩემი საუბარი. ჩემთვის წარმატება ის არის, რომ ადამიანს სიკეთე გაუკეთო და სიამოვნება მიანიჭო შენი სიმღერით, მომღერალს მეტი რა შეუძლია? დიდი მადლობა მათ, რომ მუდამ ჩემ გვერდით დგანან და ბოლომდე მომყვებიან, წლებია. ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

მთავარი ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g