თუ ვინმე ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი გვარამიასა და ევროკავშირს შორის, ეს არის უსუსური მცდელობა, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, ხომ არ შექმნის ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას.
“გვარამია განასახიერებს კორუფციას, სიძულვილს, ზიზღს, ყველაფერ იმას, რაც არის ევროკავშირის საწინააღმდეგო მოვლენა. ევროკავშირი კი არის კანონის უზენაესობა და სამართლის აღსრულება, რაც მოხდა გვარამიასთან მიმართებით”, – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძე: ენმ, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები, თავისი არსით, არიან ანტიევროკავშირი
ამასთან, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, “ნაციონალური მოძრობა”, მისი სატელიტი პარტიები, კუთვნილი მედიასაშუალებების, NGO-ები და უცხოელი ლობისტები ხმაშეწყობილად მოქმედებენ სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ.
“ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების „ბულინგს“ მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაბამისად, ამ „ბულინგს“ სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.
ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მოვლენები ვითარდებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო გასული წლების განმავლობაში. ტელეკომპანია ჯერ კანონიერ მფლობელს წაართვეს, შემდეგ კი, როცა მიხვდნენ, რომ სასამართლო მას უსათუოდ კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდა, გაძარცვეს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, კანონიერ მფლობელს გაძარცვული უკან „მიუგდეს“. ეს არის ფაქტი, რომლის სამართლებრივი წესით დადასტურება მხოლოდ მათთვის შეიძლება იყოს მიუღებელი, ვისაც ამ საქმის მიმართ მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ მისი სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
ამავე თემაზე:
სამადაშვილი: იმედი მაქვს, დღესვე გაერთიანდება საზოგადოება შეწყალების პეტიციის ხელმოსაწერად
აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ
რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და ნიკა გვარამია აიყვანეს პოლიტიკურ ტყვეობაში: ადვოკატი