LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმართვა „იუნესკოს“, გასტრონომიული ელჩი და ხაჭაპურის ფესტივალი – საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია საქმიანობის ანგარიშს საზოგადოებას წარუდგენს

11
282110463_1184934138928316_4333787766261395477_n

სამეცნიერო კვლევების საშუალებით მსოფლიო გასტრონომიულ ასპარეზზე ქართული  გასტრონომიული კულტურის ცნობადობის ამაღლება, ჯანსაღი კვების პოპულარიზება სკოლებში, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კულინარიული შეჯიბრებების წარმოება – ეს იმ მიზნების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს გასტრონომიის ასოციაციას აქვს. ორგანიზაცია ანგარიშს მის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ, ასევე სამომავლო გეგმებზე საზოგადოებას მაისის ბოლოს წარუდგენს. მანამდე კი, ამ პროექტებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის თანადამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილი ისაუბრა.

  • რა მიზნით დაარსდა საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია და რამდენად მიჰყვებით ამ მიზნებს?

ჩვენი ასოციაციის მთავარი მიზანი საქართველოს გასტრონომიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია მისი ერთ-ერთი მიმართულების, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის როგორც დაცვა, ასევე განვითარება და რაც მთავარია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქართული კულინარიის მაქსიმალურად წარმოჩენა; საქართველოში ამ მიმართულებით განათლების კერების გაჩენა, მასტერკლასებისა და სხვადასხვა სასწავლებლების ამუშავების კუთხით; ქართულ გასტრონომიულ ტურიზმში ნორმებისა და სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების წარმოება, აკადემიური მასალების გამოქვეყნება, შესაბამისი ლიტერატურის შექმნა და გამოცემა, სამეცნიერო კვლევების საშუალებით მსოფლიო გასტრონომიულ ასპარეზზე ქართული  გასტრონომიული კულტურის ცნობადობის ამაღლება, ჯანსაღი კვების პოპულარიზება სკოლებში, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კულინარიული შეჯიბრებების წარმოება და სხვა.

ამასთან, ჩვენი მთავარი მისაა, რომ გასტრონომია, როგორც ჩვენი ქვეყნის საიმიჯო რესურსი პოპულარული გავხადოთ კიდევ უფრო მეტად. თუ დააკვირდებით, მსოფლიოშიც და საქართველოშიც ძალიან კარგი ბერკეტი და საშუალებაა, მარკეტინგის და ასევე ჩვენი კულტურის – ქვეყნის კვების სახით წარმოჩენა. სხვათა შორის, ამას ხერხს ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს. მაგალითად, იტალიას თავისი ტურიზმის წამყვან სლოგანად ადრე ჰქონდა – „ნახეთ ჩვენი კულტურა“, შემდეგ ეს სლოგანი შეცვალეს და ამჟამად, აქვთ – „დააგემოვნე იტალია“.

  • ვინ არიან საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის წევრები?

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის წევრები არიან, პირველ რიგში, შეფმზარეულები, რომლებიც 80-ზე მეტია. ყველა წამყვანი შეფმზარეული საქართველოში, ჩვენი ასოციაციის წევრია. ამასთან, ჩვენი ასოციაციის წევრები არიან: რესტორატორები, დიზაინერული სასტუმროები, ბუტიკური სასტუმროები, ღვინის მარნები, კონცეპტუალური რესტორნები და საოჯახო რესტორნები.

  • უკვე განხორციელებული პროექტების სია ვრცელია?

2018 წლიდან დღემდე, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ სფეროსთვის დიდი მნიშვნელობის მქონე არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის: მსოფლიო კულინარიულ რუკაზე მონიშნა საქართველო, მსოფლიო კულინარიულ კონკურს Bocuse D’or-ში გაწევრებით; ჩაატარა ხაჭაპურის სახეობების მასშტაბური პირველი კვლევა საქართველოში – „ხაჭაპური – ტრადიცია საქართველოში“; დააფუძნა „ხაჭაპურის დღე“ 27 თებერვალს და ხაჭაპურის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურ სახეს მიიღებს, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დიდ პროექტებს შორის მოიაზრება „იუნესკოსთვის“ ოფიციალურად მიმართვა, რათა ეს ქართული კერძი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად იქნას აღიარებული; საქართველო ოფიციალურად გახდა The World’s 50 Best Restaurants (დიდი ბრიტანეთი) – ის მონაწილე.

ცალ-ცალკე რომ ჩავშალოთ ამ პროექტების ნაწილი, გეტყვით, რომ 2019 წელს წავედით შეფმზარეულების მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც საქართველო წარვადგინეთ ასეთი სტენდით: „საქართველო, როგორც სუფრის ხელოვნება“. ამის შემდეგ, 2021 წელს, საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა შეფმზარეულების ევროპის ჩემპიონატში. ამასთან, როგორც უკვე გითხარით, 2018-2020 წლებში, განვახორციელეთ ხაჭაპურის ფესტივალი. ყოველწლიურად გვაქვს პროექტი „გასტრონომიული ელჩი“-ც – ეს პროექტი საზღვარგარეთ მოღვაწე ადამიანებს პოულობს, რომლებიც გასტრონომიის მიმართულებით საქმიანობენ. ჩვენ შევისწავლით მათ საქმიანობას, გვყავს კონკრეტული ჯგუფი, სპეციალისტებისგან შექმნილი, რომელიც ყოველი წლის ბოლოს აჯამებს ამა თუ იმ ადამიანის საქმიანობას ჩვენს სფეროში და შემდეგ, მას გასტრონომიული ელჩის წოდებას ვანიჭებთ. ეს ადამიანები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და ბევრ ქვეყანაში საქართველოს ელჩებიც კი არიან.

სხვათა შორის, პანდემიის პერიოდში აქტიურად ვიყავით დაკავებული სხვადასხვა სოციალური პროექტებითაც, უამრავი ადამიანი გვყავს დაპურებული, თბილისის მერიას დავეხმარეთ, თბილისის გასტრონომიული დედაქალაქის სტატუსის მიღებაში და 2020 წელს გახდა თბილისი ამ სტატუსის მატარებელი. ასევე კოვიდის პერიოდში, გავაკეთეთ პროექტი შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის – „აღმოაჩინე ქართული გასტრონომია“ და ვიმოგზაურეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმოვაჩინეთ ჩვენი ქვეყნის რეგიონების სამზარეულო.

მოკლედ, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს – მათ შორის, ერთ-ერთი არის ქსელური არტიზანული სახაჭაპურე „გუნდა“. ივნისის თვეში გავხსნით უკვე პირველ ობიექტს თბილისში, მეორე ობიექტს კი შემდეგ წელიწადს გავხსნით ნიუ-იორკში,  სადაც ამ ეტაპზე, ფართის ძიებაში ვართ. ვთანამშრომლობთ ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველთან, რომელიც ამ ბიზნესში ძალიან დიდი პოტენციალს ხედავს. „გუნდასთან“ დაკავშირებით კონკრეტული მიზანი გვაქვს, რომ გავაკეთოთ ეს პროექტი ისრაელში, იაპონიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ეს იქნება პირველი ქსელური, თანამედროვე, არტიზანული სახაჭაპურე და იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ფორმატის პროექტები უფრო ხშირად განხორციელდება.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს საზღვარგარეთ ქართული რესტორნების გახსნის, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვების ზრდასაც. იმიტომ, რომ ამ ეტაპზე, მაგალითად, ლოს-ანჯელესში არის 13 ქართული რესტორანი და არცერთის მფლობელი არ არის ქართველი. მათ შეიძლება არც იცოდნენ, რა არის ხარისხიანი ქართული სულგუნი, აჯიკა, ხორბალი – ადგილზე პოულობენ სხვა ქვეყნების რაღაც პროდუქტებს და იმით აკეთებენ ქართულ კერძებს, რაც არ არის სწორი და იტალია მაგით არის განვითარებული მსოფლიოში, რომ მისი პიცა რომ დააგემოვნოთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პიცის ფქვილი.

  • როგორია თანამედროვე ქართული სამზარეულო? ამ სექტორში არსებული გამოწვევები და მიღწევები რა არის?

გამოწვევად რჩება ისევ საგანმანათლებლო სექტორი იმიტომ, რომ სრულფასოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ახალგაზრდას, რომელიც სკოლას ამთავრებს და ოცნებად აქვს გახდეს რესტორატორი, შეფმზარეული, არ აქვს შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ სასწავლებელში ისწავლოს, არის ბევრი კურსი პირველადი შემსწავლელი, მაგრამ არა სრულფასოვანი სასწავლებელი.

რაც შეეხება მიღწევებს – მთავარი ინტერესი ტურისტის და ქართველი მომხმარებლის არის ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო – ერთად შეჯამებული ეს ყველაფერი არის გასტრონომია. გასტრონომია ნომერ პირველი მოთხოვნაა ნებისმიერი ტურისტის საქართველოში, აქედან გამომდინარე, ეს სფერო ძალიან პოპულარული გახდა ბოლო წლებში და ძალიან მზარდია კულინარიით დაინტერესება. მთავარია, ახლა, ახალმა თაობამ და სხვა თაობებმა ერთობლივად შევძლოთ, წინ წავწიოთ ეს სფერო. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ერთ ადგილს ვტკეპნით. ესეც, ალბათ, განათლების უკმარისობის თემაა. ამჟამად, ძალიან ბევრი ახალგაზრდა შეფმზარეული, რესტორატორი უცხოეთში სწავლობს და მე ძალიან დიდი იმედია მაქვს, რომ 4-5 წელიწადში რომ დაბრუნდებიან, ძალიან ბევრს შემატებენ გასტრონომიულ სექტორს.

  • და ბოლოს, ღონისძიება, რომელიც 31 მაისს იგეგმება. სად, რა ვითარება გაიმართება პრეზენტაცია და ვინ დაესწრებიან მას?

31 მაისს, 17:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში გაიმართება საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზენტაცია, სადაც გასტრონომიულ სექტორს, სახელმწიფო სტრუქტურებს, ბორდის წევრებსა და დონორ ორგანიზაციებს წარედგინებათ ანგარიში უკვე განხორციელებული პროექტების, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ღონისძიებას ჯამში 120-ამდე ადამიანი დაესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები