იცოდი რომ, საქართველოში, სტატისტიკურად ტექინსპექტირება ყველაზე მეტ ავტომობილს 15-დან 25 ივლისამდე უწევს? თუ თქვენი ავტომობილის ტექდათვალიერების თარიღიც ამ პერიოდშია, მაშინ „გრინვეი“ ვადაზე ადრე მომსახურებას გთავაზობთ იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ზაფხულის ცხელ დღეებში რიგში დგომა.
როგორც „ბიზნესნიუსის“ ეთერში საქართველოში ტექინსპექტირების ყველაზე ფართო ქსელის – „გრინვეის“ დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა განაცხადა, „გრინვეი“ მომხმარებელს კომფორტულ გარემოსა და შეუფერხებელ სერვისს სთავაზობს. გარდა ამისა, ებიტაშვილმა ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით ტექინსპექტირების პროცესის მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში, ავტომფლობელების ქცევა, ეტაპობრივად, უკეთესობისკენ იცვლება.
– ხომ არ შეაფერხა პანდემიამ ქვეყანაში ტექინსპექტირების პროცესი?
როგორც ყველა დარგს, ისე ტექინსპექტირების მიმართულებასაც, საკმაოდ მძიმე დაღი დაასვა პანდემიამ და 2020 წელი იყო ურთულესი წელი ჩვენი ინდუსტრიისთვის. დიდი ვარდნა გვქონდა 2019 წელთან შედარებით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2020 წელს, სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით 40%-ამდე იყო კლება ტექინსპექტირებაზე გამოცხადების კუთხით, რაც საკმაოდ დრამატული მაჩვენებელია.
-რა ტიპის მომსახურებას სთავაზობს „გრინვეი“ ავტომფლობელებს?
„გრინვეი“ არის საქართველოში ტექინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელი. ჩვენ წარმოდგენილი ვართ თითქმის ყველა რეგიონში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: თბილისში 11 სერვისცენტრი გვაქვს, ხოლო რეგიონებში – 19 სერვისცენტრი. „გრინვეი“ ტექინსპექტირებას უწევს ყველა ტიპის ავტოტრანსპორტს, რაც საქართველოშია რეგისტრირებული. ჩვენთან ტექინსპექტირების სერვისის მიღება არის ძალიან მარტივი, მოხერხებული და კომფორტული პროცესი ჩვენი მომხმარებლებისთვის.
-ყველაზე ხშირად რა ტიპის ხარვეზები ჭარბობს ჩვენს ქვეყანაში, რის გამოც ავტომობილები ტექინსპექტირებას ვერ გადიან?
ყველაზე გავრცელებული, რაზეც ხარვეზდება მანქანა არის: მაშუქები, გამონაბოლქვი, მინები. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საინტერესო ტენდენცია გვაქვს: ჩვენი დაკვირვებით, რეფორმის პირველ წელს, როდესაც ხარვეზდებოდა გამოცხადებული ავტომობილების დაახლოებით 65-70%, წელს მაჩვენებელი რადიკალურად გაუმჯობესებულია და დაახლოებით, 45-დან 50%-ამდე მერყეობს. რაც მთავარია, ეს მაჩვენებელი დროის გასვლასთან ერთად უმჯობესდება, ვინაიდან, მომხმარებლები სწავლობენ და უკვე მომზადებულები მოდიან ტექინსპექტირებაზე, ძალიან ბევრი ავტომობილი უკვე პირველივე ჯერზე წარმატებით გადის ტექინსპექტირებას, რაც იმედისმომცემი ტენდენციაა.
-„გრინვეის“ საქმიანობიდან დღემდე – თუ გაქვთ სტატისტიკა რამდენ ავტომობილს აქვს ტექინსპექტირება გავლილი თქვენთან და ზოგადად, თუ შეიცვალა ავტომფლობელების ქცევა? ადრე, გარკვეულ ხრიკებს მიმართავდნენ ხოლმე, მაგალითად, ნაწილებს ითხოვიდნენ და ისე გადიოდნენ ტექინსპექტირებას – ახლაც ასეა?
პირველივე დღიდან დაწყებული დღემდე, მთელს ქსელში უკვე 750 ათას ავტომობილზე მეტი გავატარეთ ტექინსპექტირებაზე. რაც შეეხება მომხმარებელთა ქცევას – ის გაუმჯობესებულია და კიდევ უფრო უმჯობესდება, როგორც უკვე აღვნიშნე. თუ ადრე, ასეთი მანიპულაციები უფრო აქტიური იყო და უფრო მეტად ხდებოდა, ახლა შედარებით – ნაკლებად, თუმცა კვლავაც, გამოწვევად რჩება გზებზე ავტომობილების კონტროლი, ვინაიდან სწორედ ამ მანიპულაციების და არაკეთილსინდისიერი მიდგომის შედეგად, შესაძლოა, მანქანამ ტექინსპექტირება გაიაროს და მომზადებული იყოს იმ მომენტში, ხოლო ცენტრიდან რომ გადის, იგივე თუნდაც გამონაბოლქვის კუთხით, ხშირად გვინახავს რომ ბოლავს მანქანა – ეს კვლავ პრობლემად რჩება და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გზებზე ადმინისტრირების გამკაცრება, თავად მაკონტროლებლების მხრიდან. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იმისთვის, რომ ჩვენ რეფორმა საბოლოო ჯამში, წარმატებით გავატაროთ. უახლოესი ტრაგიკული ფაქტებიც საგზაო გზებზე მოწმობს, რომ საგზაო უსაფრთოების მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო. როდესაც ვადაგადაცილების, ან არაკეთილსინდისიერი ავტომფლობელების მანიპულაციებით ხდება პროცესში ჩარევა, (გვაქვს შემთხვევები, როდესაც, მანქანები 1, 2 და 3 წლის ვადაგადაცილებაში არიან და არ გადიან ტექინსპექტირებას) შედეგად ვიღებთ ტრაგიკულ და სავალალო ფაქტებს, რომელთა აცილებაც სწორი ჩარევებით შესაძლებელი იქნებოდა. ასეთი ცვლილებების განხორციელებას ევროკავშირის ქვეყნებმა მოანდომეს საკმაოდ დიდი დრო, თუმცა, მათ დაიწყეს ნულიდან და არანაირი პრაქტიკული გამოცდილება ამ მიმართულებით არ არსებობდა.. რაც შეგვეხება ჩვენ, უკვე დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა და 2020 წლიდან „გრინვეი“ არის ტექინსპექტირების საერთაშორისო ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი კომპანია და მათ საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ამ რეფორმის წარმატებით განხორციელება შესაძლებელია მოკლე პერიოდში. რა თქმა უნდა, რეფორმა 1 და 2 წელიწადში ვერ დასრულდება, თუმცა გადამჭრელი ნაბიჯების გატარება ამ პერიოდში შესაძლებელია.
-ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვალიფიციური კადრების შერჩევას?
„გრინვეი“ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთან კვალიფიკაციას, მათ შერჩევას და მომზადებას. ჩვენი მენეჯმენტი გადამზადებული არის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში, რომელიც სამეულში შედის ტექინსპექტირების სფეროში. მათ სათაო ოფისში – ბარსელონაში 2 თვიანი გადამზადების კურსი გაიარეს ჩვენმა კადრებმა და სწორედ იქიდან ჩამოსულმა ტრენერებმა, უკვე საქართველოში ჩვენს გუნდს გაუზიარეს იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ძალიან დაგვეხმარა საქმიანობაში მათი პრაქტიკული რჩევები… ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენს გუნდს მუდმივად, წელიწადში 4-ჯერ, ყოველ კვარტალურად უტარდება ატესტაცია, შესაბამისი ტესტირებები და საკმაოდ მაღალ ნიშნულზე გვაქვს აწეული კვალიფიკაციის მიმართულება.
-თუ აპირებთ წელს „გრინვეის“ ქსელის გაფართოებას?
წელს იგეგმება გაფართოება და თბილისის მასშტაბით, ვფიქრობთ რამდენიმე ლოკაციის ათვისებას. აქვე მინდა დავამატო, რომ წელს საკმაოდ ცხელი ზაფხული იქნება ტექინსპექტირებაში, 15 ივლისიდან ივლისის ბოლომდე საკმაოდ დიდი ნაკადები იქნება, ანუ ბევრ ავტომობილს უწევს ერთდროულად ტექინსპექტირების გავლა და მინდა, მოვუწოდო ყველა ავტომფლობელს, რომ თადარიგი დაიჭირონ და ივლისის დასაწყისიდანვე შეუძლიათ მათ ტექინსპექტირების გავლა „გრინვეის“ ქსელში, მათთვის მოსახერხებელ ლოკაციასა და დროს – ამ ყველაფრის განხორციელება შესაძლებელია ჯავშნითაც, დათქმულ დროს გამოცხადდება მომხმარებელი კონკრეტულ ლოკაციაზე და ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ავტომობილი გაივლის ტექინსპექტირებას.