LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზი დარასელია: „მამაჩემი ამბობდა, ბიჭი რომ ყოფილიყავი, ძალიან მაგარი ფეხბურთელი იქნებოდი, რადგან გოგო ხარ, არ მინდა, ფეხები დაგიმახინჯდეს, სჯობს, ნარნარა დარჩეო…“

288
ლიზი დარასელია

ვიტალი დარასელიას შვილიშვილი, მომღერალი ლიზი დარასელია ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მას თავადაც ძალიან მოსწონდა ფეხბურთი და თამაშობდა კიდეც.

ლიზი დარასელია: ბოლო პერიოდში ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი საავტორო სიმღერას უჭირავს, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობ და მინდა, ალბომიც გამოვუშვა. ამ ეტაპზე ბაბუაზე ვაკეთებ საავტორო სიმღერას. მამამ ამერიკაში ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია გახსნა და მისთვის ვამზადებ.

– თურმე შენც ძალიან გიყვარს ფეხბურთის თამაში.

– ძალიან და სხვათა შორის, ძალიან კარგად ვთამაშობდი. სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია არ მითამაშია. მამაჩემი ამბობდა, შენ რომ ბიჭი ყოფილიყავი, ნამდვილად ძალიან მაგარი ფეხბურთელი იქნებოდი, მაგრამ რადგან გოგო ხარ, არ მინდა ფეხები დაგიმახინჯდეს, სჯობს, ლამაზი და ნარნარა დარჩე, ვიდრე კაცის ფეხებით იაროო და მეც დავუჯერე (იცინის). მართლა ძალიან მინდოდა ფეხბურთის თამაში და სხვათა შორის, ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში მეც დავდიოდი ოთხი თვე. ძალიან კარგი შედეგები მქონდა, ყველა ტრენერი გაოცებული იყო, ეს როგორ თამაშობს ბიჭებზე კარგადო (იცინის). მე აღარ, მაგრამ ჩემი პატარა ძმა თამაშობს, პატარა ვიტალი დარასელია და ყველას მისი იმედი გვაქვს. ძალიან მონდომებულია და კარგადაც გამოსდის. პროგნოზებზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ბაბუს და მამის განეტიკა აქვს.

– შენ ფეხბურთს არ გაჰყევი, მაგრამ ეზოში ხშირად თამაშობდი…

– კი, თან ძალიან ხშირად. ერთ-ერთ მოედანზე ვთამაშობდი, როგორც ყოველთვის, ბიჭებთან ერთად. იქვე მდგომ კორპუსში ჩემი ნათესავი ცხოვრობდა. მის მეზობელს უთქვამს ჩემზე, ამ გოგოს პატრონი არ ჰყავს, სულ ბიჭებთან ერთად რომ თამაშობსო?! ოღონდ მთელი სერიოზულობით უთქვამს, ალბათ, იმიტომ, რომ 24/7-ზე ფეხბურთს ვთამაშობდი. ჩემთვის თოჯინები არ არსებობდა. პირველი სიტყვა დედა ვთქვი და მეორე ბურთი. ჩემს ნათესავს იმ ქალბატონისთვის უთქვამს, ეს იცით ვინ არის? ვიტალი დარასელიას შვილიშვილიაო და ახლა გასაგებიაო, უთქვამს იმ ქალს (იცინის). ვინც იცოდა, ვინ ვიყავი, ის ისედაც არაფერს ამბობდა (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g