თბილისში წერეთლის გამზირზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი თამარ გერმანიშვილია.
არსებული ინფორმაციით, ჯერ ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.
გარდაცვლილის და სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დის სიკვდილი უბედური შემთხვევა არ ყოფილა.
„23 წლის და მომიკლეს! დიახ, მომიკლეს და ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა. საშინელი ერი ვართ.. ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ჩემი დის ფოტოებს აფრიალებთ და თან ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ. ბოლოს სიკვდილამდე ზუსტად 5 წუთით ადრე ველაპარაკე ჩემს დას. თამარმა მომწერა, რომ ტაქსის მძღოლი უცნაურად ელაპარაკებოდა, ამიტომ ვთხოვე ლოკაციის გაზიარება, რომ მენახა ზუსტად რა ადგილას იყო. ეზოს ჭიშკართან მიყვანილი ბავშვი მომიკლა!
სახლთან როგორც კი მივიდა და დაინახა, რომ თამარის მეგობრები მანქანით იდგნენ, აღარ გაუჩერა მანქანა და მთელი სისწრაფით დაიწყო მოძრაობა. ამ ყველაფერს ჩემი თვალით ვუყურებდი! აბა გაბედეთ და ვინმემ თქვით, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.ჩემი და მოკლეს და არც იფიქროთ არანაირ დანდობა. ყველას გაეცემა პასუხი.. მკვდარსაც და ცოცხლებსაც ვინც ამ უნამუსოს დარჩა…“ – წერს მარიამ გერმანიშვილი.
