„როგორია ხველის გამშვები მექანიზმი, როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვს ხველა სახლის პირობებში და რა ტიპის ხველა საჭიროებს სასწრაფოდ ექიმის ჩარევას, რამდენად საშიში მდგომარეობაა კრუპი და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს“ – აღნიშნულ თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა – თამარ მეტრეველმა ისაუბრა და არაერთი საჭირო რეკომენდაცია გაგვიზიარა.
ხველა, რომელიც აღმოცენდება ბავშვებში, ყოველთვის ნიშნავს თუ არა იმას, რომ ვირუსულ ინფექციასთან გვაქვს საქმე, საერთოდ, რატო იწყება ხველა და რა გამშვები მექანიზმი აქვს მას?
ხველა არის ის მიზეზი, რის გამოც ყველაზე ხშირად მოგვმართავენ ჩვენ, პედიატრებს. ის ბევრი მშობლისთვის ძალიან შემაშფოთებელი მდგომარეობაა.
ხველა არის რთული რეფლექსური აქტი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ სასუნთქი გზებიდან უცხო ნაწილაკი მოვაშოროთ და სასუნთქი გზები განვათავისუფლოთ იმისგან, რაც იქ არ უნდა იყოს, მაგალითად, არასაჭირო კომპონენტისგან, ნივთიერებისგან თუ ჭარბი ლორწოსგან.
ხველას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ის შეიძლება, იყოს ინფექციური ხასიათის, ყველაზე ხშირად კი, შეიძლება, იყოს ვირუსული ხასიათის. ხველა მხოლოდ ინფექციასთან არ არის დაკავშირებული, მას სხვა მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება, იყოს ალერგიული, კუჭ-ნაწლავის სისტემის გამო გამოწვეული, შეიძლება, იყოს გარემოს გამღიზიანებელ ფაქტორზე საპასუხო რეაქცია ორგანიზმის მხრიდან.
რა იწვევს ხველას და რა შეიძლება იყოს მიზეზი, ამაზე საუბარი ძალიან დიდხანს შეიძლება, მაგრამ ხველის ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც პაციენტი ჩვენთან მოდის, არის ინფექცია და ვირუსული ინფექცია.
მშრალი ხველა, სველი ხველა, შეტევითი ხველა, აღნიშნული განსაზღვრებები რა ინფორმაციას აძლევს მშობელს, მიუთითებს თუ არა ეს ხველის მიზეზზე, რა უნდა იცოდეს მშობელმა და როდის უნდა ატეხოს განგაში?
ხველის ტიპი დიაგნოზზე არ მიუთითებს, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მაგალითად, თუ მშრალი ხველაა, ამის მიღმა ნამდვილად ბრონქიტია ან თუ სველი ხველაა, ფილტვების ანთება და ა.შ. ასეთი დეფინიცია და კლასიფიკაცია არ არსებობს, მაგრამ ექიმს ძალიან ბევრ ინფორმაციას აძლევს ხველის ტიპი, ის უფრო მიჰყავს დიაგნოზისკენ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გაარჩიოს მშობელმა ხველის ტიპი, მესმის, რომ ეს ხანდახან ძალიან რთულია, რადგან ზოგჯერ, ხველა შერეული ხასიათისაა, ანუ თითქოს, მშრალად ახველებს ბავშვი, მაგრამ მერე, ნახველს ამოიღებს, მერე, ისევ მშრალად ახველებს… არ არის აუცილებელი, რომ ხველა მარტო მშრალი ან სველი იყოს, რაღაც მომენტში, შეიძლება, იყოს მშრალი და შემდეგ, სველი ხველა წამოვიდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ მიმდინარეობს ხველა.
თუ არის მყეფარე ხასიათის ხველა, თუ მას ახლავს ხმის შეცვლა, ეს უფრო ვირუსული კრუპის, ანუ ლარინგიტისთვის დამახასიათებელია, თუმცა არაა 100%-ში.
მხოლოდ მშრალი ხველა დიაგნოზზე ვერ მიგვითითებს, რადგან მშრალი ხველა შეიძლება, იყოს ალერგიული, შეიძლება, იყოს მშრალი ჰაერის გამო, იყოს გამოწვეული რაიმე გამღიზიანებლით, შეიძლება, ბავშვი იყოს პასიური მწეველი, შეიძლება, ეს ხველა გამოწვეული იყოს გასტროეზოფაგური რეფლუქსით, ანუ ერთი ხველის ტიპი ზუსტ, კონკრეტულ დიაგნოზზე ნამდვილად არ მიუთითებს, უბრალოდ, სხვა კლინიკურ ჩივილებთან ერთად კოლაბორაციაში გვეხმარება, რომ დავადგინოთ, რა არის ხველის მიზეზი.
არსებობს თუ არა იმ ტიპის ხველა, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს ექიმის ჩარევას? მაგალითად, ძალიან ხშირად ეშინიათ ხოლმე სპაზმური ხველის, მაშინ, როცა ჭეშმარიტი სპაზმი ისმინება, როცა არის ხმაურიანი სუნთქვა, როცა თავად ხველას მოჰყვება რაღაც ხმაური… რატომ არის ხოლმე საშიში ეს მდგომარეობა და მიანიშნებს თუ არა ის რაიმე ტიპის გართულებაზე, რაიმე ტიპის შესაძლო რისკებზე ბავშვთა ასაკში?
მარტო ხველაზე თუ ვისაუბრებთ, ხველა, რომელსაც თან ახლავს მსტვინავი სუნთქვა, სტვენითი ხმიანობა, როდესაც ისმის სტვენა, ეს ნიშნავს, რომ არის ბრონქოსპაზმი, რისი მიზეზიც სხვადასხვა შეიძლება იყოს, შეიძლება, იყოს ალერგია, შეიძლება, იყოს ვირუსით გამოწვეული ბრონქოსპაზმი, თუმცა თუ არის ბრონქოსპაზმი, ანუ ხველას თუ ახლავს სპაზმური, მსტვინავი ხმიანობა, ასეთი ტიპის ხველა ყველა ვარიანტში ექიმის მიერ უნდა შეფასდეს და რაც შეიძლება სწრაფად.
თუ ბავშვთან გვაქვს უეცარი ხველის დასაწყისი, ანუ ბავშვი არის ჯანმრთელი, მას არ აწუხებს არაფერი, თამაშობს, დაკავებულია რაღაც აქტივობით და უცებ დაეწყო ძალიან ძლიერი, შეტევითი ხასიათის ხველა, რომ თითქოს, ცდილობს, რაღაცისგან გაითავისუფლოს სასუნთქი სისტემა, ასეთ შემთხვევაშიც, აუცილებელია, რომ მიმართოთ ექიმს, რადგან შეიძლება იყოს უცხო სხეულის ასპირაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეტევითი ხასიათის ხველა, შემდგომ, შეიძლება, თითქოს, ჩაწყნარდეს. ასეთი უეცარი, შეტევითი ხასიათის ხველის დროს, ბავშვის მდგომარეობა ყველა ვარიანტში უნდა შეაფასოს სპეციალისტმა და უნდა ინახოს, არის თუ არა იქ უცხო სხეული. სხვა მხრივ, მხოლოდ ხველის ტიპი არ განსაზღვრავს, არის თუ არა გადაუდებელი მდგომარეობა.
თუ ბავშვს ახველებს და თან, ატყობთ, რომ სუნთქვა უჭირს, თუ უფრო მეტ ენერგიას ახმარს იმას, რომ ისუნთქოს, თუ უფრო აქტიურად ადის და ჩადის გულმკერდი, თუ სუნთქვაში მონაწილეობს კისრის კუნთები, თუ არის სილურჯე ტუჩების, პირის ირგვლივ, მაღალი ცხელება, რომელიც ძალიან ცუდად ემორჩილება სიცხის დამწევს ან თუ ბავშვი წესიერად ვერც კი ტირის, იმდენად დაღლილია ამ სუნთქვით, მოზრდილი ბავშვის შემთხვევაში, თუ ვერ საუბრობს, თუ წინადადებებს ვერ აბამს, ისვენებს და ქოშინებს, აუცილებელია, რომ მივმართოთ ექიმს.
თუ ბავშვი არის 3-6 თვემდე, განსაკუთრებით, 3 თვემდე და მას აქვს ხველა, სახლში დაცდა, რომ აბა როგორ იქნება, არ შეიძლება. 3-6 თვემდე ასაკის ბავშვები ნებისმიერი ხველის შემთხვევაში უნდა ინახონ პედიატრის მიერ.

სოციალურ ქსელებში არ ცხრება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელია ხველის ყველაზე ეფექტური წამალი, ასევე არ ცხრება რეკომენდაციები… წამლების ძალიან დიდი არჩევანია სააფთიაქო ქსელებში. როდესაც საუბარია ბავშვებზე, როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად მედიკამენტი?
სწორად აღნიშნეთ, სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად ვაწყდებით ამ ფრაზას – „ხველის ეფექტური წამალი მირჩიეთ“, არის ცოტა უფრო დახვეწილი კითხვებიც „მირჩიეთ წამალი მშრალი ხველისთვის“, „მირჩიეთ წამალი სველი ხველისთვის“.
ასეთი უნივერსალური წამალი არ არსებობს, რადგან ხველა არ არის დაავადება, ხველა არ არის მდგომარეობა, ხველა არის სიმპტომი და შეიძლება, ის ძალიან ბევრ მდგომარეობას ახლდეს თან, ამიტომ ერთსა და იმავე ბავშვსაც კი შეიძლება, ჰქონდეს წლის განმავლობაში ორჯერ მშრალი ხველა და ერთ შემთხვევაში, კონკრეტული რაიმე წამალი მისთვის იყოს ძალიან ეფექტური და მეორე შემთხვევაში, არ იყოს ეფექტური. შესაბამისად, არ არსებობს არც მშრალი ხველის ეფექტური წამალი და არც სველი ხველის ეფექტური წამალი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ ახველებს ბავშვს და შემდეგ, დიაგნოზის მიხედვით დავნიშნოთ ხველის საწინააღმდეგო თუ სხვა მედიკამენტი და ეს აუცილებლად ექიმის მიერ უნდა მოხდეს.
ხველის შეფასება და დადგენა, თუ რატომ არის ხველა, ზოგჯერ, ექიმებისთვისაც ძალიან რთულია და დიაგნოზამდე მისვლა ბევრ კვლევას საჭიროებს.
რაიმე ერთი კონკრეტული მედიკამენტი, არც საინჰალაციო, არც დასალევი, რაც ნებისმიერი ხველისთვის ერთნაირად ეფექტური იქნება, არ არსებობს.
ხველის მკურნალობის ნაწილში ინჰალაცია ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე სხვა მედიკამენტები ან რა დროს დგება საინჰალაციო მედიკამენტების ჩართვის აუცილებლობა?
ინჰალაცია არის ერთ-ერთი გზა, რითაც შეიძლება, რომ მედიკამენტი ორგანიზმში მოხვდეს. გააჩნია მდგომარეობას და ზოგჯერ, ნამდვილად, ინჰალაცია ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა გზით მიღებული მედიკამენტი. ინჰალაცია ყველაზე ეფექტური, ძირითადად, ბრონქოსპაზმების დროს არის, რადგან მედიკამენტი ძალიან სწრაფად აღწევს სამიზნე ორგანომდე და სწრაფადვე გვაქვს დადებითი ეფექტი და ხველის შემსუბუქება.
მშობელს ძალიან გაუჭირდება გადაწყვეტა, საჭიროა თუ არა ინჰალაცია, რადგან ინჰალაცია რომ დავნიშნოთ, ჯერ უნდა მოხდეს დიაგნოსტირება, თუ რის გამო არის ხველა. ზოგიერთ შემთხვევაში საინჰალაციო საშუალება იქნება ძალიან ეფექტური და ზოგიერთ შემთხვევაში აბსოლუტურად არანაირი ეფექტი არ ექნება, იქაც გააჩნია, თუ რა მედიკამენტი გამოიყენება.
ხშირად არის ხოლმე მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია. ძალიან ბევრჯერ უთქვამთ მშობლებს, უკვე რამდენი დღეა ინჰალაციას ვუკეთებ ფიზიოლოგიური ხსნარით და არანაირი შედეგი არ აქვსო და ცხადია, აქაც გააჩნია, ისევ და ისევ იმას, თუ რის გამო ახველებს ბავშვი. ყველა შემთხვევაში ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია ეფექტური არ იქნება, ის შეიძლება, დამხმარე საშუალებად გამოვიყენოთ მშრალი ხველის დროს და ის უბრალოდ დაატენიანებს სასუნთქ გზებს, თორემ სხვა განსაკუთრებული ეფექტი მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაციას ვერცერთ შემთხვევაში ვერ ექნება, გააჩნია, თუ რა მედიკამენტთან ერთად გამოვიყენებთ მას. მედიკამენტის დანიშვნა, რა თქმა უნდა, დიაგნოზის მიხედვით ხდება.
ჩვენ ხშირად გვისაუბრია მაღალ ცხელებასა და ასეთ დროს ანტიბიოტიკების ჩართვაზე… მაგალითად, როცა 3-4 დღის შემდეგ ტემპერატურა ქვემოთ არ ჩამოდის , მშობლები მიმართავენ ანტიბიოტიკს და ხშირად აღწერენ ფაქტს, რომ ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ, ტემპერატურამ იკლო, რაზეც პასუხი არის ხოლმე ის, რომ ხანდახან, აღნიშნულ პერიოდში ტემპერატურა თავისითაც იწყებს კლებას და ჩვენ უბრალოდ ანტიბიოტიკს ვაბრალებთ ამას. ხველის შემთხვევაში როგორ არის ეს ყველაფერი? ჩვენ ხველის დროსაც ხშირად გვსმენია მშობლებისგან – „მივეცი ანტიბიოტიკი თუ არა, ხველამ იკლო“…
თუ მივეცით ანტიბიოტიკი და ხველამ იკლო, ესე იგი, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ანტიბიოტიკი ნამდვილად საჭირო იყო. ხველის მიზეზის უმეტეს შემთხვევას ანტიბიოტიკი არ სჭირდება. როგორც აღვნიშნე, თუ ხველა ინფექციურია, ძირითადად ვირუსული ხასიათისაა, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება, ხველა იყოს ბაქტერიული ხასიათისაც, შეიძლება, იყოს ბაქტერიული მწვავე რინო-სინუსიტი, ფილტვების ანთება, გახანგრძლივებული ბაქტერიული ბრონქიტი, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკის ჩართულობა ეფექტურია, რადგან მიზეზს აალაგებს იმიტომ, რომ ბაქტერიას, რაც ამ მდგომარეობას იწვევს, ანადგურებს ან აჩერებს მის ზრდას და შესაბამისად, უმჯობესდება ბავშვის მდგომარეობა, თუმცა მხოლოდ ის, რომ ბავშვს ახველებს და მაღალი ცხელება აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ანტიბიოტიკი უნდა დავიწყოთ.
გახანგრძლივებული ხველებაც და ცხელებაც უხშირესად ვირუსულმა ინფექციამაც იცის. შეიძლება, 5 დღე ველოდოთ, მერე, დავიწყოთ ანტიბიოტიკი და ერთ დღეში გაუმჯობესდეს ბავშვის მდგომარეობა, როცა ისედაც გაუმჯობესდებოდა, რადგან ვირუსსაც თავისი ციკლი აქვს და რაღაც ეტაპის მერე, ისედაც იწყება მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ ანტიბიოტიკი, როგორც ხველის საწინააღმდეგო, ანტიბიოტიკი, როგორც სიცხის დამწევი, არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან ამით ვაზიანებთ საკუთარ ბავშვსაც, ვუხოცავთ სხვა მეგობარ ბაქტერიებსაც და ძალიან დიდი წვლილი შეგვაქვს ანტიბიოტიკორეზისტენტობაშიც. შესაბამისად, ანტიბიოტიკის დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მიერ უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა, მაგალითად, თუ არის ბაქტერიული ხასიათის ფილტვების ანთება, რინო-სინუსიტი, გახანგრძლივებული ბაქტერიული ბრონქიტი, კი ბატონო, ნამდვილად ეფექტური იქნება, თუმცა სხვა შემთხვევაში, არა მარტო არ გააუმჯობესებს მდგომარეობას, შეიძლება, პირიქით, გააუარესოს კიდეც ფონური მდგომარეობა ან სხვა გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს.
ძირითადად, ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მედიკამენტები, რომლებიც ხველის დროს გამოიყენება, რადგან ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები მაინც არასწორი დეფინიციაა, ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ბავშვს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და არა იმისთვის, რომ დღეს წამალი დავალევინოთ და ხვალ ხველა მორჩეს. მშობელს უნდა ჰქონდეს სწორი და შესაბამისი მოლოდინი. ჩვენ, ექიმებმაც მშობელს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენთვის მთავარია, დავადგინოთ, ამ ხველის მიღმა რაიმე საყურადღებო მდგომარეობა არის თუ არა. ასევე, ბავშვს თუ ხველა ძალიან აწუხებს და ხელს უშლის ნორმალურ ძილში, ფიზიკურ აქტივობაში, სკოლაში ან ბაღში სიარულში, ეს ხველა მაქსიმალურად უნდა შევამსუბუქოთ, თორემ ის, რომ დღეს მედიკამენტი დავნიშნოთ და ხვალ ხველა აღარ იყოს, განსაკუთრებით ინფექციური და ვირუსული ტიპის, ამის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს არც მშობელს და არც ექიმს. ხველას ყველაზე კარგად კურნავს დრო, სითხეებით დატვირთვა და ის დამხმარე საშუალებები, რაც ექიმმა შეიძლება, დაგინიშნოთ.

ხველის დროს ხშირად აქვს ხოლმე დადებითი ეფექტი ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს. ასევე, ისევ ძალიან აქტუალურია ნოშპა, სუპრასტინის თემა, რადგან ბევრი მშობელი აღწერს, რომ შეტევითი, შემაწუხებელი ხველის დროს, ამ ტიპის პრეპარატების მიცემა, მკვეთრად ამსუბუქებს მდგომარეობას, ეს ნამდვილად ასეა?
რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან ეფექტური იქნება სუპრასტინი. ნოშპა სასუნთქ გზებს საერთოდ ვერ აღწევს და სუპრასტინი ნოშპის გარეშე რომ მივცეთ პაციენტს, მაინც იგივე ეფექტს მივიღებთ. ნოშპა ძირითადად გლუვ კუნთებზე მოქმედებს და უფრო კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, სისხლძარღვებზე აქვს ზემოქმედება. სუპრასტინი უფრო სედაციის გამომწვევი მედიკამენტია და რა თქმა უნდა, პაციენტს უფრო მეტად აძინებს, თან ანტიჰისტამინური მოქმედება აქვს, შესაბამისად, შედარებით მცირდება ხველის ინტენსივობაც. სუპრასტინი ყველა შემთხვევაში ეფექტური ვერ იქნება, თუმცა რიგი ხველის ტიპის დროს, შესაძლებელია, რომ მან დროებითი ეფექტი მოგვცეს.
ალერგიული ხველის გამშვების მექანიზმი ყოველთვის ვირუსული ინფექციაა? როცა იმის დიაგნოსტირებაზე დგება საქმე, ხველა ალერგიულია თუ არა, რა ნიშნები მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ უკვე დამატებითი კვლევები უნდა დავიწყოთ და რა კვლევები გვეუბნება და გვიდასტურებს იმას, რომ ხველა ნამდვილად ალერგიული ხასიათისაა?
ალერგიული ხასიათის ხველა ასევე საკმაოდ ხშირია პედიატრიულ პრაქტიკაში და რა თქმა უნდა, ის ყოველთვის ვირუსით განპირობებული არ არის, მაგრამ ვირუსი ხშირად არის ალერგიული ხველის გამშვები მექანიზმი. შესაძლებელია, პაციენტს ალერგია ჰქონდეს ოთახის მტვერზე და ასეთ შემთხვევაში, საერთოდ არ სჭირდება მას ვირუსული ინფექცია იმისთვის, რომ ხველა დაიწყოს, მას ისედაც სულ აქვს ხველა.
რაც შეეხება იმას, თუ როდის მიგვაქვს ეჭვი ალერგიული ხველის არსებობაზე, თუ ვირუსული ინფექცია დაეწყო პაციენტს, ჰქონდა ცხვირიდან გამონადენი, გაჭედილობა, ხველა, ტემპერატურის მატება, მერე, ეს ყველანაირი ჩივილი ალაგდა, მაგრამ ეს ხველა დარჩა, დარჩა და არასდროს დამთავრდა, ანუ გახანგრძლივდა. აქ მიგვაქვს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ვირუსული ინფექციის ბრალი არ არის და რომ ალერგიული ფონია.
ალერგიულ ხველას ძალიან ბევრი გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება, მიმდინარეობდეს ბრონქოსპაზმით, ახლდეს სტვენითი ხმიანობა ან ჰქონდეს სხვა ისეთი ნიშნები, რაც ალერგიაზე მიუთითებს, მაგალითად, ცხვირის ქავილი, ნაზალური ობსტრუქცია, თვალების ქავილი, ცრემლდენა, ტანზე გამონაყარი. ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი, ხშირად შეიძლება, რომ ასთმა განვითარდეს.
თუ ალერგიულ ხველაზე გვაქვს ეჭვი, მცირე ასაკის ბავშვებში სპირომეტრია ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ მათთან შესაძლებელია, სისხლის ანალიზის რიგი კვლევებით დავადგინოთ ეს ყველაფერი. არსებობს რიგი კვლევები, უნივერსალური კვლევა არ არსებობს, რადგან გააჩნია, რაზე გვაქვს ეჭვი. საწყისი კვლევა შეიძლება, რომ პედიატრმა ჩაატაროს, მაგრამ შედეგ, პაციენტს ყოველთვის ვამისამართებთ ალერგოლოგთან და ერთად ვმართავთ ხოლმე მათ.
არის ბავშვების კატეგორია, რომლებიც მიდრეკილნი არიან ხშირი ხველისკენ, შემაწუხებლად ახველებენ ყველა ვირუსული ინფექციის დროს და მშობლები ჩივიან, რომ არ არსებობს ინფექცია, რომ არ მოჰყვეს გართულება მწვავე ხველის სახით. ასეთი ბავშვებიც უნდა მოერიდონ გარემო ფაქტორების ისეთ მომენტებს, როგორიცაა მტვერი სახლის პირობებში, კვამლი, დაბინძურებული ჰაერი? შეიძლება თუ არა, რომ ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ახველებენ, ასეთი გამაღიზიანებელი ფაქტორები ერთგვარ გამშვებ მექანიზმად იქცეს, იმისთვის, რომ ხველა წამოიწყოს თუ აქ მხოლოდ ალერგიულ ბავშვებზეა საუბარი?
არა, აუცილებელი საერთოდ არ არის ალერგიული იყო, რომ მტვრის ნაწილაკებმა, პასიურმა მწეველობამ, მშრალმა ჰაერმა, ძალიან ცივმა ჰაერმა ხველა გამოიწვიოს.
„ვირუსის მერე ხველით ურთულდება“, ურთულდება ცოტა ისეთი საკითხია… შეიძლება, ჩვეულებრივად ვირუსის მიმდინარეობა იყოს, გააჩნია, გართულებაში რა იგულისხმება და გააჩნია, ეს ხველა საიდან მოდის. ვირუსის შემდგომ და ვირუსის პერიოდში ძალიან ხშირი არის ცხვირიდან უკან ჩანადენიც და შეიძლება, საერთოდაც აქედან მოდიოდეს ხველა, რაც არავითარ გართულებაზე არ მეტყველებს.
რა თქმა უნდა, ჩამოთვლილ გარემო ფაქტორებს ყველა ადამიანი უნდა მოერიდოს, რადგან სასუნთქ გზებს ყველა შემთხვევაში აღიზიანებს, უბრალოდ, ზოგთან შეიძლება ნაკლებად გამოვლინდეს, ზოგთან მეტად. ძირითადი გამოვლინება ხველაა, მაგრამ შეიძლება, სულ არ იყოს ხველა და იყოს ყელის სიმშრალე, ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე, სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი. რა თქმა უნდა, მტვერი ყველას გვაზიანებს, მაგრამ თუ მტვერზე ალერგიაა, ასეთ პაციენტს უფრო მეტად დააზიანებს და გაუმწვავებს სიმპტომებს.
კრუპი საშიში მდგომარეობაა? ის ისეთივე საშიშია, როგორიც ვიზუალურად ჩანს?
არა, რა თქმა უნდა, არა. კრუპი არის ვირუსული ეტიოლოგიის ინფექცია და ეს საშიში მდგომარეობა ნამდვილად არ არის, თუ ბავშვს რაიმე სხვა სასუნთქი გზების პათოლოგია არ აქვს, ძირითადად, ანატომიურ პათოლოგიებს ვგულისხმობ. ჯანმრთელი პაციენტების უმრავლესობისთვის ვირუსული კრუპი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, ის, უბრალოდ, ძალიან ცუდად ჟღერს და ის ხმიანობა, რაც კრუპს ახლავს, მშობლისთვის ძალიან შემაშფოთებელი და შემაშინებელია.
ის კრუპი, რისიც ძალიან ეშინოდათ იყო დიფტერიასთან ასოცირებული. საბედნიეროდ, ვაქცინაციის შემდგომ, დიფტერიას ფაქტობრივად აღარ ვხვდებით.
როგორც გითხარით, ის ვირუსული კრუპი, რომელიც დღესდღეობით ვლინდება, საშიში მდგომარეობა არ არის. ამ დროს, უბრალოდ, ბავშვი უნდა დავამშვიდოთ და ჩვენ თვითონაც არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში. ასეთ შემთხვევაში, ცივი ჰაერი ყველაზე ეფექტურია. ზამთრის პერიოდში, შეგვიძლია აივანზე გავიყვანოთ ბავშვი, თუ ზაფხულია, შეგვიძლია საყინულე ან მაცივარი გამოვაღოთ, რომ ეს ცივი ჰაერი მოხვდეს ბავშვს, რომ ეს ლორწოვანის შეშუპება, რაც ამ კრუპის სინდრომს იწვევს, შედარებით მოიხსნას. თუ პრობლემა არ მოიხსნება, რა თქმა უნდა, უნდა მიმართოთ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.
როდესაც ბავშვი მიყოლებით ახველებს, არ ჩერდება, რა შეიძლება, მოიმოქმედოს მშობელმა, მანამ, სანამ პედიატრს დაუკავშირდება, რა იქნება თქვენი რეკომენდაცია?
პირველ რიგში, მშობლები დავამშვიდოთ იმით, რომ ხველა, როგორც წესი, საშიში არ არის, მაგრამ თუ ხველას ახლავს სუნთქვის გაძნელება, სტვენითი ხმიანობა, თუ ბავშვს უჭირს ტირილი, საუბრისას ვერ აბამს წინადადებებს, ქოშინებს და ვიზუალურად ვხედავთ, რომ თითქოს, გულმკერდი, კისრის კუნთები მონაწილეობს სუნთქვაში, თუ პირის ირგვლივ, ტუჩებზე არის სილურჯე, შეცვლილი ფერი, ასეთ შემთხვევაში, არანაირად არ ველოდებით იმას, თუ როდის გვიპასუხებს ექიმი, როდის მივალთ კონსულტაციაზე და აუცილებლად, ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას და პაციენტი აუცილებლად გადაგვყავს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში.
ხველას სჭირდება მოსვენება, სითხეებით დატვირთვა. ხველას არ უყვარს მშრალი ჰაერი, ამიტომ ოთახი აუცილებლად უნდა დავატენიანოთ, ასევე ხშირად უნდა გავანიავოთ ოთახი. სველი წესით უნდა დავალაგოთ სახლი, განსაკუთრებით, თუ ბავშვს ალერგიული ხველა აქვს.
თუ ბავშვს აქვს მშრალი ხველა და თუ ის ალერგიული არ არის თაფლზე, ნამდვილად ეფექტურია რძე და თაფლი. მშრალი ხველის დროს ასევე შესაძლებელია მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია, რაც სასუნთქ გზებს დაატენიანებს და ბავშვს შედარებით შეუმსუბუქებს მდგომარეობას. მთავარია, მშობელი პანიკაში არ ჩავარდეს.