თემიკო ჭიჭინაძე და ნინო თარხან-მოურავი მყარად ინარჩუნებენ ოჯახს უკვე 34-ე წელია. მსახიობების წყვილი მიიჩნევს, რომ ოჯახის სიმყარეს ბევრი რამ განაპირობებს და აქ პროფესია ყველაზე ნაკლებ როლს თამაშობს, ერთმანეთის მსგავსი შეხედულებები ცხოვრებაზე, მეგობრობა და რაც მთავარია, სიყვარული…
ამბობენ, რომ მსახიობების წყვილებს ყველაზე მეტად უჭირთ ურთიერთობების შენარჩუნება. ეთანხმებით ამ გავრცელებულ მოსაზრებას?
ნინო:
მიმაჩნია, რომ პროფესია ოჯახის სიმყარესთან არაფერ შუაში არ არის. მსახიობების წყვილები და ოჯახები, ალბათ, უფრო ჩანს, მათ ცხოვრებას უფრო ადევნებენ თვალს, ჭორაობენ. არ მგონია, რომ რამე განსაკუთრებული იყოს მსახიობებთან. ჩვენი ქორწინება სიყვარულზეა დაფუძნებული.
თემიკო:
დროთა განმავლობაში გამომუშავდება შეხედულებების, ღირებულებების თანხვედრა. არის მეგობრობის ფაქტორიც, რომელიც ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცოლ-ქმრის ურთიერთობას. მთავარია სიყვარული და მის გარშემო იწყება შენება… თუ არაფერში თანხვედრა არ არის, არ ხარ ერთნაირ ტალღაზე, ურთიერთობების აშენება რთულია. უნდა იცოდე, სად შეანელო, სად აუჩქარო, სად დათმო და სად გაიტანო შენი პოზიცია – ნებისმიერი პროფესიის წყვილს შორის ეს არის მნიშვნელოვანი.
დათმობა ვის როგორ უწევს თქვენს წყვილში?
ნინო:
ვინ ვის როდის დაუთმო, ამის თვლა არ უნდა დაიწყოს წყვილმა. ხან შენ მოგიწევს ბევრის დათმობა და მოთმენა, ხან შენს მეორე ნახევარს. როცა ერთი გუნდის წარმომადგენელი ხარ, ეს უფრო ადვილია… თემიკო რომ მითმობს რაღაცას, თავისთვისაც აკეთებს. ვთმობთ იმისთვის, რომ ყველა იყოს კარგ ხასიათზე და მშვიდად.
პრაქტიკულ საკითხებს თქვენს ოჯახში ვინ წყვეტს, სადაც ორი ხელოვანია?
ორივე არაპრაქტიკულები ვართ, თუ ბიუჯეტის განკარგვას შეეხება ხოლმე, ჯობს, ეს თემიკომ გადაწყვიტოს…

თემიკო:
წავკისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ბევრ რამეში გავერკვიე, ვერ ვიტყვი, რომ მთლად ხელმარჯვე ოსტატი ვარ, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე.
ნინო:
რაც პანდემია დაიწყო, წავკისში ავედით და დავრჩით საცხოვრებლად. ერთხელ გაოგნებული დავრჩი, რადგან სარეცხი მანქანა თავისით შეაკეთა, მილებს შეაკეთებს ხოლმე. ყოველდღე ვსწავლობთ რაღაც ახალს (იღიმის). აღფრთოვანებული და გაოგნებული ვარ, ტაშის ღირსია ადამიანი, რომელიც სხვადასხვა სფეროში წინ და წინ მიიწევს.
რა აღმოაჩინეთ ერთმანეთში 34-წლიანი თანაცხოვრების თავზე?
თემიკო:
ნინოსაც შეუძლია ბევრი ისეთი რამის კეთება, რაც მის „კონსტიტუციაში“ არ ზის. რაც ბებია-ბაბუა გავხდით, მეტი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა. ნინო, როგორც ბებია, დიდ ზრუნვას იჩენს, უვლის შვილიშვილებს… ჩვენი შვილი ძალიან კარგი დედაა და მისი ლომის წილი, მაგრამ ნინოც ეხმარება.
ნინო:
ჩემი შვილი მენდობა, მიტოვებს ბავშვებს – ერთი სამი წლისაა, მეორე – წლის და ცხრა თვის.
ბებია-ბაბუობამაც შეცვალა, ალბათ, თქვენი ურთიერთობა და სხვა ფერები შეიტანა… ნინო როგორია, როგორც კულინარი?
თემიკო:
ნინოს აქვს გარკვეული კულინარიული მიღწევებიც. როცა ჩემი სიდედრი ცოცხალი იყო, მთლიანად ის ხელმძღვანელობდა ამ სფეროს. გამონათებები ნინოს მაშინაც ჰქონდა. თუ მუზა ეწვევა, გადასარევად ამზადებს. მის ბუნებაში არ ზის, მაგრამ აკეთებს ხოლმე.
რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში, რას ელოდებით და რა გეოცნებებათ?
ნინო:
ბევრი რამ მეოცნებება, მაგრამ არ მიყვარს ხმამაღლა საუბარი…

თემიკო:
პირველ რიგში, ვოცნებობთ იმას, რომ ჩვენი შვილიშვილების ასაკში შესვლას მოვესწროთ, როცა დამოუკიდებელ ნაბიჯებს გადადგამენ. ეს არის პირადად ჩემი სურვილი და ოცნება… წინასწარ რაღაცის განჭვრეტა ცოტა უმადური საქმეა.
34 წლის თავზე, თუ არის რომანტიკა თქვენს ურთიერთობაში?
რთულია რომანტიზმის შენარჩუნება, ყოფითი და ყოველდღიური რუტინის ფონზე, როცა ბევრი რამ გაქვს საფიქრალი და გაქვს უამრავი პასუხისმგებლობა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ჯერ კიდევ არსებობს რაღაცები. ვცდილობ და სურვილი მაქვს, რომ მეტი იყოს რომანტიზმი…
ნინო:
მაინტერესებდა, თემიკო რას იტყოდა, არ მიკითხავს არასდროს. არსებობს მომენტი, როცა გახედავ და იგრძნობ გარკვეულ აღმაფრენას… შეიძლება, ნაკლებად აქცევ ყურადღებას, მაგრამ რომანტიზმი არსებობს. მთავარია, ამის დანახვა შეგეძლოს…
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი