დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეომიმართვები, რომლებშიც მოქალაქე ნატა ვიბლიანი მასზე სისტემატურად განხორციელებულ ძალადობაზე ჰყვება – ნატა ვიბლიანის განცხადებით, 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
აღნიშნულის შესახებ ნატა ვიბლიანმა თავდაპირველად ისაუბრა ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“.
აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა.
23 ივლისს ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „მარიამ კუბლაშვილი ე.წ. ნატა ვიბლიანის საქმეზე მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დაიცავს“, მოგვიანებით კი ადვოკატმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა მან მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესების დაცვა.
ნატა ვიბლიანის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე პოდკასტში „ვეძებ“ აღნიშნავს, რომ საქმე უპრეცედენტოა და სიმართლე ნატას მხარეს არის.
„მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მომხდარიდან გასული არის 30 წელზე მეტი. ვერ გამახსენებთ ქართულ რეალობაში ვერცერთ საქმეს, როდესაც ამდენი წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება, დადგა შედეგი და ადამიანები დაისაჯნენ. ეს არის უპრეცედენტო საქმე და ძალიან რთულია რეალური სურათის ადღდგენა. ასევე რთულია რაღაც საკითხების და ფაქტების დასაბუთება. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე ადამიანს ვერ დავსჯით, გვჭირდება მტკიცებულება. საკმაოდ რთულია ამ ყველაფრის მოპოვება და გამოძიება, თუმცა ეს მოხდება იმაზე ადრე, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია. ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ სიმართლე არის ნატას მხარეს და სხვანაირად უბრალოდ წარმოდგენელია“, – საუბრობს ადვოკატი.
