მომღერალი და კომპოზიტორი, ანუკი ცქვიტინიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორ შეცვალა ბარიატრიამ მისი ყოველდღიურობა და როგორ შეიცვალა მისი სურვილები რაციონთან მიმართებით. ოპერაციის შემდგომ ერთი წელი გავიდა და ანუკიმ მთლიანობაში 34 კილოგრამი დაიკლო.
– როგორ შეიცვალა ყოველდღიურობა, რაციონი?
ანუკი ცქვიტინიძე:
– რაციონი შეიცვალა. ზუსტად ერთი წელი გავიდა ოპერაციიდან, უკვე ყველაფრის მირთმევა შემიძლია, მაგრამ სურვილები შემეცვალა. დღეს უფრო მომწონს ჯანსაღი საკვები, ბოსტნეული და ნაკლებად ცხიმიანი კერძები. ძალიან მსიამოვნებს დილის დაწყება მსუბუქი საკვებით. ზედმეტად არაჯანსაღი საკვები მთლიანად ამოვიღეთ ჩვენი ოჯახის მენიუდან. ტკბილი მაინც მიყვარს და არ ვუკრძალავ ჩემს თავს. ალბათ, სჯობს, არ მივიღო, მაგრამ მაინც ვერ ვთქვი უარი. რა თქმა უნდა, შემცირებულია ულუფები. მცირე რაოდენობაც საკმარისია. შეიძლება, ითქვას, რომ ორგანიზმი თვითონ მაკონტროლებს. ზედმეტი არ უნდა მომივიდეს, თუ მინდა, დისკომფორტმა და ტკივილის შეგრძნებამ არ შემაწუხოს.
– საერთო ჯამში, რამდენი მოიკელით წონაში?
– დაახლოებით, 34 კილოგრამი. თითქოს, ბოლო ერთ თვეში შეჩერდა კლება. ახლახან ჩამოვედით ამერიკის შეერთებული შტაბებიდან და როგორც ვიცი, აკლიმატიზაციამაც იცის კლების შეჩერება. ახლა ვნახოთ. გამიხარდება, თუ დაახლოებით 6-7 კილოგრამს კიდევ დავიკლებ. ეს აბსოლუტურად საკმარისი იქნება და სამომავლოდაც 1-2 კილოგრამის მომატება აღარ შემეშინდება (იცინის).
– ალბათ, ამ ნაბიჯმა განსაკუთრებული თვითკმაყოფილების განცდა მოიტანა.
– აუცილებლად. პირველ რიგში, სიმსუბუქე. კიბეზე თავისუფლად შემიძლია ასვლა, დისკომფორტის გარეშე, თვითმფრინავში კომფორტულად ჯდომა და ასე შემდეგ. სამოსის შერჩევის მხრივაც გამარტივდა საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე ძალიან მომწონს აკადემიური ჩაცმა, ყოველდღიურობაში კედები და ჯინსები მიყვარს, რასაც ბოლო წლებში ვეღარ ვიცმევდი ისე, როგორც მე მინდოდა. ახლა აღარ ვფიქრობ, რომ რაღაც უნდა დავფარო და თავისუფლად შემიძლია, ის ჩავიცვა, რაც მინდა (იცინის). უკვე ეკრანზეც სხვანაირად მომწონს ჩემი თავი და საერთო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ნაბიჯის გამო.
