9 დეკემბერს საზოგადოებამ მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო – მინისტრმა, რომელიც ჯანდაცვის უწყებას 2 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღით ადრე, მედიაში გაჩნდა ვარაუდები – მინისტრთა კაბინეტში შესაძლო დაპირისპირების შესახებ, რასაც არ ადასტურებდნენ არც მმართველ გუნდში და არც ზოგადად, ჯანდაცვის სექტორში, ეკატერინე ტიკარაძის ეს გადაწყვეტილება მაინც ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
მოულოდნელი აღმოჩნდა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს მისი საქმიანობის შესახებ და თქვეს, რომ პატივს სცემენ მის გადაწყვეტილებას.
ტიკარაძის მიერ თანამდებობის დატოვება პოზიტიურად შეაფასა ოპოზიციამ, იმდენად პოზიტიურად, რომ ზოგმა “ბოროტების დაჯგუფების” დატოვება მიულოცა, ზოგმაც “ადამიანობის შენარჩუნებისთვის” მადლობა გადაუხადა, მაგალითად, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ტიკარაძის არა გადადგომის, არამედ გადაყენების საკუთარ ვერსიაზე დაწერა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას, სწორედ სააკაშვილის საქმეზე შექმნილი ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა არ აპატია.
რატომ გადადგა ეკატერინე ტიკარაძე? – რა თქმა უნდა, ეს იყო პირველი კითხვა, რომელიც დაისვა შეკითხვამდე – ვინ შეცვლის ტიკარაძეს. თუ ვინ შეცვლის ტიკარაძეს, სავარაუდო ვერსიებიც მალევე გავრცელდა, რომელზეც ვრცლად აქ წაიკითხავთ.
გადადგომისა თუ გადაყენების სავარაუდო მიზეზებს შორის, მედიასაშუალებებში ორი დომინანტი ვერსია განიხილებოდა – პანდემიის წარუმატებელი მართვა და ეკატერინე ტიკარაძის ე.წ. უვადო კოვიდპასპორტებისადმი დამოკიდებულება.
მართალია, ცოტა ხნის წინ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მედიას ურჩია, მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან სკანდალური კონტექსტი არ ეძებონ, რადგან არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა დღის მთავარი თემა მაინც სწორედ ეს გადაწყვეტილებაა.
ჯანდაცვის მინისტრი გადადგა – რა თქვა ტიკარაძემ?
სამედიცინო საზოგადოებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო, პანდემიის მართვასა და სამინისტროს მიერ განხორციელებულ ეფექტიან ღონისძიებებზე ისაუბრა, შეაჯამა, ჯანდაცვის მინისტრობას დიდი პასუხისმგებლობა უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი გააკეთეს, რათა ღირსეული და სწორი ნაბიჯები გადაედგათ.
ბოლოს კი განაცხადა, რომ საქმიანობას “ქართულ ოცნებაში” გააგრძელებს და პოლიტსაბჭოს წევრი იქნება.
ეკატერინე ტიკარაძეს წასვლის მიზეზი არ განუმარტავს.
დღეს კი, როდესაც გუშინდელი განცხადების შემდეგ, მას კომენტარის გაკეთება სთხოვეს, ტიკარაძემ ჟურნალისტებს ურჩია: “ბრიფინგს მოუსმინეთ და იქ არის გაცემული პასუხი”.
მინისტრი მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტით და მინისტრი, რომელსაც თამამი რეფორმების გატარების არასდროს ეშინოდა – მმართველი გუნდის შეფასებები ეკატერინე ტიკარაძისა და მისი გადაწყვეტილების შესახებ
საკითხზე ერთ-ერთი ახალი შეფასება ეკონომიკის მინისტრს ეკუთვნის – ნათია თურნავა საკადრო გადაწყვეტილებას ჩვეულებრივ ამბავს უწოდებს:
“არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და, ზოგადად, ჩვენს მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან ნუ ეძებთ მედია სკანდალურ კონტექსტს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი”.
ტიკარაძის ბრიფინგიდან მალევე, ფაქტს გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე და თქვა, რომ მისთვის ეს მოულოდნელი იყო:
“მაგარი ქალბატონია. საკმაოდ ქმედითია. მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი ჰქონდა ყოველთვის.” – ასე შეაფასა ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის სფეროს მართვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ:
“მაგარი ქალბატონია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, აი, ამდენი ხანია, კოვიდის პირველი დღიდან. იქამდე კიდევ საკმაოდ სერიოზულ თემებს ატარებდა თავის მხრებზე. უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და ამ დროს, კოვიდი შემოვარდნილი. ამდენი მსხვერპლი, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, გადაღლილობა არის ერთ-ერთი საგანგებო მიზეზი. მე მგონია ასე, ჩემი აზრია ასე.
რაც შეეხება იმას, როგორ მოხდა? რა მოხდა? ალბათ გავა დრო და თვითონაც კარგად ილაპარაკებს. კამათიც ხდება, გუნდიდან ვიღაცის წასვლა, თუმცა, ეკა არსად არ წასულა და პოლიტსაბჭოს წევრია. საკმაოდ ქმედითია. მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი ჰქონდა ყოველთვის. არა მხოლოდ იმ სფეროში, რასაც თვითონ… საკითხების განხილვის დროს საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები გამოუთქვამს და გადაწყვეტილებაც მიღებულა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე.” – აღნიშნა ვოლსკიმ.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ეკატერინე ტიკარაძის ამ გადაწყვეტილების შესახებ არც მან იცოდა:
“გამიჭირდება საუბარი რის გამო გადადგა, თუმცა, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მინდა ეკას წარმატებები ვუსურვო. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის. პარტიაში, პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას. თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, დაველოდოთ და უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილი. როცა იქნება ცხადი და ცნობილი ვინ იქნება კანდიდატურა, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. მე არ ვიცოდი ამ გადაწყვეტილების შესახებ.” – თქვა კალაძემ.
მინისტრთა კაბინეტში რაიმე სახის დაპირისპირება უარყო დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც. კახა კუჭავამ, ტიკარაძის, როგორც მინისტრის საქმიანობაც შეაფასა და თქვა, რომ ის იყო მინისტრი, რომელსაც არასდროს ეშინოდა თამამი რეფორმების გატარების:
“იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის, მსოფლიო გამოწვევა, რომელსაც პანდემია ჰქვია და საქართველომაც ამ კუთხით განიცადა საკმაოდ მნიშვნელოვანი, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე გადაწყვეტილების მიღების ეტაპები. იყო ბევრი კმაყოფილი და ბევრი უკმაყოფილო ადამიანი. ამიტომ, თვითონ საზოგადოება შეაფასებს. ეკა ტიკარაძე ნამდვილად იყო ის ადამიანი, რომელსაც არასდროს არ ეშინოდა თამამი რეფორმების გატარება და გადაწყვეტილების მიღება.” – თქვა კუჭავამ.
გაწეული შრომისა და რეფორმებისთვის ტიკარაძეს მადლობა გადაუხადა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ზარქუამ და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად აკეთებდა მაქსიმუმს, რათა სექტორში დისციპლინა, ადამიანებზე ორიენტირებული სერვისი და ფასები ყოფილიყო.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით: “კაბინეტში ცვლილებები მუდმივად ხდება. მათ შორის პანდემიის დროს ძალიან ბევრ ქვეყანაში ბევრი მინისტრი იცვლება, ეს ჩვეულებრივი ამბავია”.
“ქართული ოცნების” დეპუტატის, გიორგი კახიანის თქმით: “ტიკარაძის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ და ამის უკან რაიმე კონფლიქტი და უთანხმოება არ უნდა დავინახოთ. ეს ჩვეულებრივი და სრულიად გასაგები გადაწყვეტილებაა, რომელიც ეკა ტიკარაძემ ხანგრძლივი მინისტრობის შემდეგ მიიღო”.
ტიკარაძეს” მადლობას უხდიან”, პანდემიის წარუმატებელ მართვაში პასუხისმგებლობას აკისრებენ, ამბობენ, რომ “უვადო პასპორტებს გადააყოლეს” – ოპოზიციის შეფასება
ერთ-ერთი პირველი, ვინც ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.
მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას, სააკაშვილის საქმეზე, ობიექტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა არ აპატია.
“მან შეუერთა თავისი ხმა ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებს. კოვიდპასპორტები იყო ბოლო წვეთი. ახლაც კარგად აჩვენებს ყველაფერს, როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანების სიცოცხლე. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს, რომ ამ რთულ სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა.” – დაწერა სააკაშვილმა.
პანდემიის წარუმატებელ მართვაზე და, ამის ფონზე, შიდა დაპირისპირებაზე ისაუბრა ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა:
“ჩვენ ვართ მერვე ადგილზე კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით, სიკვდილიანობის მაჩვენებლით – მეოთხე ადგილზე. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს, როცა ასეთი სავალალო შედეგია, ყოველდღე უამრავი ადამიანი იღუპება. როცა მთავრობა ასეთი წარუმატებელია პროცესის მართვაში, ცხადია, შიდა განხეთქილება აუცილებლად შეიქმნებოდა, რადგან წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაჰბრალდეს და როგორც ჩანს, ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა” – თქვა მან.
“ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, “ტიკარაძე თავისი ნებით კი არ უნდა მიდიოდეს, ის უნდა გადაეყენებინა სამთავრობო გუნდს და თავადაც უნდა გაჰყოლოდა უკან”.
კოალიციური მმართველობა რომ ყოფილიყო საქართველოში, ტიკარაძისნაირი კადრი ვერ დაიკავებდა ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობას, როგორიც არის ჯანდაცვის მინისტრი და იმ შემთხვევაში თუ დაიკავებდა, აქამდე საკუთარი ნებით კი არ დატოვებდა მას, კოალიციური ხელისუფლება გაუშვებდა ასეთ მინისტრს, რომელმაც ვერ მიიღო საკმარისად გაბედული და დროული ნაბიჯები სამთავრობო გუნდთან ერთად იმისთვის, რომ გადარჩენილიყო ჩვენი ათასობით თანამოქალაქის სიცოცხლე.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ ძალიან ყვიროდა მისი დუმილი იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება მას და სამთავრობო გუნდს მთლიანად 12 000 გარდაცვლილი ადამიანის გამო. მან ამაზე არაფერი თქვა და ეს დუმილი ამ საკითხზე იყო ყველაზე უფრო ხმაურიანი მისი გადადგომის განცხადებაში.” – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება ტიკარაძისთვის კრიტიკულ პერიოდში “ქართულ ოცნებასთან” ყოფნა პიროვნულად სიმშვიდის მომტანი არ იქნებოდა:
“ალბათ არ იყო მოულოდნელი ეს გადაწყვეტილება. ბოლოდროინდელი მოვლენები ამ შედეგისკენ მიდიოდა. შეიძლება სხვა რამეებიც იყოს მიზეზი და არამარტო კოვიდის თემა, მაგრამ მე მგონია, რომ ეს კარგი შვება იქნება თავად ქალბატონი ტიკარაძისთვის იმიტომ, რომ არა მგონია მისთვის ამ ძალიან კრიტიკულ პერიოდში “ქართულ ოცნებასთან” ყოფნა პიროვნულად სიმშვიდის მომტანი ყოფილიყო.
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ ეკატერინე ტიკარაძე უფრო მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობის გამო წავიდა:
“იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე მთავრობა შეიცვალა და ჯანდაცვის მინისტრი არ იცვლებოდა, მიუთითებს, რომ ეს უბრალოდ “მწვანე პასპორტის” გამო არ მოხდა. ვვარაუდობ, რომ უფრო მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა იყო გუნდში.” – თქვა და აღნიშნა, რომ “ნამდვილ მიზეზს გავიგებთ მაშინ, როდესაც ახალი მინისტრის ვინაობა გვეცოდინება”.
“არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი” – ასე გამოეხმაურა ტიკარაძის გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ზაალ უდუმაშვილი და აღნიშნა, რომ “ფაქტია, დიდი ხანია, “ქართული ოცნების” სხვადასხვა შტოს შორის დაპირისპირებაა.
კიდევ ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ფიქრობს, რომ არავითარი დაპირისპირება, პრინციპები და სხვა რაიმე არ არის და უბრალოდ ჩაითვალა, რომ ის აღნიშნულ პოსტზე საჭირო აღარ არის:
“ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა ზოგადად ნებისმიერ ქვეყანაში რაღაცა მოვლენაა, მითუმეტეს როდესაც კოვიდია და, მით უმეტეს, ისეთ გარემოში, როგორიც საქართველოშია, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე სისტემურ ჩავარდნებს გამოიწვევს. ისედაც ჩავარდნილი იყო ყველაფერი და იმ შედეგებით, რომელიც ამ წლების განმავლობაში იყო, განსაკუთრებით კოვიდთან მიმართებაში, მინისტრიც და მთავრობაც ალბათ რამდენჯერმე იყო გადასაყენებელი. ქვეყანა არ დარჩენილა მსოფლიოში, რომელსაც არ შეეცვალა ან ერთხელ ან ორჯერ ჯანდაცვის მინისტრი, იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესია ეს და ჩვენ ვხედავდით როგორ ჯიუტად ხდებოდა ყველაფრის გამართლება.” – განაცხადა წერეთელმა.
ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას გამოეხმაურა პარტია “ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე. მისივე სიტყვებით, ჯანდაცვის მინისტრი იყო ურეიტინგო ფიგურა, რომელიც უბრალოდ გამოიცვალა და მისივე განცხადებით, სისტემური ჩავარდნისთვის, ტიკარაძის საქმიანობა უნდა შეფასდეს და საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად დაეკისროს პასუხისმგებლობა.
უვადო მწვანე პასპორტები, ვაქცინაციის კამპანია, შესაძლო დაპირისპირება პრემიერ-მინისტრთან – როგორ აფასებენ ტიკარაძის გადაწყვეტილებას ექსპერტები
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის და იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი, სავარაუდოდ, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტში ვადის განსაზღვრის საკითხია.
ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის საკმაოდ მძიმე ურთიერთობა იყო. კონფლიქტის სავარაუდო მიზეზად ის კოვიდ პასპორტთან დაკავშირებულ საკითხის უკავშირებს:
“ალბათ, პირველ ეტაპზე, პრემიერმა მისი გადაყენება ვერ შეძლო, ხოლო ახლა უკვე ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ პრემიერმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და შეათანხმა იმასთან, ვინც საერთოდ მინისტრებს ნიშნავს. ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. ღარიბაშვილი ხომ მინისტრებს არ ნიშნავს.” – თქვა ძაბირაძემ.
ექსპერტი მინისტრის საქმიანობასაც აფასებს:
“3 წელი მინისტრი იყო და მოსახლეობას რომ ჰკითხო, რა რეფორმა გაატარა ტიკარაძემ ან რა შედეგი ჰქონდა მის საქმიანობას, ვერაფერს გეტყვიან. მე ვერაფერს დავასახელებ, გულწრფელად გეუბნებით. ძალიან მაინტერესებს, მისი მინისტრობის შედეგი რა იყო. რა გაუმჯობესდა მოსახლეობისთვის. თუ ვინმე ამას მეტყვის, მაშინ ვიტყვი, რომ კი ბატონო, ვცდები, თუმცა, მისი საქმიანობის წარმატება რაში მდგომარეობს არ ვიცი, მე ამას ვერ ვხედავ.” – განაცხადა ძაბირაძემ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი მთავარ პრობლემად ასახელებს იმას, რომ საკადრო გადაწყვეტილებები კონკრეტული პასუხისმგებლობის ან პროფესიული შეუსაბამობის მიხედვით არ მიიღება.
“ვერსიებზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ სახელმწიფოებრივად ამას რა მნიშვნელობა აქვს, ვის და ვის შორის რომელმა კატამ გაირბინა? მთავარი მანკიერება და მთავარი პრობლემა გახლავთ ზუსტად ის, რომ საკადრო გადაწყვეტილებები არ მიიღება კონკრეტული პასუხისმგებლობის ან პროფესიული შეუსაბამობის მიხედვით. ამ ტიპის გადაწყვეტილებები რომ მიიღებოდეს და პროფესიული ნიშნით, რომ ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, ტიკარაძე არა თუ დიდი ხნის გასათავისუფლებელი იყო, არამედ საერთოდ არ უნდა დაენიშნათ ჯანდაცვის მინისტრად.” – ამბობს ხუხაშვილი.
“ლელოს” წევრი, ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძე არა ახლა, არამედ ერთი წლის წინ უნდა გადამდგარიყო:
“მე რომ მკითხოთ, ტიკარაძე 1 წლის წინ უნდა გადამდგარიყო და არა ახლა. მაშინ უნდა წასულიყო როდესაც მეორე ტალღამ პრაქტიკულად გადაგვიარა და უამრავი მსხვერპლი გვქონდა, მეორეჯერ უნდა გადამდგარიყო, მაშინ როდესაც ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა სრულად. მაგრამ ახლა ჩემი აზრით, თვითონ არ გადამდგარა, არამედ უთხრეს, რომ უნდა წახვიდე. ეს იყო პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირების საკითხები.” – აცხადებს სურგულაძე.
კიდევ ერთი ექსპერტის, სერგო ჩიხლაძის თქმით კი, ეკატერინე ტიკარაძეს არ ჰქონია არც შესაბამისი განათლება და არც მართვის გამოცდილება:
“მგონია, რომ “ქართულ ოცნებაში”პოლიტიკურად მომწიფდა ეკატერინე ტიკარაძის გადაყენების საკითხი. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის თვითონ გადადგა, რადგან თვითონ რომ მისულიყო ამ დასკვნამდე, ჯერ კიდევ შარშან გადადგებოდა. 22 თვის განმავლობაში “მწვანე პასპორტებზე” ბევრად მნიშვნელოვანი შეცდომები, გადაცდომები და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რამაც ათასობით ადამიანი სიცოცხლე შეიწირა.” – თქვა ჩიხლაძემ და აღნიშნა, რომ “ტიკარაძე არ იყო კარგი მინისტრი და კარგი მენეჯერი”.
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ კი 2021 წლის 11 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა.